ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

კვარაცხელიას დუბლი და ასისტი „სასუოლოსთან“ – „ნაპოლიმ“ სერია A-ს ერთ-ერთი აუტსაიდერი დიდი ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

ფრანჩესკო კალცონამ „სასუოლოს“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია ისევ „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და არც შემცდარა – ქართველი ერთ-ერთი გმირი იყო ნეაპოლელთა რიგებში, რომლებმაც გასვლით შეხვედრაში მეტოქე 6:1 დაამარცხეს.

სერია A-ს 21-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში (სუპერთასის გამო) საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „სასუოლოს“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, მოედანზე კი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და სასარგებლო იყო.

პირველი საგოლე მომენტი სწორედ კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ მცველი გადაეფარა და „სასუოლო“ ხიფათს აარიდა. „ნაპოლი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა მე-17 წუთზე უროს რაკიჩის ეფექტური შორეული დარტყმით გახსნეს.

შესვენებამდე „ნაპოლიმ“ თამაში შემოატრიალა. 29-ე წუთზე ნეაპოლელების სწრაფი ფლანგური შეტევა ამირ რაჰმანიმ დააგვირგვინა, ორ წუთში „სასუოლოს“ კარი ვიქტორ ოსიმენმა აიღო, რომელმაც 41-ე წუთზე დუბლი შეასრულა – ნიგერიელმა თავდამსხმელმა ორივეჯერ მატეო პოლიტანოს გადაცემის შემდეგ გამოიჩინა თავი.

36-ე წუთზე კვარაცხელიამ კარიდან გამოსული მეკარე შენიშნა და გატანა მოედნის ცენტრიდან სცადა, თუმცა მიზანს ძალიან მცირედით ააცილა. შესვენებამდე კი კართან დარჩენილმა მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა მეკარემ იმარჯვა და მასპინძლები გადაარჩინა.

ხვიჩამ მეორე ტაიმში მაინც გაიბრწყინა. ქართველმა 47-ე წუთზე „სასუოლოს“ მცველის, რუან ტრესოლდის გადაცემა ჩაჭრა და ბურთი კარის წინ მყოფ ოსიმენს გადააწოდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. 51-ე წუთზე კი კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა განავითარა და ძლიერი დარტყმით მასპინძლებს მეხუთე გოლი გაუტანა. ხვიჩამ 76-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ დუბლი შეასრულა, რაც მისთვის იტალიის ჩემპიონატში მესამე დუბლია.

სერია A-ში გამართული 26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 40 ქულით მეცხრე ადგილზეა და ევროზონას ოთხი ქულით, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას რვა ქულით ჩამორჩება.

ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მერაბ მამულაშვილი

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close