პოლიტიკასაქართველო

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირვალობის შე­სა­ხებ“, პროტესტი გრძელდება – რა იქნება შემდეგ?

დღეს, 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული და ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა, მათგან კანონპროექტს ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 30, 2-მა თავი შეიკავა. ამით საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტს ხელმოსაწერად ათი დღის ვადაში გაუგზავნის. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.  კონსტიტუციით დადგენილი არ არის, რამდენ ხანში უნდა განიხილოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ თუ წარმოდგენილი იქნება კონკრეტული, სამართლებრივი შენიშვნები, მმართველი გუნდი მზადაა დაიწყოს მსჯელობა და ღიაა ვეტოს ფარგლებში დისკუსიებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მაგრამ , მაგრამ „არცერთ მანიპულაციაში“ არ შევა და არ დაიწყებს „თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს“. მისივე თქმით, პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.

კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის პარალელურად პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“

კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ ითვალისწინებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი  უცხოეთიდან არის მიღებული. დოკუმენტის თანახმად, ყველა ორგანიზაცია, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოიაზრება, სავალდებულო წესით უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტს აქვს უკუქცევითი ძალა და ის 2023 წლის დეკლარაციის შევსებასაც ავალდებულებს ე. წ. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციებს.

კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს ანიჭებს  უფლებამოსილებას, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. განხილვის პროცესში ტერმინი „სათანადო მინიშნება“ შეიცვალა და მის ნაცვლად „სათანადო ინფორმაცია“ ჩაიწერა.

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს „შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე“, მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, თუმცა ეს სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: თუ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდა – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

რამდენიმე დემონსტრანტმა პარლამენტთან აღმართული თუნუქის ჯებირი ნაწილობრივ გაჭრა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია „გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“ და , რომ „სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ პარლამენტთან არაერთი ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავა, მათ შორის, ლაზარე გრიგორიადისიც, რომელსაც ცოტა ხნის წინ სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 13 პირია დაკავებული.

კანონპროექტის მესამე, საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, 14 მაისის 17:00 სთ-იდან პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა გაურკვეველი ვადით, გაუქმებამდე.

უსაფრთხოების წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.

კანონპროექტის მიღებას განცხადებით გამოეხმაურა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, რომელშიც გამოთქმულია წუხილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო.

„კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება“, – წერია განცხადებაში.

კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს – ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას კანონპროექტზე, რომელიც არ შეესაბამება დასავლურ ღირებულებებს და პრინციპებს და რომ ის შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და საქართველოს დააშორებს ნატოსაც. „ქართული ოცნების“ პოზიცია კი უცვლელია – მმართველი პარტია აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ჩვენი ქვეყანა ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით და იდენტობის შენარჩუნებით მაინც გახდება ევროპული ოჯახის წევრი.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება, რადგან ჩვენმა ქვეყანამ „მაიდანი“ გაცილებით ადრე უკვე გამოიარა და ახლა ქართველი ხალხი მშვიდობიანი გზით, არჩევნებზე შეცვლის ხელისუფლებას, გააგრძელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ გზას ევროპისკენ და გააუქმებს ყველა მიუღებელ კანონს. მან  ასე უპასუხა „სიენენის“ წამყვანის, კრისტინ ამანპურის შეკითხვას, რამდენად ხედავს საქართველოს პრეზიდენტი საფრთხეს, რომ საქართველოში იმ სცენარით განვითარდეს მოვლენები, როგორც ეს 2013 წელს უკრაინაში მოხდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდები, რომლებიც უკვე სამი კვირაა, მონაწილეობენ პროტესტში ისე, რომ არცერთი ფანჯარა არ ჩაუმსხვრევიათ და არ დაუწვავთ არცერთი მანქანა. ეს ძალიან ბევრს მეტყველებს, რამდენად მოწიფულია მოსახლეობა საქართველოში და როგორი შემართული არიან, რათა დაიცვან ევროპული გზა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საზოგადოების ეს მობილიზაცია და პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია არჩევნების მოსაგებად, რადგან ეს არის ევროპული გზა. არა მთავრობის გადაგდება, არამედ არჩევნებში გამარჯვება. და მოსახლეობის ის უმრავლესობა, რომელსაც სურს ევროპა, იქნება არჩევნებზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება

ნანა ძნელაძე

სტატია განახლებულია 15 მაისს, 11.00 სთ-ზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close