იტალიასაზოგადოება

ლინას და ჯანკარლოს ვალენტინობა-2024 – ციკლიდან: სიყვარულს ასაკი არ აქვს

ლალი ჯორჯიანას მილანური ამბები

14 თებერვალს დილის 9 საათზე სამუშაოზე მისულს ლინა სარკესთან მოფარფატე პეპელასავით დამხვდა (ლინა 84 წლის ქალბატონია, რომელსაც ხერხემლის სიმსივნე აქვს, თუმცა ამაზე სხვა დროს). იგი თავისი გარდერობიდან სამოსს არჩევდა და მთხოვა, მეც შემეფასებინა. საბოლოოდ გადაწყვიტა, ლურჯი ტონალობა აერჩია. შემდეგ გულსაბნევი დაიბნია და საყურეებიც გაიკეთა. რამდენიმე წუთში მზად ვიყავით გარეთ გასასვლელად.

იმ დღეს მილანს მზე ათბობდა. ლოდინი მოგვიწია, რადგან ლინას საქმრო (იტ. fidanzato), ჯანკარლო ჯერ არ იყო მოსული მანქანით (35 წელზე მეტია ერთად არიან, თუმცა ცალ-ცალკე ცხოვრობენ). ჯანკარლო 93 წლისაა, საკმაოდ მხნედ გამოიყურება და მანქანასაც შესანიშნავად მართავს.

ცოტა ხანში „ჩიტაფონმა“ დარეკა და მე და ლინა ქვემოთ ჩავედით. ჯანკარლო მე მომესალმა, ლინა გულში ჩაიკრა და შემდეგ მანქანისკენ გაგვიძღვა. ფიორდალიზოში (FIORDALISO) წავედით, სადაც დიდი კომერციული ცენტრია. ამ ცენტრში ყველა ცნობილი ბრენდის მაღაზიები და უამრავი ბარ-რესტორანია განთავსებული. ყავა დავლიეთ. ლინამ კორნეტოც მიირთვა. შემდეგ ვისეირნეთ, მაღაზიები დავათვალიერეთ.

დაახლოებით პირველი საათისთვის სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ. ყვავილების დიდ მაღაზიაში ჯანკარლომ ლინას ვარდების თაიგული უყიდა. სადილი მე და ლინამ მოვამზადეთ… შემდეგ მე „ჩემს საქმეებზე“ წავედი და ისინი მარტო დავტოვე დიდი რუდუნებით გაშლილ სუფრასთან.

სამუშაოზე დაახლოებით სამი საათისთვის დავბრუნდი. ჯანკარლო წასასვლელად ემზადებოდა, რადგან ვალენტინობა დღეს სასაფლაოზეც უნდა გაევლო და გარდაცვლილი ცოლისთვის ყვავილების თაიგული „მიერთმია“, რომელიც ლინამ აარჩევინა. დამშვიდობებისას ხელი ხელზე მომიჭირა და მადლობა გადამიხადა. შევხედე – თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე… თბილად გავუღიმე და გული ჩამწყდა: ვინ იცის, რას ფიქრობდა?!.. იქნებ ეს ერთად ბოლო ვალენტინობაც იყო მათთვის…

ლალი ჯორჯიანა

მილანი, 2024 წლის 23 თებერვალი

ავტორის ფოტოები

P. S. უფლის ნებაა, შეხვდებიან თუ არა ლინა და ჯანკარლო 2025 წლის ვალენტინობას კვლავაც ერთად, თუმცა ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ჯანკარლო ორ თაიგულს ისევ იყიდის…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close