მოგზაურობატექნოლოგიებიnews

„ჭკვიანი“ საზღვრები – ვის ეხება და რას გულისხმობს შენგენის ზონაში შესვლის ახალი წესები

შენგენის ზონის გარე საზღვრების კვეთის (შესვლა/გასვლა) ავტომატური რეგისტრაციის სისტემის ამოქმედება 10 ნოემბრისთვის იგეგმება. მთავარი სიახლე არის ის, რომ პასპორტში საზღვრის კვეთის დამადასტურებელ ბეჭედს აღარ გამოიყენებენ. მესამე (ევროკავშირის არაწევრი) ქვეყნების მოქალაქეების კონტროლი სპეციალური ტერმინალის მეშვეობით განხორციელდება.

კერძოდ, 2024 წლის 10 ნოემბრიდან ევროკავშირი ავტომატურ EES (შესვლა/გასვლა) სისტემაზე გადადის, რომელიც EU-ს არარეზიდენტების საზღვრის კვეთას ციფრულად დააფიქსირებს, შედეგად, პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის საჭიროება აღარ იარსებებს.

„EES ჩაანაცვლებს პასპორტების მექანიკური დაშტამპვის ამჟამინდელ პრაქტიკას, რასაც დიდი დრო მიაქვს, ვერ უზრუნველყოფს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით სანდო ინფორმაციას და უვადოდ დამრჩენთა სისტემური იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა“, – ნათქვამია ევროპული კომისიის საიმიგრაციო და საშინაო საქმეების დეპარტამენტის განცხადებაში.

EES ავტომატური IT სისტემაა, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან უვიზოდ ან მოკლევადიანი ვიზით მოგზაურებს დაარეგისტრირებს. EU-ს საგარეო საზღვრის კვეთის თითოეულ შემთხვევაში სისტემა ავტომატურად დააფიქსირებს მგზავრის სახელს, სამოგზაურო დოკუმენტებს, ბიომეტრიულ მონაცემებს, მათ შორის, თითის ანაბეჭდებსა და ფოტოებს, აგრეთვე, საზღვრის კვეთის დროსა და ადგილს.

სისტემა იმუშავებს იმ შემთხვევაშიც, თუ მგზავრი რაიმე მიზეზით საზღვარზე არ დაიშვება.

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ავტომატური სასაზღვრო კონტროლი და თვითმომსახურების სისტემები ბლოკის მასშტაბით უსაფრთხოებას გაზრდის და მგზავრებისთვის სამოგზაურო პროცედურების დროს შეამცირებს.

სისტემას არაერთი კრიტიკოსიც ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ავტომატური რეგისტრაცია უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილდებიან (მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებსაც), მოგზაურობისას წინასწარი რეგისტრაცია მოუწევთ ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა ETIAS-ში, რომლის ამოქმედებასაც ევროკავშირი რამდენიმე წელია ავადებს. ETIAS-ი, სავარაუდოდ, EES-ის ამოქმედების შემდეგ შევა ძალაში.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: რა უნდა იცოდეთ ევროპაში წასვლის წინ 2023 წლიდან – ETIAS

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველთათვის სისტემა ETIAS-ის დანერგვა კიდევ ერთხელ გადაიდო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close