ათენის სიახლოვეს ტყის ხანძრებს ებრძვიან, თურქეთს ძლიერი სითბური ტალღა დაატყდა თავს (ვიდეო)
საბერძნეთში, ათენის მახლობლად ტყის ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა.
დიდი ძალისხმევის შედეგად მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს კოროპისა და კიტსის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლმა საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია და რამდენიმე ეზო მოიცვა.
ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობდა ხელს. ხანძრის ზონებიდან ადგილობრივი მოსახლეობა გაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მანამდე, დილის საათებში ხანძარი სამ დასახლებულ პუნქტთან გაჩნდა – მარკოპულოსთან, კარისტოსთან ევიაზე (ევბეა) და კუნძულ ნაქსოსზე. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს. ნაქსოსში დაუდევრობით ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს.
კარისტოსში 62 მეხანძრე და 21 ავტომანქანა იყო მობილიზებული, ცეცხლის ლიკვიდაციაში მეხანძრეებს ჰაერიდან 2 ვერტმფრენი ეხმარებოდა. ოპერაციაში მოხალისეებიც მონაწილეობდნენ.
მარკოპულო-მესოგიასში, სუპერმარკეტთან ახლოს, ცეცხლი გამხმარ ბალახს და ბუჩქებს მოედო. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა მის სიახლოვეს საცხოვრებელი სახლები დაიწვა. ხანძარს მარკოპულოში 65 მეხანძრე ებრძოდა 23 ავტომობილით და ჰაერიდან – ერთი ვერტმფრენით.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა აეროპორტის გზაზე, ვარის-კოროლის გზის ნაპირას, გამხმარ ბალახზე, ნავების სადგომზე. ხანძრის კერის სიახლოვეს რამდენიმე ქარხანა და საცხოვრებელი სახლი მდებარეობს. შემთხვევის ადგილას 16 სახანძრო მანქანა გაემგზავრა 32 მეხანძრესთან ერთად, აგრეთვე, 2 თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი.
20 ივნისს, კლიმატის და მოქალაქეთა დაცვის სამინისტროს სახანძრო საფრთხის რუკის თანახმად, გაზრდილია ხანძრების გაჩენის რისკი, ამიტომ სახანძრო ბრიგადები მთელი ქვეყნის მასშტაბით საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილნი.
დღეს, შუადღისას ხანძარი გაჩნდა პატრის რაიონ კოკინოს მილოსში (Κόκκινος Μύλος), საცხოვრებელ მასივთან ახლოს. ადგილზე მუშაობს სახანძრო რაზმი – 24 მეხანძრე-მაშველი 9 ერთეულ ტექნიკასთან ერთად, ΜΕΤΠΕ-ს ერთი ბრიგადა და 2 ვერტმფრენი. დაახლოებით 5-ის ნახევრის შემდეგ მენიდის რამდენიმე ქუჩაზე აღდგა მოძრაობა, რომელიც დროებით შეჩერებული იყო სახანძრო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
#Πυρκαγιά σε χαμηλή βλάστηση πλησίον της οδού Κλεισούρας στο Μενίδι Αττικής. Κινητοποιήθηκαν επίγειες και εναέριες δυνάμεις
— Πυροσβεστικό Σώμα (@pyrosvestiki) June 20, 2024
ანომალიური ტემპერატურაა თურქეთშიც, ქვეყანას ძლიერი სითბური ტალღა დაატყდა თავს. ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. ტენიანობა, ისევე როგორც ტემპერატურა, სეზონის საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს. ადგილობრივი მოსახლეობა ზღვის სანაპიროებზე ცდილობს გაგრილებას.
ძლიერი სიცხეა უნგრეთშიც. ქვეყნის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა სიცხესთან დაკავშირებული გაფრთხილების უმაღლესი, მესამე დონე გამოაცხადა, რომელიც მთელ ქვეყანაში ძალაში შევიდა 20 ივნისის შუაღამიდან და შაბათამდე გაგრძელდება.
ექსპერტები მოქალაქეებს ურჩევენ, მიიღონ ბევრი სითხე, განსაკუთრებით კი – წყალი. ისინი 20 ივნისს რეკორდულად მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.
ნინო ბაჯელიძე
დაკავშირებულ თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს
კომენტარები