მედიცინაnews

ფილტვის კიბოს მსოფლიოში პირველი ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო – ჩაანაცვლებს ვაქცინა ქიმიოთერაპიას?

ექიმებმა ფილტვის კიბოს მსოფლიოში პირველი ვაქცინის კლინიკური კვლევა დაიწყეს. ბრიტანული „გარდიანის“ ინფორმაციით, mRNA-ს ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინა შესაძლოა ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს, რამდენადაც ის ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს.

როგორც გამოცემა წერს, ვაქცინა ადამიანის ორგანიზმს ასწავლის, როგორ უნდა მოძებნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები და, აგრეთვე, ხელს უშლის დაავადების ხელახლა განვითარებას.

BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც BNT116-ის სახელით არის ცნობილი, ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) სამკურნალოდაა, რომელიც ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ვაქცინის პირველი ფაზის კლინიკური კვლევა შვიდი ქვეყნის 34 კვლევით ცენტრში დაიწყო. ეს ქვეყნებია: აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესპანეთი, თურქეთი, პოლონეთი და უნგრეთი. მთლიანობაში 130-მდე პაციენტი, ადრეული სტადიიდან ოპერაციამდე ან რადიოთერაპიამდე, დაავადების გვიან სტადიამდე ან მორეციდივე კიბოს შემთხვევაში, ჩაერთვება ვაქცინაციაში იმუნოთერაპიის პარალელურად. მათგან დაახლოებით 20 პაციენტი დიდი ბრიტანეთიდან იქნება.

„გარდიანის“ ცნობით, ფილტვის კიბოს ვაქცინა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მსგავსად მუშაობს და ადამიანის ორგანიზმს კიბოს უჯრედების წინააღმდეგ საბრძოლველად ამზადებს. მისი მიზანია, გააძლიეროს ორგანიზმის იმუნური პასუხი კიბოზე, ხოლო ჯანმრთელი უჯრედები ხელუხლებლად დატოვოს.

როგორც სტატიაში ნათქვამი, ამ ვაქცინას არ აქვს ისეთი ტოქსიკური ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, როგორიც ქიმიოთერაპიას, რომელიც ხშირად არა მხოლოდ კიბოს უჯრედებს, არამედ ჯანმრთელ უჯრედებსაც აზიანებს.

ცნობისათვის: ფილტვის კიბო მსოფლიოში კიბოთი გარდაცვალების უპირველესი მიზეზია, ამ დაავადებით ყოველწლიურად 1,8 მლნ ადამიანი იღუპება. ფილტვის კიბოს შორსწასული ფორმების დროს პაციენტების გადარჩენის მაჩვენებლები განსაკუთრებით დაბალია.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close