მაისში იტალიიდან ყველაზე მეტი ფული გადმორიცხეს – TOP-10 ქვეყანა ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 284.3 მლნ აშშ დოლარი (772.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 27.1%-ით ნაკლებია 2023 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 16.93% იტალიაზე მოდის – 48.12 მილიონი დოლარი, რაც 7.74%-ით მეტია 2023 წლის მაისთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა „ლიდერის პოზიცია“ „დათმო“ და პირველ ადგილზე იტალიამ გადაინაცვლა. შესაბამისად, რუსეთის ფედერაცია მეორე ადგილზეა – ოკუპანტი სახელმწიფოდან საქართველოში გასულ თვეში 48.11 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69.5%-ით ნაკლებია.
ეროვნული ბანკის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობით მესამე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (16.61%) – 47.22 მილიონი აშშ დოლარით.
TOP-10 ქვეყანა, საიდანაც 2024 წლის მაისში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- იტალია – $48.12 მლნ;
- რუსეთის ფედერაცია – $48.11 მლნ;
- აშშ – $47.22 მლნ;
- საბერძნეთი – $22 მლნ;
- ისრაელი – $21.78 მლნ;
- გერმანია – $21.73 მლნ;
- ყაზახეთი – $11.34 მლნ;
- თურქეთი – $8.63 მლნ;
- ესპანეთი – $5.64 მლნ;
- ირლანდია – $5.32 მლნ.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 96.9% მოდიოდა.
ამავე წყაროს ცნობით, 2024 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.1 მლნ აშშ დოლარი (81.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის მაისის (31.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.5%-ით ნაკლებია.
კომენტარები