ისტორიასაქართველო

ქართველი დაიმეგობრე – არ გიღალატებს, ანუ ვინ რა თქვა ჩვენზე

ქართველები მიჩვეულები ვართ, რომ უცხოელები ვერასდროს მალავდნენ ჩვენი ქვეყნითა და ხალხით აღფრთოვანებას. მიჩვეულები ვართ, მაგრამ მაინც ყოველთვის დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ვეცნობით ხოლმე მათ ნათქვამს საქართველოზე, მით უმეტეს, თუ ის ცნობილ და პატივსაცემ ადამიანებს ეკუთვნით.

ვნახოთ, ვინ და როგორ მოიხსენიებს ჩვენს სამშობლოს.

  • ჰუგო ჰუპერტი – ავსტრიელი პოეტი და მთარგმნელი:

„ასჯერ დაეცა თბილისი და, ჰოი, საოცრებავ, ასმეერთედ აღდგა! მოშავდებოდნენ და წაშავდებოდნენ გადამთიელი დამპყრობლები – რომისა და ბიზანტიის მხედრიონი, არაბი, სპარსი და თურქი, მონღოლი თუ სხვა უცხო ტომი, დააქცევდნენ დედაქალაქს და ის ისევ აღდგებოდა ფერფლიდან, როგორც ბუფერი, რომელიც ანელებდა, ასუსტებდა ძლიერ დარტყმებს. ასე იბრძოდა, ასე ეცემოდა თბილისი თუნდაც ვენისათვის, დასავლეთ ევროპისათვის, გიორგი სააკაძის, ამ სახალხო ჰერცოგის შემდეგაც, თუნდაც სამასი არაგველის მეთაურობით, რომლებიც საქართველოს კარიბჭეს ლომებივით იცავდნენ, ვიდრემდეც ასგზის აღმატებულმა ურდომ ისინი „ალაჰის“ ყივილით არ გადათელა.

თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში კათოლიკური ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და აღმოსავლეთის სხვა სულთნები თუ შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისაგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე.

  • არტემ ვოლინსკი – XVII საუკუნის რუსი დიპლომატი:

„თუ სპარსელებს რაიმე გამარჯვება მოუპოვებიათ თურქებთან, ინდუსებთან და სხვა ხალხებთან ომებში, უდიდესი ნაწილი მხოლოდ ქართველების მეოხებით. ქართველების შესახებ მე ფიცს დავდებდი, მათ პრინცებსა და სხვა თავად-აზნაურებს ერთმანეთში რომ თანხმობა ჰქონდეთ, ჭეშმარიტად, არა თუ სპარსელთა ქვეშევრდომობისაგან გათავისუფლდებოდნენ, არამედ ბევრ მათ მიწასაც ადვილად დაიპყრობდნენ. ხოლო სპარსელთა კავალერია სამჯერ მეტიც რომ იყოს, ქართველებს წინ ვერასდროს დაუდგება…“

  • ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი – XIX საუკუნის გერმანელი მწერალი, პოეტი:

„სვანთა სტუმართმოყვარეობა ისევე წმიდაა, როგორიც ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც უცხოელთა მიმოსვლა იშვიათია… სისხლის აღება აქ სულაც არ მიიჩნევა საძრახისად. მეტიც – ის გაკეთილშობილებულია ადათ-წესებითა და კანონ-სამართლით… აბა, რა არის იმაზე ბუნებრივი, რომ, სადაც ადამიანის დაცვა კანონს არ შეუძლია, ადამიანი თვითონ უნდა გამოდიოდეს თავისი გამარჯვების იმედით… სვანები ბუნებამ განსაცვიფრებელი ფიზიკური გამძლეობით, ტანადობითა და ნიჭით დააჯილდოვა. სვანი თავდაჯერებული, მხიარული, ამაყი და სანდოა…“

  • მიხაი ზიჩი – XIX-XX საუკუნის უნგრელი ფერმწერი:

„ქართველები, თუ ვინმე სამსახურს გაუწევს მათ, ყოველთვის მზად არიან, სიკეთით გადაუხადონ სამაგიერო, რისი ძალაც კი შესწევთ. თანაც ამას აკეთებენ უფაქიზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ, ძალიან კარგი ხალხია“.

  • ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკი – XIX საუკუნის გერმანელი დიპლომატი:

„ამაყ ქართველ ქალებს შეუძლიათ თავი ამორძალთა შთამომავლად ჩათვალონ. <…> ხალხურ თქმულებებსა და სიმღერებში დღესაც ცოცხლობს ბრძენი, მშვენიერი თამარი და მისი კურთხეული დრო, საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების მწვერვალი, ერთნაირად დიდებული ომში, მშვიდობაში და სახელმწიფოს ცხოვრებაში. თვით თამარი დიდად განათლებული და ხელოვნების გაფურჩქნისათვის მზრუნველი მეფე ყოფილა…“

  • ძველი ჩეჩნური სიბრძნე:

„თუ გადამთიელად ხარ და ვაინახი არ გყავს გვერდით, ქართველი დაიმეგობრე – არ გიღალატებს!“

  • მარიუს კანარი – XIX საუკუნის ფრანგი ისტორიკოსი:

„თურქ-სელჩუკთა სულთნებს თამარ-მეფისა უფრო ეშინოდათ, ვიდრე მრისხანე აღმოსავლელი მბრძანებლებისა. პოლიტიკის წარმატებამ თამარი აქცია ყველაზე უფრო პოპულარულ პიროვნებად ისტორიასა და ლეგენდებში. მისი სილამაზე აღაფრთოვანებდა ქვეშევრდომებს, მხედართმთავრებს გამარჯვებისკენ გზას უნათებდა“.

  • რიზკალა ჰასუნი – ქრისტიანი არაბი მწერალი, განმანათლებელი:

„… დამასკოს აქებს, ვით სამოთხეს, ყურანის სურა,
აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან.
ჰოი, აშუღნო, ალაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად,
თბილისი ქვეყნად ყველაფერზე მშვენიერია…“

  • ჰანს-იორან ჰოქსტენტი – ფინელი სოციოლოგი, პედაგოგი:

„ძვირფასო ქართველო დებო და ძმებო! თორმეტჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თორმეტჯერვე გულმა აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს… არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ… საქართველოს ისტორია სიკეთის, სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა…“

  • ჟან ბატისტ შარდენი – ფრანგი ვაჭარი და მოგზაური:

„ქართველების ტომი უმშვენიერესია მთელს აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა, რომ მთელს ქვეყანაზედა. აქ არ მინახავს არცერთი ცუდი სახის ქალი ან კაცი, ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვდა. ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას ისეთი სიკეკლუცით დაუჯილდოებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია თვალი მოჰკრათ აქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ. არ შეიძლება დახატოთ ქართველი ქალების სახესა და ტანადობაზე უმშვენიერესი სახე და ტანადობა: მშვენიერნი, თვალტანადნი, წერწეტნი და კელლუცნი…“

  • ალფრედ კურელა – გერმანელი მწერალი, პროფესორი:

„საქართველო! თეთრი მთების, ლურჯი ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანა, კეთილი და გულითადი ხალხის სამშობლო! ხალხისა, რომელსაც თავისი დიდი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ერთხელაც არ მოუდრეკია თავი გადამთიელთა წინაშე. ეს ქვეყანა ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა…“

  • დიონიჯო კარლი და პიაჩენცა — იტალიელი მისიონერი:

„ყველაზე გასაოცარი მაინც ისაა, რომ გადახდილი ომების მიუხედავად, რაც ქართველებს აიძულებს, რომ მუდმივად იარაღში ისხდნენ, და იმის მიუხედავად, რომ მათი ქვეყანა ყოველი მხრივ მაჰმადიანებით არის გარშემორტყმული, იმდენი სიმტკიცე და შეუპოვრობა გამოიჩინეს, რომ ბოლომდე შეინარჩუნეს ქრისტიანული სარწმუნოება. ეს ამბავი მართლაც რომ ღირსია განცვიფრებისა“…

ვანო სულორი

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close