ეკონომიკასაქართველო

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიურ ჰაბი გაიხსნება – ცნობილია, როდის ამოქმედდება IT ქალაქი

წელიწადზე მეტი გავიდა, რაც მთავრობამ დააანონსა, რომ ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი მოეწყობოდა.

გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულია – მთავრობის 1-ლი აგვისტოს განკარგულების თანახმად, 2025 წელს აქ მულტიფუნქციური თანამედროვე ტექნოლოგიური ქალაქი ამოქმედდება, რომელიც IT სექტორში მომუშავე ძალიან ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას მოუყრის თავს.

GITA-მ ჰაბის გახსნისთვის საჭირო საქონელი, მომსახურება და სამუშაოები 2024 -2025 წლების განმავლობაში უნდა შეიძინოს, რისთვისაც 2024 წელს ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 3 მლნ ლარი უნდა მოიძიოს. 2025 წელს კი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა 2025 წლის ბიუჯეტში ჰაბის მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში 9 მლნ ლარი უნდა გაითვალისწინონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობა პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად ჯამურად 12 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შუშის კონსტრუქციაში მოქცეული შენობის აშენება 326 მილიონზე მეტი დაჯდა. ამბობდნენ, რომ ზაფხულში შუშის კონსტრუქცია სათბურს ემსგავსებოდა და შენობა აუტანლად ხურდებოდა. ამის პასუხად სააკაშვილმა, რომლის პრეზიდენტობის დროსაც ის აშენდა, რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა: „მე მწამს შუშის შენობების. მე მჯერა გამჭვირვალობის. მჯერა საზოგადოებრივი კონტროლის“.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პროექტი ტრაგიკულად დაიწყო. შენობისთვის ადგილის გასათავისუფლებლად ფაშიზმზე გამარჯვების 46-მეტრიანი მემორიალი ააფეთქეს. აფეთქების დროს ბეტონის ნამსხვრევებმა დედას და მისი 11 წლის გოგონა იმსხვერპლა.

საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში, რუსთაველის გამზირის 8 ნომერში 2012 წლის ოქტომბერში დაბრუნდა. 2018 წელს მთავრობა შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემას აპირებდა, ხოლო 2019 წელს ულტრათანამედროვე შენობა გასაყიდად გამოიტანეს, თუმცა მისი შეძენის მსურველი არ გამოჩენილა.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ტიციან ტაბიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო ნიკოლაძეც „აპროტესტებენ“

ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ტიციან ტაბიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო ნიკოლაძეც „აპროტესტებენ“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close