რომის პაპი წმინდანად რაცხავს იტალიელ ბიჭს, რომელმაც „ღვთის გავლენის აგენტის“ მეტსახელი დაიმსახურა
რომის პაპმა ფრანცისკემ გამოსცა რამდენიმე დეკრეტი, რომელთა საფუძველზე კარლო აკუტისი წმინდანად შეირაცხება. იტალიელი ახალგაზრდა, რომელიც 2006 წელს სულ რაღაც 15 წლის ასაკში გარდაიცვალა, მალე კათოლიკური ეკლესიის პირველი წმინდანი გახდება ამ ათასწლეულში. მან ეს პატივი გაჭირვებულებისთვის თავდაუზოგავი სამსახურის გაწევისთვის, ასევე იმის გამო დაიმსახურა, რომ ინტერნეტსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ღვთის რწმენას მისთვისაც კი უჩვეულო მონდომებით ავრცელებდა.
„მან თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობა ოჯახურ გარემოში, სკოლასა და ბავშვურ თამაშებში გაატარა. შემდეგ კი ღვთის რწმენით იცხოვრა, რომელიც მასში თანდათან იზრდებოდა, ვიდრე, ბოლოს, მწვერვალს არ მიაღწია“, – ამბობს ასიზის ეპისკოპოსი, დომენიკო სორენტინო.
კარლო აკუტისმა „ღვთის გავლენის აგენტის“ მეტსახელი დაიმსახურა, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭის ძალა მისი ასიათასობით ინტერნეტ-გამომწერიდან ნამდვილად არ მოდიოდა. პირიქით, კარლომ თანაგრძნობა ყოველდღიური პირადი მსხვერპლით მოიპოვა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მილანის დასავლეთით მდებარე ტერენგოში, მის დაკრძალვაზე, მასთან გამოსამშვიდობებლად ბევრი ღარიბი და უსახლკარო ადამიანი მივიდა. შესაძლოა, ისინი კარლოს ინტერნეტიდან კი არა, მხოლოდ პირადი შეხვედრებიდან იცნობდნენ, როდესაც აკუტისი მათ საკვებს და პირველადი მოხმარების ნივთებს უზიარებდა.
„ჩვენი მიზანი მარადიულია და არა სასრული. ჩვენი სახლი მარადიულობაა. ღვთის სასუფეველში ჩვენ უხსოვარი დროიდან გველოდებიან“, – ამბობდა კარლო აკუტისი, სანამ ცოცხალი იყო.
ეკლესია თვალს ადევნებდა იეზუიტთა ლიცეუმის სტუდენტისა და ნიჭიერი პროგრამისტის საქმიანობას, რომელიც მისი ასაკისთვის არადამახასიათებელი მონდომებით ცდილობდა კათოლიკური სარწმუნოებისა და საეკლესიო საიდუმლოებების პროპაგანდას და ონლაინ-სივრცეში იმ სასწაულების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციებს, რომლებიც მესიისთვის მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებულ ევქარისტიის აღნიშვნას შეეხებოდა. „ის ძალიან ჭკვიანი, ჩვენი დროის ბიჭი იყო, რომელსაც ინტერნეტი უყვარდა. როგორც ყველა ახალგაზრდა, ისიც ტვიტის სისწრაფით საუბრობდა“, – იხსენებს ეპისკოპოსი სორენტინო.
სიკვდილი და კანონიზება
აკუტისის ახლობლების თქმით, ცხოვრების მოულოდნელი დასასრულის ფონზე, მოზარდმა საოცარი სიმშვიდის შენარჩუნება მოახერხა. როდესაც 2006 წლის 8 ოქტომბერს, ექიმებმა მას ლეიკემიის უკიდურესად აგრესიული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს, კარლოს მხოლოდ ოთხი დღის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი სურვილი იყო, რომ ასიზში, წმინდა ფრანცისკეს სამშობლოში დაკრძალულიყო. მისი სურვილი მხოლოდ მოგვიანებით შესრულდა. ამიტომ, გადასვენების დროს ექსჰუმაციის ჩატარება გახდა საჭირო, რომლის დროსაც სამარიდან თითქმის ხელუხლებელი ცხედარი ამოიღეს.
2019 წლიდან, ის სანტა-მარია-მაჯორეს ეკლესიაში, ნახევრად ღია სარკოფაგში ასვენია. „ყველას სამაგალითოდ მიაჩნია ეს ბიჭი. ის რაღაც არაჩვეულებრივი და მშვენიერია, ამიტომაც მოვდივარ აქ“, – ამბობს არგენტინელი მომლოცველი.
ჯერ კიდევ 2020 წელს, მის ბეატიფიკაციამდე დიდი ხნით ადრე, მორწმუნეებმა, მათთვის რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, კარლო აკუტისის საფლავთან მის მიმართ ლოცვების აღვლენა დაიწყეს. ამ დროის განმავლობაში, ვატიკანმა დააფიქსირა ასეთი ლოცვების შემდეგ არაჩვეულებრივი განკურნების ფაქტები, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პაპი ფრანცისკე მის კანონიზებაზე დათანხმდა.
კომენტარები