მედიცინაჯანმრთელობარჩევები

ხველის სახეები და მიზეზები და მკურნალობა ეფექტიანი შინაური მეთოდებით

მომაბეზრებელი და ქანცის გამცლელი ხველა არაერთ დაავადებას ახლავს თავს. უმეტეს შემთხვევაში ის ჩვენს მშველელად გვევლინება (?!), თუმცა ზოგჯერ სახიფათო დაავადების არსებობაზე მიუთითებს.

რატომ უწოდებენ ხველას „მცველს“?

ხველა, რომელიც უამრავ უსიამოვნებას გვაყენებს, რეალურად ჩვენთვის სიკეთის მომტანია, რადგან ხელს უშლის არასასურველი მიკრობებისა და მცირე უცხო სხეულების ორგანიზმში შეღწევას და ასევე ხელს უწყობს ლორწოს მოცილებას ბრონქებისა და ფილტვების სისტემიდან. ეს არის უკონტროლო ქმედებაა, რომელსაც ორგანიზმი კვამლის ან ძლიერი სუნისგან გამოწვეული გაღიზიანების საპასუხოდ ან საკვების ნაწილაკის სასუნთქ გზებში მოხვედრისას მიმართავს. ასეთ შემთხვევაში ხველამ არ უნდა შეგვაშფოთოს, რადგანაც დაავადების სიმპტომი არ არის, არამედ ბუნებრივ გამაღიზიანებლებზე ორგანიზმის რეაქციაა. თუმცა ყველაზე ხშირად ხველის განვითარება რესპირატორული ვირუსული დაავადების დაწყებაზე მიუთითებს ან სხვა კიდევ უფრო საშიში დაავადების ნიშანია. ხველის მიზეზის გასაგებად აუცილებელია მისი ბუნება, ინტენსივობა და ხანგრძლივობა გავითვალისწინოთ.

ხველის სახეები

არსებობს სხვადასხვა სახის ხველა, რომელიც შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად – მშრალი, ანუ არაპროდუქტიული და სველი, პროდუქტიული. პირველი, რომელიც სასუნთქი გზების გაღიზიანებისას ჩნდება, მოსვენებას არ გვაძლევს არც დღისით და არც ღამით.ის გაციებისთვის ტიპურია და ახასიათებს მტკივნეული შეტევები მცირე მიზეზითაც კი. ამგვარი ხველა ფარინგიტის, ლარინგიტის, პნევმონიის, მშრალი ბრონქიტის ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს.

პროდუქტიული ხველის დროს დიდი რაოდენობით ნახველი წარმოიქმნება, რაც დამახასიათებელია პნევმონიისა და ბრონქიტისთვის. წარმოქმნილი ნახველის ბუნება შეიძლება გარკვეული დაავადების არსებობაზე მიუთითებდეს და სპეციალისტებს სწორი დიაგნოზის დასმაში ეხმარება. ხანგრძლივობის მახასიათებლების მიხედვით ხველა შეიძლება დაიყოს ოთხ ჯგუფად:

მწვავე – ხშირად დაავადების დასაწყისში მშრალია, მოგვიანებით სველი. დამახასიათებელია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის, ბრონქიტისთვის, პნევმონიისთვის, ტრაქეიტისა და ლარინგიტისთვის;
გაჭიანურებული – ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, რაც დამახასიათებელია ბრონქიტის, ტრაქეიტისა და ტრაქეობრონქიტისთვის;
ხანგრძლივი – თან ახლავს სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები, ხორხის პაპილომატოზი (ხორხის კიბოსწინარე დაავადება);
მორეციდივე – ხშირად ბრონქული ასთმის და ქრონიკული ბრონქიტის არსებობის ნიშანია.

ხველის მიზეზები

ხველა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული. მწვავე ფორმით ყველაზე ხშირად გვხვდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს. ქრონიკული ფორმა შეიძლება მიუთითებდეს ბრონქული ასთმის არსებობაზე ან თამბაქოს მოხმარებაზე მრავალი წლის განმავლობაში, ხოლო უეცარი შეტევა მიუთითებს იმაზე, რომ სასუნთქ გზებში უცხო სხეული მოხვდა.

თუ ხველა გაციების გარეშე წარმოიშვა, შესაძლოა არაერთი საშიში დაავადების პირველი ნიშანი იყოს, რომელთა არსებობა მხოლოდ ყველა სიმპტომის ერთიანობით შეიძლება განისაზღვროს. ხველა თან ახლავს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ალერგია, გულის უკმარისობა, ტუბერკულოზი, ფილტვის კიბო, ნერვული სისტემის დაავადებები და სხვ. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, მკურნალობა წარიმართოს არა უშუალოდ ხველის, არამედ მისი გამომწვევ დაავადებების წინააღმდეგ.

ცალკე უნდა გამოვყოთ ღამის ხველა მოზრდილებში, რომელიც შეიძლება მთელმა რიგმა ფაქტორმა გამოიწვიოს. მაგალითად:

1. სხეულის ჰორიზონტალური მდგომარეობა იწვევს ლორწოს სტაგნაციას ცხვირ-ხახაში, რამაც შეიძლება ღამით ხველის შეტევა გამოიწვიოს.
2. ხველას იწვევს, აგრეთვე, ღამით ცივი, მშრალი ჰაერი.
3. სწორედ ღამის ხველა არის დამახასიათებელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი პათოლოგიისთვის.
4. ღამის ხველა შეიძლება გამოიწვიოს ასთმამ ან ყივანახველამ.

ერთმა ჭიქა თბილმა რძემ თაფლით შესაძლოა მოგიხსნათ ხველის შეტევა ღამით და მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ.

დაიკავეთ ვერტიკალური პოზიცია და შემდეგ აწეული მარჯვენა ხელით ზემოთ გაიჭიმეთ, ამგვარადაც შეძლებთ, ხველის შეტევა მოხსნათ.

ხველის მკურნალობა ხალხური საშუალებებით

მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქში უამრავ „სხვადასხვა ჯურის“ წამალს ნახავთ, რომლებიც გვთავაზობენ შემაწუხებელი ხველისგან გათავისუფლებას თითქმის მყისიერად, ძველი, ჩვენი ბებიების კარგი ნაცადი საშუალებები ამის ბევრად უფრო ეფექტიანად და სწრაფად ახერხებს:

1. ერთმანეთში აურიეთ თითო სუფრის კოვზი არაყი, კარაქი, თაფლი და რძე. დაუმატეთ ერთი კვერცხი და ჩაის კოვზი სოდა. კარგად აურიეთ და დალიეთ უზმოზე. ზოგჯერ ერთხელაც საკმარისია, რომ ხველებისგან გათავისუფლდეთ.
2. თანაბარი რაოდენობით აურიეთ ზეთი, თაფლი და კონიაკი ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე. მიიღეთ მიღებული ნარევი ჩაის კოვზით 4-6-ჯერ დღეში. ბავშვების შემთხვევაში ნარევი კონიაკის გარეშე მოამზადეთ.
3. ინჰალაციები ეთერზეთებით – 3-4 წვეთი ეთერზეთი ნახევარ ლიტრ ცხელ წყალზე.
4. ცხელი რძე და მინერალური წყალი (ბორჯომი – საუკეთესოა) 1:1 თანაფარდობით.
5. რძეში მოხარშეთ გახეხილი სტაფილო, დაუმატეთ ცოტაოდენი კარაქი და თაფლი და მიიღეთ
6. ერთი ლიმონის წვენს შეურიეთ 3 ჩაის კოვზი თაფლი, დალიეთ ჩაის კოვზით დღეში 5-7-ჯერ.
7. დაჭერით ერთი თავი ნიორი, 2-3 ლიმონის ქერქი და ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და ნახევარი ლიტრი ლუდი. გააჩერეთ წყლის აბაზანაზე ნახევარი საათის განმავლობაში და მიიღეთ დღეში ჩაის კოვზით 4-5-ჯერ ჭამის წინ.
8. წვრილად დაჭერით დიდი თავი ხახვი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დღეს მიირთვით მცირე დოზებით მთელი დღის განმავლობაში.
9. მოამზადეთ გოგლი-მოგლი, დაასხით ერთი ჭიქა ცხელი რძე და დალიეთ ღამით, ძილის წინ,
10. სტაფილოს ახალგამოწურული წვენი შეურიეთ თბილ რძეს 1:1 თანაფარდობით და სვით ცოტ-ცოტა მთელი დღის განმავლობაში.

ანტიბიოტიკები და ხველა, ექიმის რეკომენდაციები

ხალხური საშუალებები კარგია, მაგრამ ექიმის დანიშნულების იგნორირება არ შეიძლება. მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შესანიშნავი შედეგის მიღწევა. რაც შეეხება ხველის სამკურნალო საშუალებებს, მშრალი შემაწუხებელი ხველისთვის გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ხველას თრგუნავს. ნახველის გასათხელებლად და მოსაცილებლად ექიმი მუკოლიტურ საშუალებებს ნიშნავს.

ზოგჯერ პაციენტები, რომლებიც ცდილობენ, სწრაფად გათავისუფლდნენ საძულველი ხველისგან, ანტიბიოტიკებით მკურნალობას მიმართავენ. ეს სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. ანტიბიოტიკები ეფექტიანია და აუცილებელია მხოლოდ პნევმონიის და ბრონქიტის დროს, სხვანაირად დაავადებას თავს ვერ დააღწევთ, რადგან ანტიბიოტიკებმა დაავადების გამომწვევ მიკრობებზე უნდა იმოქმედოს.

კვების თავისებურებები ხველების დროს

ხველის საწინააღმდეგო სპეციალური დიეტა შექმნილია იმისთვის, რომ ორგანიზმს ვირუსების დამარცხებაში დაეხმაროს, ვიტამინებითა და მინერალებით მოამარაგოს და იმუნიტეტი გააძლიეროს. ხველის დროს ძალიან სასარგებლოა სხვადასხვა სახის რძის ფაფები, განსაკუთრებით სასურველია შვრიის ფაფა; უცხიმო თევზი და ხორცი, პარკოსნები, რძის პროდუქტები და რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული. ხველის დროს ძალიან სასარგებლოა ყურძენი, რომელსაც ამოსახველებელი და დამამშვიდებელი თვისებები აქვს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი სითხე მივიღოთ: თბილი ჩაი ლიმონით, რძე ერთი კოვზი თაფლით, ხილისა და ბოსტნეულის წვენები – ყველა ეს სასმელი კარგ დახმარებას გვიწევს ავადმყოფობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ მიზანშეწონილია ცოტა ხნით უარი ვთქვათ ყავაზე. ასევე აუცილებელია ალკოჰოლურ სასმელებზე, ცხარე და მარილიან საკვებზე, ორცხობილებსა და ტკბილეულზე უარის თქმა.

თუ ხველა არ ჩერდება

იმ შემთხვევაში, თუ ყველა მცდელობის მიუხედავად ხველა ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება ან ნახველმა ფერი შეიცვალა და უსიამოვნო სუნი შეიძინა, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. ექიმი კომპლექსურ გამოკვლევას დანიშნავს, რომლის შედეგებიც დაადასტურებს ან უარყოფს პათოლოგიური პროცესის არსებობას. შემაწუხებელი ხველის მოშორებაში მხოლოდ ანალიზების შედეგების საფუძველზე დანიშნული მკურნალობა დაგეხმარებათ. ამ მხრივ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ორსული ქალები, რომელთათვისაც ბევრ წამალს უკუჩვენება აქვს. თვითმკურნალობამ შეიძლება ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას მუცლად მყოფი პატარას ჯანმრთელობას.

ხველა არ უნდა ჩაითვალოს უვნებელ სიმპტომად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გაციებას არ ახლავს. ზოგჯერ ეს სერიოზული დაავადების პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ნიშანია. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ დაავადების არარსებობაში და თქვენი ჯანმრთელობა შესაძლო საფრთხის წინაშე არ დააყენოთ, ყველაზე სწორი გზაა ექიმთან დროულად ვიზიტი და მისი ყველა დანიშნულების პირნათლად შესრულება.

მოამზადა ნანა ძნელაძემ 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close