კრიმინალისაქართველო

საქართველოში სპირიტუალური სექტის ლიდერები დააკავეს – ინტერპოლი ცოლ-ქმარს სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით ეძებდა

„ტანტრა-იოგას“ სკოლის წევრები, ინტერპოლით ძებნილი ცოლ-ქმარი – მიხაი და ადინა სტოიანები, რომელთაც სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის საფრანგეთში დაუსწრებლად პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებიან, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ძებნაში მყოფი რუმინელი ცოლ-ქმარი სარფის გავლით ქვეყანაში შემოსვლას 22 აგვისტოს ცდილობდა.

სექსუალურ ძალადობებზე დაფუძნებული სექტის ლიდერებზე საფრანგეთის გარდა, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული ფინეთსა და რუმინეთშიც, მათ შორის, ბავშვთა პროსტიტუციისა და გაუპატიურებების ბრალდებებით. მიხაი და ადინა სტოიანებს საფრანგეთში უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

საქართველოდან ცოლ-ქმრის ექსტრადიციის გადაწყვეტილებას ხელი საბოლოოდ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უნდა მოაწეროს.

გამოძიების მასალების თანახმად, კრიმინალური ქსელი საფრანგეთში იოგას ცენტრის საფარქვეშ მუშაობდა. ქალების სექსუალური ექსპლუატაცია, გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გაუპატიურების არაერთი ეპიზოდი – ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რისთვისაც ცოლ-ქმარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდნენ.

დაკავებულთა ადვოკატმა თამარ აბესაძემ „რუსთავი 2″-ს დაუდასტურა, რომ საქმე სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებას ეხება. მისი თქმით, საფრანგეთის პროკურატურა დაკავებულებს ახალგაზრდა ქალების მონურ პირობებში ყოფნას ედავება. საუბარია გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდზე.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ცოლ-ქმარი სტოიანები საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ. მათ საბანკო ანგარიშზე დიდი თანხა, ნახევარი მილიონი ევრო აღმოაჩნდათ. „მათ ეს თანხა საკუთარი შრომით მოიპოვეს“, – აცხადებს ადვოკატი.

თავად სექტის დამფუძნებელი გრეგორიან ბივოლარუ 2023 წლის ნოემბერში პარიზის გარეუბანში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დააკავეს – პოლიციამ იოგას ცენტრში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 26 ქალი იპოვა. მაშინ მიხაი და ადინე სტოიანებმა ფრანგული მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა შეძლეს. დაკავებული ცოლ-ქმარი გრეგორიან ბივოლარუს საკუთარ მენტორად მოიხსენიებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close