ვიდეოსპორტი

ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის 2024/2025 წლის გათამაშებაზე პირველი შეხვედრა ჩეხეთთან გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.

ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ძირითად შემადგენლობაში  იგივე ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან და ესპანეთთან შეხვედრებზე. შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნებმა“ ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან ფრედ (1:1) დაასრულეს შეხვედრა და ეს ფრე უპირატესად მეკარე გიორგი მამარდაშვილის დამსახურება იყო.

გიორგი მამარდაშვილმა არც დღევანდელ მატჩში დააღალატა თავისი გუნდი – პირველი საგოლე მომენტი მე-7 წუთზე სტუმრებმა შექმნეს, როდესაც პატრიკ შიკმა კარში თავით დაარტყა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა კარი ისევ დაიცვა.

საქართველოს ნაკრები თავიდან მეტოქის ნახევარზე პრესინგით თამაშს და ბურთის გაკონტროლებას ვერ ახერხებდა. პირველი სახიფათო შეტევა ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ წამოიწყეს მე-14 წუთზე, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა კიდევ უფრო მოუმატა აქტიურობას, ორი მწვავე შეტევა განავითარა. მათი დაგვირგვინება ჩაკვეტაძესა და გიორგი მიქაუტაძეს შეეძლოთ, მაგრამ ჩაკვეტაძის კარგი დარტყმა მეკარემ აიღო, მიქაუტაძემ კი არაზუსტად დაარტყა და ბურთი კარს ასცდა.

საქართველოს ნაკრებმა მაინც მოახერხა გოლის გატანა –  ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად კვარაცხელიამ შეასრულა და ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა.

პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი მიქაუტაძეს ისევ ჰქონდა შანსი, კვარაცხელიას წამოწყებული კონტრშეტევა გოლით დაეგვირგვინებინა, მაგრამ კვლავ არაზუსტად დაარტყა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში მოხდა ის, რასაც ცოტა ვინმე თუ ელოდა – 13-წუთიან მონაკვეთში ქართველებმა 3 გოლი გაიტანეს და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს.

„ჯვაროსნებმა“ თავიდანვე კარგად შეუტიეს, მიქაუტაძემ ჩეხების გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ჩეხმა მეკარემ შეძლო საკუთარი კარის დაცვა.

მალევე ოთარ კიტეიშვილმა წამოიწყო შეტევა, რომელიც კვარაცხელიამ გააგრძელა, ბურთი ჩაკვეტაძეს გაუყოლა, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თავადვე ზუსტად დაარტყა და ანგარიში 2:0 გახდა.

63-ე წუთზე ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევის შემდეგ ლუკა ლოჩოშვილმა საჯარიმოში ზუსტად ჩააწოდა მიქაუტაძის მისამართით, რომელმაც, პრაქტიკულად, აუღებელი ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში 3:0-მდე გაზარდა.

სამ წუთში კი საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, ქოჩორაშვილმა გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით მე-4 გოლი გაქვითა და მეტოქეს არანაირი შანსი აღარ დაუტოვა.

ჩეხებმა მაინც შეძლეს „პრესტიჟის“ გოლის გატანა – მე-80 წუთზე ლუკაშ კალვაშმა აიღო გიორგი მამარდაშვილის კარი და შეხვედრა 4:1 დასრულდა ქართველების სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 10 სექტემბერს ტირანაში გამართავს, სადაც „ჯვაროსნები“ ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close