აშშ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას და „შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს“ განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიულ სვლას შეწყვეტს – POLITICO
თუ საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკუსვლას შეაჩერებს, მაშინ აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთვის „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გახსნაზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე.
კანონპროექტის თანახმად, კონგრესი, აგრეთვე, დაავალებს ოფიციალურ პირებს, შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემა რუსეთის აგრესიისგან საკუთარი ტერიტორიის დასაცავად.
თუმცა პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით, რაც დადასტურდება, სულ მცირე, არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი“.
კომენტარები