ეკონომიკასაქართველო

თურმე ქართული ვაზის ნერგებიც კი იტალიიდან ჩამოგვაქვს

კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მეღვინეობის სექტორის გამოწვევებზე საუბრისას ვაზის სერტიფიცირებულ ნერგებზე გააკეთა აქცენტი.

მეღვინე ამბობს, რომ ქართული ვაზის ჯიშების ნერგები იტალიიდან ჩამოაქვს. მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოს ბაზარზე სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობა არ არის.

– ბოლო 3-4 წელია, ვენახს ვაშენებთ და ნერგები იტალიიდან ჩამოგვაქვს – ვგულისხმობ ვაზის ქართული ჯიშების ნერგს; საქართველოში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობა არ არსებობს. შედეგად, ბოლო წლებში გაშენებულ ვენახებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, რადგან არ იყო ხარისხიანი ნერგი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ვიცოდი, პირველი ჩემი ვენახის გაშენებისას დავუშვი შეცდომა და აქ ვიყიდე ნერგები. რა მივიღე? – ვაზის გახარების ნაკლები მაჩვენებელი და ნაკლები ჯიშური სიწმინდე. რაც ყველაზე მთავარია, ნერგი უვირუსო უნდა იყოს, რომელსაც აქ ვერ ვაღწევთ…

– საქართველოში ხომ გვაქვს ჯიღაურის სანერგე მეურნეობა – ვერც იქ გამოჰყავთ სერტიფიცირებული ვაზის ნერგები?

– ჯიღაურის მეურნეობა უფრო ქართული ჯიშების ბანკია, ვიდრე კომერციული სანერგე მეურნეობა. ესეც კერძო სექტორმა უნდა გააკეთოს, მაგრამ ამისთვის გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, რაც არ არის მარტივი, არც იაფი; შესაბამისად, არც მოკლევადიანი, ამიტომაც რიცხვები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 2020 წელს იტალიიდან 1 მილიონზე მეტი ქართული ვაზის ჯიშია შემოსული. წელს და გასულ წელს უფრო მეტი იქნება იმპორტირებული, დარწმუნებული ვარ. თვითონ ბიზნესიც მიხვდა, რომ შეიძლება, ფასში სხვაობა იყოს, მაგრამ როდესაც მრავალწლიან კულტურას აშენებ, გირჩევნია, უფრო ძვირი გადაიხადო და ხარისხიანი ნერგი შემოიტანო.

BMG-ის ღვინის ეროვნულ სააგენტოშიც დაუდასტურეს, რომ ამჟამად საქართველოში ვაზის სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობა არ არსებობს. როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, წელს დასრულდება საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამა და ამის შემდეგ დაიწყება ქვეყანაში არსებული სანერგე მეურნეობების სერტიფიცირება, რისთვისაც შესაბამისი სამართლებრივი აქტები გამოიცემა.

შეგახსენებთ: ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას. ძირითადი მიზანია, ყურძნის და ყურძნისეული პროდუქტის მონიტორინგი და შემოწმება.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, შარშან 1.7 მლნ დოლარის ვაზის ნერგების იმპორტი განხორციელდა. როგორც სტატისტიკა ამბობს, საქართველო ვაზის ნერგებს, ძირითადად, იტალიასა ($891 000; 40 ტონა) და საფრანგეთში ($675 000; 62 ტონა) ყიდულობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close