დღის თემასაზოგადოებასაქართველო

ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა ვთქვათ

მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მორწმუნეებს ხარების დღესასწაული წელს სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

„გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში.

როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით „გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ „გიხაროდენ“, – ასე იყო ძველად.  სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

ილია მეორე ამბობს: „ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა!“

ხარების დღესასწაულზე წარმოსათქმელი ტროპარი და კონდაკი:

ტროპარი:

დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა!

კონდაკი:

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ, სძალოო უსძლოო!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close