ქართველები უცხოეთშისპორტი

„პატარა მატადორი გზაშია და უკვე ვიცით, რომ მას დიდი მიზნები ექნება…“ – ილია თოფურია მალე მამა გახდება

რას წერს მედია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის რჩეულის - ჯორჯინა უსკატეგის შესახებ

დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეგობარი გოგონა, მშვენიერი ჯორჯინა უსკატეგია (Giorgina Uzcategui Badell). კომპანია „Future and Energy“, სადაც ჯორჯინა მუშაობს, ბუნებრივი რესურსების გამოყენებაშია სპეციალიზებული.

ჯორჯინა ინსტაგრამზე, სადაც 234 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხშირად აზიარებს ილიასთან ერთობლივ ფოტოებს და პოსტებს. უცხოური მედია წერს, რომ ილიამ და ჯორჯინამ საიდუმლოდ იქორწინეს და ქორწინების დეტალები უცნობია.

ილიას გამარჯვების შემდეგ მალევე ცნობილი გახდა, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება და ის გოგონაა. „პატარა მატადორი გზაშია და უკვე ვიცით, რომ მას დიდი მიზნები იქნება. გვიყვარხარ, ჩვენო გოგონავ!“ – წერს ინსტაგრამზე ჯორჯინა და გულის ამაჩუყებელ ვიდეოს აქვეყნებს, რა ვითარებაში შეიტყო ილიამ, რომ ქალიშვილის მამა გახდება.

რაც შეეხება ჯორჯინა უსკატეგის, მის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. არსებული ინფორმაციით იგი, ძირითადად, მაიამიში  (ფლორიდაში) ცხოვრობდა, მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა და მარკეტინგში Miami Dade College-ში 2016 წელს, მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა Suffolk University-ში ბოსტონში და 2019 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. ფლობს სამ ენას – მშობლიურ ესპანურს, იტალიურს და ინგლისურს.

ჯორჯინა პროფესიული კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. 2019 წელს Sanclemente Group-ში მუშაობდა რამდენიმე თვე მარკეტინგის სპეციალისტად. 2022 წელს კი მან ფლორიდაში საკუთარი კომპანია „Future and Energy“ დააარსა, რომელიც წყლის გაწმენდის სისტემების მიწოდებაზეა სპეციალიზებული და მდგრად განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზეა ორიენტირებული.

ჯორჯინა ყოველთვის ესწრება თავისი რჩეულის ბრძოლებს. ბოლო, მე-15 წაუგებელი ბრძოლის დროსაც მის გვერდით იყო, იღებდა ვიდეოებს და ილიას ჩემპიონის ქამარი ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.

როგორც გამოცემა marca.com წერს, ჯორჯინას უკვე ჰყავს ვაჟი, რომელსაც ილიასთან ერთად ზრდის. ქართველი მებრძოლი მიიჩნევს, რომ ბიჭუნას არ უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული პრივილეგიები, რათა მან წარმატების მიღწევის სირთულეები გაიაზროს და დააფასოს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, მეტსახელად „ელ მატადორმა“, ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა, კარიერაში ზედიზედ მე-15-ედ გაიმარჯვა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.

ნუცა ყაველაშვილი

ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close