როგორ წერდა კავკასიელი ხალხი ქართული ანბანით – 14 აპრილს დედაენის დღეა
ინგუშები, ჩეჩნები, დაღესტნელები - მე-15 საუკუნემდე ქართული ანბანით წერდნენ

ინგუშები, ჩეჩნები, დაღესტნელები – მე-15 საუკუნემდე, სანამ ჩრდილოკავკასიაში ისლამი გავრცელდებოდა, ქართული ანბანით წერდნენ. ჩრდილოკავკასიის მთებში დღემდე პოულობენ არტეფაქტებს, რომლებზეც წარწერები ადგილობრივ ენაზე ასომთავრულით ან ხუცურით არის შესრულებული.
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, ქართველების მსგავსად, არქაული ეპოქიდან მოდიან. კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა ამბობს, რომ კავკასიაში სამი დამწერლობა იყო გავრცელებული: ქართული, სომხური და ალბანური.
„ასეთ მცირე რეგიონში სამი ანბანის აღმოჩენა ნიშნავს, რომ ეს ადგილი ცივილიზაციის კერაა. ცნობილი გამოთქმა – ნიკოფსიიდან დარუბანდამდე – ქართული დამწერლობის გავრცელების არეალია. ნიკოფსია არის იგივე ჯიქეთი ანუ ჩერქეზეთი, მას მოსდევს დურძუკეთი და შემდეგ დაღესტანი“, – ამბობს მერაბ ჩუხუა.
ქართული ანბანის პოპულარიზაციას განსაკუთრებული ბიძგი ქრისტიანობის გავრცელებამ მისცა. თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრის დირექტორი მარიამ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ჩრდილოკავკასიაში ქართული ენა და დამწერლობა მერვე-მეცხრე საუკუნეებიდან ვრცელდება, კიდევ უფრო მეტად – მეათე საუკუნიდან, ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდიდან.
ინგუშეთში 60-მდე ქართული წარმოშობის ძეგლია.
„ტყობა-ერდისა და თარგიმის ინგუშური ტაძრების ასომთავრული და ხუცური ანბანით აღბეჭდილი ეპიგრაფიკა, ისევე როგორც მაგი-ერდის საყდარში ხელნაწერი ქართული ფსალმუნის მიკვლევა, თვალსაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ ინგუშეთის შუა საუკუნეების ლიტურგიკაში რეალურად გამოიყენებოდა ქართული საეკლესიო ენა თავისი დამწერლობითა და აღმსრულებლებით – სამღვდელოებით“, – ჰყვება მარიამ ბეჟიტაშვილი.
ქართული დამწერლობის ნიმუშები ყველაზე უხვად დაღესტანმა შემოინახა – ასზე მეტი კირქვის მხოლოდ ქვა-ჯვარი! მათგან ზოგი ქრისტიანულ სასაფლაოზეა მიკვლეული, ზოგი – მუსულმანურზე. ეპიტაფიები ხან ქართული ასოებით ქართულ ენაზეა დაწერილი, ხანაც ქართული ასოებით – ადგილობრივ ენაზე, მაგალითად, ხუნძურად.
გააგრძელე კითხვა აქ: www.radiotavisupleba.ge
p. s. საქართველო 14 აპრილს დედაენის დღეს 1990 წლიდან აღნიშნავს. ეს თარიღი დაწესდა 1978 წლის 14 აპრილს მომხდარი მოვლენების სამახსოვროდ და პატივსაცემად – მაშინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელთა შორის უმრავლესობა სტუდენტი იყო, წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის სურვილს, საქართველოში სახელმწიფო ენის სტატუსი რუსულ ენას მინიჭებოდა. სპონტანური მასშტაბური პროტესტის გამო საბჭოთა მთავრობამ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებაზე უარი თქვა და ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.




