ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

ლილი სოლოშვილის ამერიკაში ახდენილი ოცნება და ქართველი ხელოვანი ჰოლივუდის უმაღლესი ჯილდოსკენ მიმავალ გზაზე

„საქართველოში ხშირად ვამბობდით და ალბათ ახლაც ამბობენ: „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“ და თითქოს ამ ფრაზით ძალიან ბევრი ეპატიებოდა ბავშვს თუ ახალგაზრდას. ემიგრაციამ მასწავლა ერთი ოქროს წესი...“

„ემიგრაციის 8-წლიან პერიოდში ბევრჯერ დავიწყე ნულიდან ცხოვრება. ახლაც არც ისე მარტივ ეტაპს გავდივარ, მაგრამ ერთადერთი, ჩემი ყველაზე დიდი სტიმული – ჩემი გაცნობიერებული ოცნების ფეხდაფეხ მიყოლაა“ – ამ სიტყვების ავტორი ნიჭიერი, მიზანდასახული მუსიკოსი და ახალგაზრდა კომპოზიტორი ლილი სოლოშვილია, რომელიც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად წარმატებით მიიწევს წინ, თუმცა არა საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთ – ამერიკაში. სწორედ ამერიკა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც შრომისმოყვარე და ოპტიმისტი ქართველი ახალგაზრდა საკუთარი არჩევანის სისწორეში დაარწმუნა და შემოქმედებითი ზრდის საშუალებას აძლევს.

ლილი სოლოშვილი ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, მუსიკაში ამერიკის ასოცირებული ხარისხის მიღებას ელოდება. Nostal.ge მას ლოს-ანჯელესში დაუკავშირდა:

ლილი, როდის და რატომ გადაწყვიტეთ ამერიკაში წასვლა? რას ფიქრობდით, როდესაც უცხოეთში მიდიოდით და რა სათქმელი გაქვთ ცხოვრების ამ ეტაპზე?

ამერიკაში წასვლა მუსიკის სფეროში ბევრი უსამართლობის ნახვამ გადამაწყვეტინა, მეტიც, საკუთარ თავზე გამოვცადე პროფესიული ბულინგი როგორც ნიჭიერთა ათწლედის პედაგოგებისგან, ისე კონსერვატორიის ლექტორებისგანაც… კონსერვატორიაში ნეპოტიზმის გამო ვერ ჩავაბარე და სწორედ ამის შემდეგ იწყება ჩემი რამდენიმეწლიანი ფიქრი საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაზე. ევროპის რამდენიმე ქვეყნისა და 4-ჯერ ამერიკის საელჩოდან უარის მიღების მიუხედავად, არ დავნებებულვარ, მაინც მივიღე ვიზა და 2016 წელს დაიწყო ჩემი ამერიკული ემიგრაცია.

ცხოვრების ამ ეტაპზე გააზრებული მაქვს, რომ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია ადამიანებს, რაც ჩვენს გონებაში წამის მეასედშიც კი გაიელვებს. მთავარია ჩვენი გაცნობიერებული სურვილები, რომლებიც ჟინში უნდა გადავიყვანოთ და სწორი მიმართულება მივცეთ.

თავად როდის გააცნობიერეთ, რომ აუცილებლად კომპოზიტორი უნდა ყოფილიყავით?

მახსოვს, როგორი ემოცია მოიტანა მუსიკამ, როცა პირველად ცოცხლად ვნახე, როგორ უკრავდა ადამიანი პიანინოზე და გიტარაზე – უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სახლში მისულმა მთელი ღამე ვიფიქრე ამ განცდებზე და წამითაც ვერ მოვხუჭე თვალი. ამის შემდეგ ზუსტად ვიცოდი, ვინ ვიქნებოდი, რა პროფესიას ავირჩევდი ცხოვრებაში. მახსოვს, ჩემს დღიურებში ვწერდი, რომ კომპოზიტორი ვარ… რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სხვა განხრაზე არასოდეს მიფიქრია, მაგალითად, არასოდეს მნდომებია მომღერლობა ან პიანისტობა.

თუმცა კომპოზიტორობას პიანისტობაც მშვენივრად შეუთავსეთ და ამერიკაში კონცერტიც გქონდათ, როგორც პიანისტს

დიახ, გასული წლის დეკემბერში შედგა ჩემი, როგორც პიანისტის, დებიუტი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ საკონცერტო დარბაზში Westerbeck Recital Hall. ეს იყო უდიდესი გამოცდილება და პატივი ჩემთვის.

როგორ მოხვედით თქვენი შემოქმედებითი ცხოვრების თუნდაც ამ ეტაპამდე, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამერიკაში, რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რისი გადალახვაც მოგიხდათ და რა გაძლევდათ სტიმულს?

იმ შემთხვევის გარდა, თუ ვინმე არ დაგხვდა და არ „გიპატრონა“ ამერიკაში, ყველა ემიგრანტისთვის ურთულესია პირველი ნაბიჯები. და ეს „პირველი ნაბიჯები“ დაახლოებით 2-3 წელი გრძელდება. ახალი გარემო, ენის ბარიერი, ახალი ადამიანები, განსხვავებული კულტურა და განსხვავებული მენტალიტეტი; შენი ოჯახის, ახლობლების, მეგობრების მონატრება, დეპრესია, მარტოობა და ა.შ. – ეს ყველაფერი ან გაკაჟებს და ქვას და რკინას გხდის, ან უბრალოდ განადგურებს. ნამდვილად არაა ისეთი ადვილი, როგორც ეს შორიდან და განსაკუთრებით საქართველოდან, ჩანს. ყველაზე დიდი სირთულე, რისი გადალახვა და დაძლევაც მომიხდა, საკუთარი თავის შენარჩუნება იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას. ხშირად ხდება, რომ ისე იკარგებიან ემიგრანტები ამ უცხო გარემოში, ამ „თვითგადარჩენის“ ინსტინქტში, ამ დეპრესიასა და მარტოობაში, რომ რთულია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი, რომ შეინარჩუნო შენი თავი, შენი მიზნები, შენი ადამიანობა.

ემიგრაციის 8-წლიან პერიოდში ბევრჯერ დავიწყე ნულიდან ცხოვრება. ახლაც არც ისე მარტივ ეტაპს გავდივარ, მაგრამ ერთადერთი, ჩემი ყველაზე დიდი სტიმული, ჩემი გაცნობიერებული ოცნების ფეხდაფეხ მიყოლაა.

და რაზე ოცნებობს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი?

ბავშობიდან ყველა ჩემს ბლოკნოტსა თუ პირად დღიურში ვწერდი, რომ მინდოდა გავმხდარიყავი კომპოზიტორი და მიმეღო ჰოლივუდის კინომუსიკის უმაღლესი ჯილდო – „ოსკარი“. პირველი ოცნება ამისრულდა, მეორისაკენ მივდივარ, გზაში ვარ…

როგორც ჩანს, არც თქვენ დაგხვედრიათ ამერიკაში არავინ…

ნამდვილად არავინ დამხვედრია. ერთი ახლობელიც კი არ მყავდა წამლად. ეს გზა სულ მარტომ გავიარე, მაგრამ მერე, დროთა განმავლობაში ოქროს ზოდზე უფრო ძვირფასი ადამიანები შევიძინე.

შემოქმედებითი თვალსაზრისით რა დატოვეთ საქართველოში და რა შეიძინეთ უცხოეთში?

შემოქმედებითი თვალსაზრისით საქართველოში დავტოვე დაუფასებლობა, ნეპოტიზმი და ბულინგი. ამ მხრივ ამერიკაში ბევრად უფრო დაფასებული ვარ. ერთ მაგალითს მოვიყვან: რამდენიმე წლის წინ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ წამყვან მუსიკალურ სკოლაში (Point Blank Music school) ვსწავლობდი, რომლის დამთავრების შემდეგაც მათ ოფიციალურ საიტზე, რომელიც მოიცავს როგორც ლოს-ანჯელესს, ისე ლონდონს, იბიცას, მუმბაის და ჩინეთს, ჩემ შესახებ სტატია განთავსდა.

ალბათ, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კურსდამთავრებულის შესახებ…

დიახ, კურსდამთავრებულების საუკეთესო ხუთეულში შემარჩიეს.

ახლაც სწავლობთ?

ამჟამად ამერიკის ასოცირებული ხარისხის მიღებას ვცდილობ მუსიკაში.

მუსიკით თქვენი ასეთი დაინტერესება და სიყვარული გენეტიკური ხომ არ არის?

მუსიკით 9 წლის ასაკში დავინტერესდი, 11 წლის ასაკში დავწერე პირველი კლასიკური მუსიკალური ნაწარმოები და 14 წლის ვიყავი, როცა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სცენაზე შედგა ჩემი დებიუტი, როგორც მომავალი კომპოზიტორის. ვერ ვიტყვი, რომ მუსიკისადმი ჩემი ინტერესი გენეტიკურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი არავინ მყავს სანათესავოში, შემოქმედების ოჯახში გავიზარდე. დედა და ბიძა ძალიან კარგად ხატავენ. დედას, ლალი კვახაძეს, შესანიშნავი ხმა და ვოკალური მონაცემები აქვს. ბიძაჩემიც ასევე გამოირჩევა განსაკუთრებული მუსიკალური გემოვნებით. ჩემი ბიძაშვილებიც უნიჭიერესები არიან. ეს ყველაფერი კი ჩვენი მთავარი საფუძვლიდან, პაპისგან, დომენტი კვახაძისგან მოდის, რომელიც მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო.

არ ვიცი, კინომუსიკასთან რა კავშირი ჰქონდა თქვენს პაპას, მაგრამ ვიცი, რომ თქვენი მუსიკა მოკლემეტრაჟიან ფილმში აჟღერდა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორიაში ვერ მოხვდით…

დიახ, აბსოლუტურად მართალი ხართ. როგორც გითხარით, კონსერვატორიაში ვერ მოვხვდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმ 7 კომპოზიტორს შორის აღმოვჩნდი, რომელთაც მოკლემეტრაჟიანი ფილმები მუსიკალურად უნდა გაგვეფორმებინა. პროექტი ქართული კინოცენტრისა და კომპანია „სინეტეკის“ ფარგლებში შედგა, რომელსაც ბატონი ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობდა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სანგარი“, რომლის კომპოზიტორიც მე ვარ, 2009 წელს მონრეალის კინოფესტივალის (Monreal World Filmfestival) და World Focus Cinema-ის სექციაში მოხვდა. მანამდე კი პრემიერა შედგა კინოთეატრ „ამირანში“. საოცარი ისაა, რომ ეს იყო სტუდენტური პროექტი და მთავარი პირობაც „სტუდენტობა“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი არ ვიყავი, მაინც დამამტკიცეს ამ ფილმზე – ერთადერთი „არა სტუდენტი“ ვიყავი 7 კომპოზიტორს შორის. ამის შემდეგ კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი („რეზუს უარყოფითი“) და სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი „LOVE RATS“ გავაფორმე მუსიკალურად.

როგორც ვიცი, ამერიკაშიც მონაწილეობდით ევროპის ერთერთი მნიშვნელოვანი კინომუსიკის (FMC-Film Music Contest) კონკურსში

დიდი ხანია არაა, რაც კონკურსებში მონაწილეობა დავიწყე, რადგან არც ისე მარტივია, ზოგადად, კონკურსის შერჩეულ კანდიდატებს შორის მოხვდე და მერეც უამრავი ეტაპის გავლა გიწევს როგორც კინოს კომპოზიტორს. ამ კონკურსში რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა დამაკლდა, რომ ფინალში გავსულიყავი, მაგრამ არა უშავს. ჩემი დევიზია „კიდევ სცადე!“ – ასე რომ, ამით ჩემთვის არაფერი არ წყდება. თუმცა ამ კონკურსიდან ორი, ასე ვთქვათ, საამაყო რამ „წამოვიღე“: პირველი ის, რომ ეს მუსიკა გაჯერებული იყო ქართული ბგერებით და სიტყვებით; მეორე ის, რომ მივიღე უკუკავშირი ჩემს მუსიკაზე ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი კინო და მედია კომპოზიტორისგან, ჯეფ ტინსლისგან (Jeff Tinsley), რომელმაც ჩემი მუსიკა და ქართული ბგერები შეაფასა, როგორც ძალიან საინტერესო და უნიკალური გადაწყვეტილება. მან ასევე აღნიშნა: „ნამდვილად უცხო იდეაა, კულმინაციის მომენტი ჩურჩულით განავითარო, მით უფრო, რომ ეს ჩურჩული დაფუძნებულია საინტერესო და ჩვენთვის უცნობ სიტყვებზე. ვფიქრობ, ზუსტად მოაქვს ამ სცენის ემოცია“.

თქვენთვის ვისი კინომუსიკაა გამორჩეული?

ქართველებიდან გამოვარჩევდი დიდ ხელოვანს, ბატონ გია ყანჩელს, უცხოელებიდან კი – ჩარლი ჩაპლინს. გარდა იმისა, რომ ჩარლი ჩაპლინი ამერიკული კინოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს კინორეჟისორად ითვლება, გამორჩეული კომპოზიტორიცაა. ჩარლი ჩაპლინი პროფესიონალი მუსიკოსი არ იყო და ნოტების წასაკითხად სხვების დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი ფილმებისთვის მუსიკა თავადვე დაწერა.

გია ყანჩელი ამბობდა, ხელოვნება მარტოობაში იქმნებაო… თქვენ როგორი გარემო გჭირდებათ მუშაობისას?

ვეთანხმები ბატონ გიას, ამაზე დიდი ფუფუნება და ბედნიერება არ არსებობს, მაგრამ დღევანდელობაში სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ მუსიკოსები და, ზოგადად, ხელოვანები. ამის შესაძლებლობა, განსაკუთრებით ემიგრაციაში, ნამდვილად არ არის. პირიქით, ახლა სულერთია რა გარემო, რა ვითარება და ემოციური ფონი გვექნება. მეტიც, უდიდესი ნიჭია – შენი ემოციური მდგომარეობა შემოქმედებად და ხელოვნების ნიმუშად აქციო. არ გაქვთ გარემო ხელოვნებისთვის? არ გიწყობენ ხელს შემოქმედებისთვის? – არა უშავს! სწორედ ამიტომ უნდა ვიშრომოთ გარემოს, ვითარების და ემოციური ფონის მიუხედავად, რომ მომავალში თავად შევუწყოთ ხელი და შევუქმნათ საკუთარ თავს ფუფუნება შემოქმედების.

რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში და რაც არ უნდა რთულ ეტაპს გავდიოდე, ყოველთვის უდიდესი ენერგიით მავსებს და ბედნიერებას მანიჭებს იმ საქმის კეთება, რომელზეც ვგიჟდები.

თუმცა სურვილი, ფაქტობრივად, ამერიკაში აისრულეთ… წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ნიჭის გარდა, რა არის საჭირო?

დიდი მადლობა ასეთი შეკითხვისთვის. საქართველოში ხშირად ვამბობდით და ალბათ ახლაც ამბობენ: „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“ და თითქოს ამ ფრაზით ძალიან ბევრი ეპატიებოდა ბავშვს თუ ახალგაზრდას. ემიგრაციამ მასწავლა ერთი ოქროს წესი: სინამდვილეში ნიჭი არის ყველაზე ბოლო „ინგრედიენტი“, რომელიც საჭიროა წარმატების გზაზე. მანამდე კი ყველზე მეტად მნიშვნელოვანია: თვითდისციპლინა (გამონაკლისების გარეშე), შრომა, სწორი სტრატეგია, თვითანალიზი და შეუპოვრობა. ამ ყველაფერს თავისი ქვეპუნქტებიც აქვს, რაც ინდივიდუალურია და იქმნება იმ გზაზე, რომელსაც გავდივართ.

და ამ გზაზე ემიგრანტობა რა არის თქვენთვის?

ჩემთვის ემიგრანტობა არის არჩევანი. ალბათ ბევრი ემიგრანტი შემედავება, რომ ეს გზა მათ არ აურჩევიათ, ცხოვრებამ მოიტანა შვილების ან ოჯახების მიტოვება და ა.შ. მე იმავეს გავიმეორებ: ემიგრანტობა არჩევანია, ნებაყოფლობითი არჩევანი! ცხოვრებამ თუ რამე მოიტანა, ესეც ჩვენი არჩევანია. უბრალოდ, ეს არჩევანი ან ამართლებს, ან – არა. მარტო ემიგრაციაში არა, ზოგადად, ცხოვრებაშია ასე. ნებისმიერი რამ, რაც არ გამოგვივიდა, არის ჩვენი ბრალი და იყო ჩვენი არჩევანი და ნებისმიერი რამ, რაც გამოგვივიდა, არის ჩვენი დამსახურება და ესეც ჩვენი არჩევანი იყო.

ამერიკაში ქართველი ემიგრანტები, ცხადია, ხვდებით ერთმანეთს, საუბრობთ… საინტერესოა, ქართველი ახალგაზრდების პრობლემად რას თვლით უცხოეთში?

ჩემი ემიგრაცია ნიუ-იორკში დაიწყო. იქ უამრავი ქართველია. ასევე არის უდიდესი ქართული სათვისტომო. ხშირად ვიკრიბებოდით და ვხვდებოდით ერთმანეთს ქართველები ქართულ და არა მარტო ქართულ ღონისძიებებზე. ერთად ვხვდებოდით ძველით ახალ წელს და ახლაც ასეა, მაგრამ ამ ეტაპზე მე კალიფორნიაში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ. აქეთ არც იმ რაოდენობის ქართველი და არც იმხელა ქართული სათვისტომოა, როგორც ნიუ-იორკში. შესაბამისად, ძალიან იშვიათად ვხვდები ქართველებს, სამწუხაროდ. რაც შეეხება ქართველი ახალგაზრდების პრობლემას ამერიკაში, ეს უმეტესად არის სწავლის დაფინანსების და ცხოვრების უფლების მოპოვება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი არ ჰყავს აქ და ახალგაზრდა მარტოა ჩამოსული.

ადგილობრივებმა იციან საქართველოს შესახებ, თუ ზოგიერთს კვლავ ამერიკის შტატი Georgia ჰგონია? რა მოსწონთ ქართველების, ქართული კულტურის?

უმეტესობამ ბევრი რამ იცის საქართველოს შესახებ. თუ ვინმემ არ იცის და ამერიკის შტატი ჰგონია, აუცილებლად ვუხსნი ხოლმე. ძირითადად, ჩვენს ტრადიციულ საკვებზე ამახვილებენ ყურადღებას. ლოს-ანჯელესში განსაკუთრებული პოპულარობით აჭარული ხაჭაპური სარგებლობს. მაგრამ მუსიკალურ სფეროში შემხვედრიან ადამიანები, რომლებიც საკვების გარდა, ჩვენს ფოლკლორს იცნობენ. მაგალითად, ახლა მყავს პროფესორი, რომელიც ქართულ მრავალხმიანობაზე გიჟდება. ასევე, რამდენიმე კვირის წინ გავიცანი ახალგაზრდა მუსიკოსი ბიჭი, რომელმაც რამდენიმე ქართული სიტყვა იცის, ნამყოფიც არის საქართველოში და მითხრა, რომ ხშირად მოგზაურობს და ეცნობა სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ კულტურას, მაგრამ ქართული „მრავალჟამიერის“ ანალოგი არსად მომისმენიაო. განსაკუთრებული გრძნობები მაქვს ხოლმე ასეთ დროს, ენით აუწერელი… ბევრი რამ გვაქვს ქართველებს უნიკალური და ხელის გულზე საგოგმანები.

ნამდვილად! ამიტომ კიდევ უფრო საინტერესოა, თქვენი, როგორც ხელოვანის, უახლოესი მომავლის შემოქმედებითი გეგმები როგორია და რამდენად უკავშირდება საქართველოს?

შემოქმედებითი თვალსაზრისით ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია 2 რამ: პირველი, როგორც უკვე გითხარით, ეს არის ამერიკის ასოცირებული ხარისხის მიღება მუსიკაში და მეორე – საავტორო მუსიკალური კურსის განვითარება და გაფართოება. საქართველოში დავიწყე მუსიკის მენტორად პოზიციონირება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართველებს ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოდან, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შეიძინონ მუსიკალური ცოდნა, რომელიც დაფუძნებულია100%-ით ამერიკული განათლების სისტემაზე და რომელსაც სხვაგან და სხვასთან ქართულ ენაზე ვერ ნახავთ. დაინტერესებულებს შეუძლიათ ჩემი ვებსაიტიდან lilysolo.com დამიკავშირდნენ.

დიდი მადლობა, ლილი, წარმატებებს გისურვებთ თქვენი მთავარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე!

ავტორი – თამარ ოთიაშვილი

მსგავს თემაზე:

„სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიამაყებ ჩემი წარმომავლობით“ – ემიგრანტი ქართველი ხელოვანის მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრება ამერიკაში

ქეთი ლაგვილავას 27-წლიანი ამერიკული ისტორია წარმატებებით და ჰეფი ენდით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close