კრიმინალიმსოფლიო

საიდუმლო ქირურგიული კლინიკები, სადაც კრიმინალებს გარეგნობის შეცვლას სთავაზობენ

ხელისუფლების ინფორმაციით, ფილიპინებში იატაკქვეშა კლინიკები კრიმინალებს, ძებნილებსა და თაღლითური ორგანიზაციების თანამშრომლებს სახის შეცვლის პლასტიკურ ოპერაციებს სთავაზობენ, რათა ისინი მართლმსაჯულებას დაუსხლტნენ და სასჯელს გაექცნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უახლოეს რამდენიმე კვირაში ასეთი იატაკქვეშა ორი კლინიკის დახურვა იგეგმება მას შემდეგ, რაც პოლიციამ მაისში მანილის სამხრეთ გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ასეთ კლინიკაში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ „ბიბისის“ პოლიციის თანამშრომელმა აცნობა.

2 თვის წინ ქალაქ პასაის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია თმის გადანერგვის ინსტრუმენტები, კბილის იმპლანტები და კანის გასაღიავებელი პრეპარატები. „მათი საშუალებით შესაძლებელია სრულიად ახალი ადამიანის შექმნა“, – განაცხადა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საპრეზიდენტო კომისიის თავმჯდომარემ უინსტონ ჯონ კასიომ.

ხელისუფლების ინფორმაციით, დაკვირვების ქვეშ მყოფი ორი არალეგალური საავადმყოფო 4-ჯერ დიდია, ვიდრე პასაის ერთი კლინიკა.

მათ კლიენტებს შორის, სავარაუდოდ, არიან ონლაინ კაზინოების წარმომადგენლები, რომლებიც ფილიპინებზე არალეგალურად მუშაობენ.

ონლაინ კაზინოები (ანუ Pogos /Philippine Online Gaming Operations) ემსახურებიან კლიენტებს ჩინეთის კონტინენტური ნაწილიდან, სადაც აზარტულ თამაშებს კანონი კრძალავს.

პოლიცია კი ირწმუნება, რომ Pogos-s შეფარულად გამოიყენებოდა კრიმინალური საქმიანობისთვის, როგორიცაა სატელეფონო თაღლითობა და ადამიანებით ვაჭრობა.

პასაიში ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს სამი ექიმი – ორი ვიეტნამიდან და ერთი ჩინეთიდან. ასევე, ჩინელი ფარმაცევტი და ვიეტნამელი მედდა. დაკავებულთაგან არცერთს არ ჰქონდა ფილიპინებში მუშაობის ლიცენზია.

ჩხრეკისას, ასევე, აღმოაჩინეს ჰემოდიალიზის აპარატი, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ დაწესებულება, რომელიც დაახლოებით 400 კვ. მ-ია, პლასტიკური ქირურგიის გარდა, სხვადასხვა სამედიცინო მკურნალობას სთავაზობდა კლიენტებს.

„ისინი გარეგნულად ჩვეულებრივ კლინიკებს ჰგვანან, მაგრამ როგორც კი შეხვალთ, შოკირებული იქნებით იმ ტექნოლოგიით, რაც აქვთ“, – აღნიშნა კასიომ.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close