ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ტიციან ტაბიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო ნიკოლაძეც „აპროტესტებენ“

კვირას, 10 მარტს დილით ქუთაისელებს ქალაქის ქუჩებში დახვდათ პოსტერები, რომლებზეც გამოსახულნი არიან ტიციან ტაბიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ნიკო მარი, დავით კაკაბაძე და მელიტონ ბალანჩივაძე – ისინი საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დატოვებას „მოითხოვენ“. შთამბეჭდავი პოსტერების ავტორი მხატვარი ლევან ვეკუაა.

მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ წევრების თქმით, ეს პოსტერები იმ აქცია-პერფორმანსის ერთ-ერთი სიმბოლური ნაწილია, რომელიც 12 მარტს ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება. ღონისძიება 13 საათზე დაიწყება და მხატვრები თავიანთი ნამუშევრებით, მოქალაქეებთან ერთად, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გააპროტესტებენ.

ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი აღარ არის. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საგაზაფხულო სესია 2019 წლის 5 თებერვალს თბილისში მდებარე სასახლეში დაიწყო და 2019 წლის საგაზაფხულო სესიები უკვე სრულად თბილისში ჩატარდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ამით შესაძლებელი გახდება შემცირდეს ხარჯები და პარლამენტს მუშაობა გაუადვილდეს.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, „ქართული ოცნების“ დეპუტატების განმარტებით, გამოთავისუფლებულ სივრცეს შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენებს.

ნინო ხოშტარია

ფოტოები ლევან ვეკუას ფეისბუქგვერდიდან
კომენტარები