იტალიელი მხატვარი ერკოლე პიგნატელი ცდილობს, პაბლო პიკასოს ცნობილი ნახატი „გერნიკა“ აუდიტორიის თანდასწრებით 12 დღეში გადახატოს.
როდესაც ფაშისტებმა 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომში მათი მომხრე ფრანსისკო ფრანკოს მხარდაჭერა გადაწყვიტეს, უმოწყალოდ დაბომბეს ბასკეთში ქალაქი გერნიკა. დაბომბვას სამხედროებთან ერთად ასობით სამოქალაქო პირი შეეწირა, უმეტესობა ქალები და ბავშვები.
თუმცა ეს ჯოჯოხეთის მხოლოდ დასაწყისი გამოდგა. ბომბების გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ მეოცე საუკუნის ომის განუყოფელ პრაქტიკად იქცა და მალე ტერმინი „ბლიცკრიგიც“ დაემატა საერთაშორისო საზოგადოების ლექსიკონს.
ომის საშინელ ამბებს თავისი სტუდიაში გაზეთებით ეცნობოდა ესპანელი მხატვარი პაბლო პიკასო, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე ხვდებოდა, რომ დაბომბვა ძალადობის ახალ ფორმად დამკვიდრდებოდა. გერნიკაში მოწყობილი სასაკლაოს საპასუხოდ პიკასომ შექმნა უზარმაზარი მონოქრომული ტილო, რომელზეც ჯოჯოხეთური სცენა გამოსახა და ნახატს ქალაქ გერნიკის სახელი უწოდა.
ამ ტილომ (გამოიფინა 1937 წელს პარიზში) უზარმაზარი გავლენა მოახდინა საერთაშორისო განწყობაზე და თვალნათლივ წარმოაჩინა, თუ რა ხდებოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში. ამის შემდეგ პიკასოს „გერნიკა“ ომის საწინააღმდეგო ხელოვნების სფეროს ქვაკუთხედად იქცა.
ამჟამად „გერნიკა“ მადრიდის დედოფალ სოფიას მუზეუმში ინახება თუმცა მილანის სამეფო სასახლეში Palazzo Reale’s Caryatids Hall-ში, სადაც პიკასოს ნახატი თითქმის 70 წელი ინახებოდა, ამჟამად ახალი „გერნიკა“ იხატება. იტალიელმა მხატვარმა ერკოლე პიგნატელიმ გადაწყვიტა, ერთგვარი ხანგრძლივი პერფორმანსი წარმოადგინოს და პიკასოს შედევრი აუდიტორიის წინაშე გადახატოს.
89 წლის იტალიელი მხატვარი, რომელიც მთელი ცხოვრება ფიქრობდა პიკასოს ამ ნახატზე, ახლა ისეთივე მასშტაბურ იმპროვიზაციას ქმნის, როგორიც პიკასოს ორიგინალია. მან უზარმაზარი ტილო გაჭიმა Caryatids Hall-ში, რომლის ზომაც 3.49 x 7.77 მეტრია. მან ხატვა 3 მაისს დაიწყო და, სავარაუდოდ, 16 მაისს უნდა დაასრულოს. ეს პერფორმანსი პიგნატელის გამოფენის ნაწილია, რომლის სახელწოდებაა Memento Amare Semper – „ყოველთვის გახსოვდეს სიყვარული“, რომლის ფარგლებშიც 15 ადრეული ნამუშევარია წარმოდგენილი.
როგორც იტალიელმა მხატვარმა Times-ს განუცხადა, იგი არ აპირებს ზუსტი ასლის გაკეთებას და, უბრალოდ, სურს იმედის მოტივი შემოიტანოს, ისევე როგორც ეს ორიგინალშია, ამიტომ პერფორმანსის ბოლოს ცას ვარდისფრად დახატავს, როგორც „იმედის სხივის“ სიმბოლოს. პერფორმანსზე დასწრება უფასოა.
ავტორი: კრისტიან მური
euronewsgeorgia.com
კომენტარები