გარდაიცვალა თენგიზ ცერცვაძე

76 წლის ასაკში გარდაიცვალა იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე. ახლობლების ინფორმაციით, იგი ბოლო დროს ავადმყოფობდა.
თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოში აივ/შიდსის საწინააღმდეგო სამსახურის ფუძემდებელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპაში; ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და განმახორციელებელი (ამ პროგრამით უკვე განიკურნა 81 ათასზე მეტი ავადმყოფი); ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.
თენგიზ ცერცვაძის გამორჩეული თვისება და ცხოვრებისეული კრედო იყო პაციენტების უანგარო დახმარება.
2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად, იგი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
თენგიზ ცერცვაძეს 2021 წლის ივნისში „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ“ „საუკუნის ექიმის“ ტიტული მიანიჭა.
კომენტარები