ევროკავშირში ყველა ახალ მსუბუქ ავტომობილს, მსუბუქ სატვირთოსა და ფურგონს ამიერიდან „შავი ყუთები“ ექნება, რათა ავარიის შემთხვევაში სპეციალისტებმა ზუსტად დაადგინონ მისი გამომწვევი მიზეზები.
„შავი ყუთი“ შეინახავს ავარიის შესახებ ინფორმაციას, რომელიც შეჯახებამდე და შეჯახების შემდეგ, მაშინვე ჩაიწერება. კერძოდ, „შავ ყუთში“თავმოყრილი იქნება ავტომობილის სიჩქარის, ძრავას მუშაობის პარამეტრების, გაზის ან სამუხრუჭე სატერფულზე დაჭერის ძალის, საჭის მოხვევის კუთხის, უსაფრთხოების სისტემების აქტივობისა და „აირბაგის“ ამოქმედების დროის შესახებ მონაცემები.
ხმის ჩაწერა, როგორც ეს თვითმფრინავის „შავ ყუთში“ ხდება, გათვალისწინებული არ არის. მოწყობილობა, ასევე, არ იქნება დაკავშირებული არცერთ დისტანციურ სისტემასთან და მონაცემების წაკითხვა მხოლოდ მანქანიდან „შავი ყუთის“ ამოღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ავტომობილში „შავი ყუთის“ სავალდებულო არსებობის შესახებ რეგულაცია ძალაში 2024 წლის ივლისიდან შევა.
კომენტარები