როგორ შეიქმნა საქართველოს ჰიმნი – უცნობი ისტორიები (ვიდეო)
როგორ შეიქმნა საქართველოს ჰიმნი – ამ თემაზე საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორმა, პოეტმა დათო მაღრაძემ „შაბათ-კვირის დილის“ ეთერში ისაუბრა.
„ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვიყავი, რომ შემდგარიყო ჰერალდიკის დამდგენი კომისია საქართველოში. [ედუარდ] შევარდნაძე თავიდან არ იყო დიდი ენთუზიაზმით განწყობილი, მაგრამ მერე ეტყობა გადააფასა და გამოსცა ბრძანება, რომ შედგეს კომისია.
კომისიაში ისტორიკოსებმა ცხარე კამათებით ბოლოს დაადგინეს გერბიც, დროშაც და ეს ყველაფერი ჰიმნამდე მივიდა. გამოცხადდა მელოდიაზე კონკურსი (ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ხდება) და გაიმარჯვა ბატონი სოსო კეჭაყმაძის მელოდიამ.
ამ დროს მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და დარჩა გამარჯვებული მელოდია ტექსტის გარეშე.
შემდეგ ტექსტზე გამოცხადდა კონკურსი. მე საჰიმნო ტექსტი უნდა შემედგინა. მანამდე შევისწავლე ყველა ქვეყნის ჰიმნი. ვიფიქრე, რომ ჩვენი გენერაციით არ უნდა დაწყებულიყო საჰიმნო ტექსტი და კლასიკაში დავიწყე ძიება. მერე გამახსენდა ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი – „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ და ვიფიქრე, რა ეხმიანებოდა ამას ქართულ პოეზიაში. წავაწყდი ამ ფიქრში აკაკის სტრიქონებს. თუ შეიძლება ერთი სტრიქონით ითქვას ვაჟას განზრახვაზე, კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის წერილის სულისკვეთებაზე, ეს არის ამ სტრიქონებით გამოხატული – ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა“, – აცხადებს დათო მაღრაძე.
120 ბავშვის წკრიალა ხმა ზეცამდე აღწევს – საქართველოს ჰიმნი ბავშვთა კაპელის შესრულებით (ვიდეო)
120 ბავშვის წკრიალა ხმა ზეცამდე აღწევს – საქართველოს ჰიმნი ბავშვთა კაპელის შესრულებით (ვიდეო)
კომენტარები