ვიდეოსპორტი

რაგბის U20 მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველომ იტალია დაამარცხა და ბონუსქულა მოიპოვა, თუმცა…

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის მესამე მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა, 4 ლელო დადო, ბონუსქულა მოიპოვა და მეტოქე  ანგარიშით 28:17 დაამარცხა.

პირველ ორ ტურში წაგების შემდეგ ქართველ მორაგბეებს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად იტალიელების დამარცხებასთან ერთად ბონუსქულის მოპოვებაც სჭირდებოდათ (ჯგუფის სხვა მატჩის სასურველ შედეგთან ერთად).

იტალიელები შეხვედრის დასაწყისში დაწინაურდნენ, მაგრამ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მალე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება – მიხეილ ხახუბიას მიერ დადებული ლელო ლუკა ცირეკიძემ ზუსტად გარდასახა, ტაიმის ბოლოსკენ კი იტალიელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და ქართველმა მორაგბეებმა შეხვედრის პირველი ნახევარი 14:10 მოიგეს.

მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს, მთელი ძალებით უტევდნენ, რამაც შედეგიც მოიტანა – 61-ე წუთზე ხაინდრავამ ლელო ძელებს შორის დადო, ცირეკიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 21:10 გახდა.

მეოთხე ლელოს ავტორი კი მიხეილ ყაჩლავაშვილია – მან თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე იმარჯვა და საქართველოს ნაკრებს ბონუსქულა მოუტანა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ იტალიასთან შეხვედრაში მიზანს მიაღწიეს –  გამარჯვება და ბონუსქულა მოიპოვეს, თუმცა მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად ისინი სხვა თამაშის შედეგზეც იყვნენ დამოკიდებულები: ამისათვის C ჯგუფში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ინგლისთან ისე უნდა დამარცხებულიყო, რომ ბონუსქულის აღება ვერ მოეხერხებინა.

ჩვენდა სამწუხაროდ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ინგლისთან მატჩში ბონუსქულის მოპოვება შეძლო და მეხუთე ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას, საქართველოს ნაკრები კი მეცხრე ადგილის მოპოვებას შეეცდება.

მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში 14 ივლისს საქართველოს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს იტალია და ესპანეთი შეხვდებიან. ნახევარფინალების გამარჯვებულები მეცხრე ადგილს მოსაპოვებლად ფინალში ითამაშებენ, დამარცხებულები კი ელიტაში დარჩენისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close