სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, მოსკოვის ოლქში (ე. წ. პოდმოსკოვიე), ქალაქ კრასნოგორსკის მრავალდონიან საკონცერტო დარბაზში – „კროკუს სიტი ჰოლში“ 22 მარტს მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. ადამიანების ძებნის სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ გამოცემას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს.
107 დაშავებულს საავადმყოფოებში მკურნალობენ, მათგან 3 ბავშვია. დაშავებულთაგან 15 ადამიანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, 45 – მძიმე პაციენტია.
შესაბამისმა საგამოძიებო სამსახურებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 4 ტერორისტი, რომლებმაც, მათი მტკიცებით, ტერაქტი მოაწყვეს. საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ ტერორისტებმა გამოიყენეს ადვილად აალებადი ნივთიერება შენობის დასაწვავად. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 12,9 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და შენობის მესამედი მოიცვა. ხანძრის ლოკალიზება მოსკოვის დროით ღამის პირველი საათისთვის მოხერხდა.
რუსეთის გამოძიების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, 4 ადამიანი ცდილობდა რუსეთ-უკრაინის საზღვრამდე მისვლას და უკრაინაში გადასვლას, სადაც მათ „შესაბამისი კონტაქტები ჰქონდათ“. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის.
ისინი ბრიანსკის ოლქში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ტერორისტული აქტის მოწყობაში ბრალდებული ოთხივე დაკავებული უცხოეთის მოქალაქეა.
ერთ-ერთი მათგანი ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, რომ დანაშაულზე წავიდა ფულისთვის, „დაახლოებით 500 000 რუბლისთვის“. მან თქვა, რომ მოსკოვში ტაქსისტად სამუშაოდ ჩავიდა. იგი რუსულად არ საუბრობს და სამართალდამცველებს თარჯიმნის საშუალებით ეკონტაქტებოდა. გამოქვეყნებულ ვიდეოს ნაწყვეტში იგი ტერაქტზე არ ლაპარაკობს, თუმცა სიმონიანი მას „ტერორისტების მეთაურად“ მოიხსენიებს.
მოსკოვის ოლქის ჯანდაცვის უწყებამ დაღუპულთა სია გამოაქვეყნა, რომელიც პერიოდულად ახლდება. ამ დროისთვის სიაში 41 ადამიანია.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტის საღამოს „კროკუს სიტი ჰოლში“ კამუფლაჟებში გამოწყობილმა უცნობმა ადამიანებმა ტერაქტი მოაწყვეს. მათ კონცერტის დაწყების წინ ავტომატებით ცეცხლი გახსნეს დარბაზში და ჰოლში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით გაისმა აფეთქების ხმა და ხანძარმა იფეთქა.
ნანა ძნელაძე
კომენტარები