საბერძნეთში საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს – ცხელი ხაზი უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს
საქართველოს საელჩო საბერძნეთში ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო თანამემამულეებო!
ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:
საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან.
ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონებს ცხელი ხაზი (+306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.
საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებგვერდებზე.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.
აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166.
საელჩო, თავის მხრივ, საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას!
შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში ხანძარი გუშინდელი დღიდან სხვადასხვა მიმართულებით უკონტროლოდ მძვინვარებს. ვარნავაში კვირას, შუადღისას გაჩენილი ტყის ხანძრის კვამლი 300 კილომეტრზე მეტ მანძილზე გავრცელდა და სპარტამდე მიაღწია, რის შესახებაც მეტეოროლოგიური სამსახური იტყობინება და რუკას აქვეყნებს.
ჰაერის ცუდი ხარისხი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას სქელი კვამლის გამო, რომელმაც ატიკა დაფარა. IQAIR-ის სადგურის ცნობით, განსაკუთრებით დაბინძურებულია ვრილისიის, ქოლარგოსის, გლიფადისა და მარათონის რაიონები. მედიკოსები მოუწოდებენ რესპირატორული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ასევე თავი აარიდონ ღია სივრცეებში აქტიურობას.
#Πυρκαγιά #Βαρνάβας
Η καταγραφή της πολύ κακής ποιότητας του ατμοσφαιρικό αέρα εξ αιτίας των καπνών της πυρκαγιάς που ξεκίνησε στου Βαρνάβα. Οι ενδείξεις προέρχονται από τους σταθμούς μέτρησης της ρύπανσης στην Αγία Παρασκευή, τη Γλυφάδα και τη Βουλιαγμένη. pic.twitter.com/DikTjIgK4q— PROMETHEUS Team – Disaster Intelligence (@PROMETHEUSTeam1) August 11, 2024
კვირას ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვარნავის რაიონში გაჩენილი ხანძარი საბერძნეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე პენტელის მთაზე გავრცელდა, რის გამოც მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია გახდა საჭირო.
ხანძრის ჩაქრობაში 560 მეხანძრე, 177 მანქანა, 17 თვითმფრინავი და 15 ვერტმფრენი მონაწილეობს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები