უკვე 4 მედალი პარიზიდან – პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია!
ქართველი პარამსროლელი ვლადიმერ ჭინჭარაული 50 მეტრზე პნევმატური შაშხანიდან სროლაში (R9 კატეგორია) პარიზის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა. 42 წლის პარასპორტსმენმა ფინალში ასპარეზობისას 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.
ვლადიმერ ჭინჭარაული იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელია. იგი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, თუმცა პარალიმპიადაზე მედალი პირველად მოიპოვა.
ორ პარალიმპიურ თამაშებზე შეძლო მედლის მოგება ნინა თიბილაშვილმა და იგი ქართველ პარასპორტსმენებს შორის ამ მაჩვენებლით პირველია. თიბილაშვილი ტოკიოში ვიცე-ჩემპიონი გახდა, პარიზში კი ფრანგი მეტოქე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
პარალიმპიადის სადებიუტო დღეს 19 წლის პარატაეკვანდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოუტანა საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი – ბრინჯაო. პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ახალი მსოფლიო რეკორდის ავტორი გახდა – მან ბირთვი 9.66 მეტრზე გაისროლა და პარალიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
პარალიმპიადის ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე და ბრინჯაოს პრიზიორი ანა ჯაფარიძე უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში. გულშემატკივრებმა სპორტსმენებს აეროპორტში დაუვიწყარი დახვედრა მოუწყვეს.
პარასპორტსმენებს შორის სპორტის 22 სახეობაში შეჯიბრი 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. მომდევნო დღეებში საქართველოს სახელით კიდევ 6 მონაწილე გამოვა. სულ საქართველომ პარიზის პარალიმპიადაზე 14 სპორტსმენი წარადგინა.
ნუცა ყაველაშვილი
დაკავშირებულ თემაზე: რამდენს უხდიან პარაოლიმპიელებს მედლების მოგებისთვის?
კომენტარები