საქართველოსპორტი

„ოქროს ბუცი“ ჩვენია! – 23 წლის გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო ბომბარდირი გახდა ხუთ ფეხბურთელთან ერთად

გიორგი მიქაუტაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში კი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ფურცელი ჩაწერა.

როგორც ცნობილია, UEFA-მ რეგლამენტში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ევროპის ჩემპიონატზე „ოქროს ბუცს“ თანაბარი გოლების მქონე ყველა საუკეთესო ბომბარდირი მიიღებს.

კერძოდ, ყველაზე მეტი, სამ-სამი გოლი გატანილი აქვთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს გიორგი მიქაუტაძეს, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ჯამალ მუსიალას, ინგლისელთა ფორვარდს ჰარი კეინს, ჰოლანდიელ ფეხბურთელს კოდი გაპკოს, ესპანეთის შემტევ ნახევარმცველს დანი ოლმოს და სლოვაკეთის ნაკრების თავდამსხმელ ივან შრანცს.

ქართველის (და სხვა „სამგოლიანების“) გადასწრების შანსი ფინალში ინგლისის ნაკრების კაპიტანს ჰარი კეინსა და ესპანელთა შემტევს დანი ოლმოს ჰქონდათ, თუმც თამაში ისე დასრულდა, მათ გოლი ვერ გაიტანეს.

აქამდე მოქმედი წესებით, როდესაც მოთამაშეებს თანაბარი გოლების რაოდენობა უგროვდებოდათ, „ოქროს ბუცის“ მფლობელს სხვა კრიტერიუმებით არჩევდნენ. მაგალითად, 23 წლის ქართველმა ორი გოლი პენალტით გაიტანა, ამ შემთხვევაში უპირატესობა იმ მოთამაშეს მიენიჭებოდა, რომელსაც მეტი გოლი ჰქონდა გატანილი უშუალოდ სათამაშო ეპიზოდიდან.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონიალს გიორგი მიქაუტაძე ვერ დაესწრო. მიზეზზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ნიკა კვეკვესკირმა მიანიშნა და აღნიშნა, რომ მალე გიორგი ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის x-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) წერს, რომ თავდამსხმელ ჟორჟ მიქაუტაძის „მონაკოში“ გადასვლის ყველა დეტალი შეთანხმებულია. მისი ინფორმაციით, „მონაკო“ და „მეცი“ 25 მილიონ ევროზე მორიგდნენ. როდესაც ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, მიქაუტაძის ტრანსფერი იქნება ყველაზე ძვირად ღირებული მათ შორის, რაც კი ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით განხორციელებულა.

ჯერჯერობით რეკორდსმენი კახა კალაძეა, რომელშიც 2001 წლის იანვარში მილანის „მილანმა“ კიევის „დინამოს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close