საზოგადოებასაბერძნეთი

შეტაკება ათენში: ბერძენმა სტუდენტებმა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს – რას აპროტესტებს 12 ათასზე მეტი სტუდენტი

ათენში განათლების კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მსვლელობისას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.

ბერძენმა სტუდენტებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, საპასუხოდ კი სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ათასობით სტუდენტი უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებს განათლების ახალ რეფორმას, რომელიც, მათი თქმით, საჯარო უნივერსიტეტებს გააუფასურებს და უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს ქვეყანაში ფილიალების შექმნის საშუალებას მისცემს.

8 მარტს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რის შემდეგაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

„პარლამენტს არა მხოლოდ მოვუწოდებ, კენჭი უყაროს მნიშვნელოვან კანონპროექტს, არამედ დაამტკიცოს რადიკალური და გაბედული განათლების რეფორმა ზრდისა და სოციალური სამართლიანობისთვის“, – განაცხადა მიცოტაკისმა.

როგორც საბერძნეთის ხელისუფლებაში განმარტეს, ბევრი ოჯახი გზავნის შვილებს საზღვარგარეთ სასწავლებლად, თუ ამის საშუალება აქვთ და ახალგაზრდები სწავლის დასრულების შემდეგ ხშირად აღარ ბრუნდებიან საბერძნეთში, ქვეყნის ხელისუფლება კი იბრძვის, რათა ახალგაზრდებმა საკუთარ ქვეყანაში მიიღონ განათლება და სწავლის დამთავრების შემდეგ საბერძნეთში დაიწყონ სამსახური.

კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლების შექმნა განათლების სფეროს გარდა დადებითი შედეგების მომტანი იქნება, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რასაც, თავის მხრივ, ქვეყნიდან წასულთა ნებაყოფლობითი რეპატრიაცია მოჰყვება. ამჟამად საბერძნეთში 650 ათასი სტუდენტია, 40 ათასი ახალგაზრდა კი საზღვარგარეთ იღებს განათლებას და მათი დიდი ნაწილი საბერძნეთში, სავარაუდოდ, აღარ დაბრუნდება..

კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობა ქვეყანაში ბევრ ფუნდამენტურ რეფორმას ატარებს. სულ ცოტა ხნის წინ საბერძნეთი გახდა პირველი მართლმადიდებლური სახელმწიფო, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. კიდევ ერთი რეფორმა საარჩევნო საკითხებს ეხება და გულისხმობს ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემას საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: საბერძნეთში ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დაკანონდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close