მესტიელი კესო იოსელიანი მკლავჭიდში ამერიკის ჩემპიონი გახდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში CNY Arm Wrestlers-ის მკლავჭიდის ჩემპიონატის გამარჯვებული კესო იოსელიანი გახდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახიდან.
იგი ორივე ხელით ასპარეზობდა 80 კგ წონით კატეგორიაში და ჩემპიონის ტიტულის გარდა, კიდევ 4 პრიზი მოიპოვა.
კესო იოსელიანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ამ სპორტით მაშინ დაინტერესდა, როდესაც მისი ოჯახის წევრის თამაშს დაესწრო. ამის შემდეგ ამერიკაში მოუწია წასვლა და ძალიან მწირი პრაქტიკული გამოცდილების მიუხედავად აშშ-ის ტურნირში მონაწილეობას არ შეუშინდა.
„საქართველოში ჩემი უმცროსი და არის დაკავებული ამ სპორტით. ცოტა ხნით ადრე, სანამ ამერიკაში წამოვიდოდი, მის რამდენიმე ვარჯიშს დავესწარი და მეც დავინტერესდი. შემდეგ უკვე ამერიკაში მომიწია მალევე წამოსვლა და გადავწყვიტე, პირდაპირ შეჯიბრში მიმეღო მონაწილეობა. არ მივარჯიშია, არც ტექნიკა ვიცი. მიღებული შედეგის ფონზე ვაპირებ დავიწყო მკლავჭიდში ვარჯიში, ავიყვანო მწვრთნელი და აღნიშნული სპორტის სახეობა ჩემი ცხოვრების წესად ვაქციო“, – თქვა კესომ.
იგი ამბობს, რომ სურს საკუთარი საქმით საქართველოს წარმატებაში წვლილი შეიტანოს.
კომენტარები