ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიამაყებ ჩემი წარმომავლობით“ – ემიგრანტი ქართველი ხელოვანის მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრება ამერიკაში

„როგორც ემიგრანტი, განსაკუთრებით განვიცდი ჩემი სამშობლოს მიერ გადადგმულ წარმატებულ და წარუმატებელ ნაბიჯებს“

ქართველი მხატვარი ცირა ახობაძე ოც წელზე მეტი ხნის წინათ საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და ამ ქვეყანას მიანდო თავისი ბედ-იღბალი. მრავალმხრივ ნიჭიერი ხელოვანი მუდამ სიახლის ძიებაშია და გარდა მხატვრობისა, მისი შემოქმედება ინტერიერის დიზაინს, ორნამენტების, ტანსაცმლის მოდელების, სამკაულების შექმნას და ფოტოგრაფიას მოიცავს. როგორც მხატვარი, მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში საქართველოსა და ამერიკაში. 2017 წელს კი ნიუ-იორკში მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო სახელწოდებით „The Symphony Of My Soul“ („ჩემი სულის სიმფონია“), რომლის ორგანიზატორი კომპანია MadataArt-ი იყო. მხატვრის თითოეული ნამუშევარი მისივე სულის ნაწილია, გამორჩეული ხელწერით.

ამჟამად ცირა ახობაძის ბევრი ნახატი კერძო კოლექციებშია სხვადასხვა ქვეყანაში. 

ქალბატონო ცირა, რა  გაძლევთ ხატვისთვის შთაგონებას ან განწყობას რა გიქმნით?

შთაგონებას ყველაფერი შეიძლება მაძლევდეს, ნებისმიერი მოვლენა, რაც ყოველდღიურად ხდება. ზოგჯერ ძალიან უბრალო რამ, რაც ვიღაცისთვის შეიძლება არაფერს წარმოადგენდეს, შეიძლება მე ისე აღვიქვა და დავინახო, რომ ჩემს შემოქმედებაზე გავლენა მოახდინოს. ვერ გეტყვით, რატომ და როგორ – ხელოვნება დიდი მაგიაა.

საინტერესოა, ხატვის ნიჭი და სიყვარული გენეტიკურია? თუ გახსოვთ, პირველად რა დახატეთ?

ხელოვნების სიყვარული ბებიამ შთამინერგა. ძალიან უყვარდა ხატვა, ქარგვა, ახალი ორნამენტების შექმნა. ჯერ ფურცელზე დახატავდა, შემდეგ ქსოვილზე გადაჰქონდა და მეც მასწავლიდა. ჩემი ძმაც ხატავდა. დიახ, ეს გენეტიკური ხაზია. რაც შეეხება ჩემს პირველ ნამუშევარს, საკუთარი ავტოპორტრეტი დავხატე.

საქართველოში, ძირითადად, აკვარელით ხატავდით და პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდით, ხომ?

დიახ, აკვარელით ხატვა დღემდე რჩება ჩემთვის ყველაზე იდუმალ, თითქოს მსუბუქ და, ამასთანავე, საკმაოდ რთულ ტექნიკად. საღებავები (ზეთი, გუაში, პასტელი…) ხატვის დროს ბევრ შეცდომას გვპატიობს, აკვარელში ასე არ ხდება, მაგრამ შედეგს სილამაზის და ჰარმონიის ისეთ შერწყმამდე მივყავართ, შეუძლებელია ამ ყველაფერზე უარი თქვა. რაც შეეხება პედაგოგიურ საქმიანობას, თბილისში სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სამხატვრო კოლეჯში ვმუშაობდი ტანსაცმლის მოდელირებისა და ფერწერის პედაგოგად. ის წლები ძალიან კარგად მახსენდება. გარდა იმისა, რომ სტუდენტებთან ურთიერთობამ პროფესიული ზრდის საშუალება მომცა, პედაგოგიური საქმიანობა იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანია, ვერ წყდები. ყოველთვის მყავს მოსწავლეები.

ამერიკაშიც?

დიახ, ამერიკაშიც.

ქართველებიც არიან თქვენს მოსწავლეებს შორის?

ცხადია, ქართველებიც არიან. აქაურ ქართველებთან ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს.

მოგვიყევით თქვენი ამერიკული ცხოვრების შესახებ, როდის და როგორ აღმოჩნდით მშობლიური ქვეყნიდან შორს, როგორი იყო თქვენი ემიგრანტული ცხოვრების დასაწყისი, რა სიძნელეების გადალახვა მოგიხდათ პირველ ეტაპზე და დღეს რას ფიქრობთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ, საცხოვრებლად უცხოეთში რომ წახვედით?

აშშ-ში 2002 წელს ჩამოვედი. როგორც ყველა ემიგრანტს, რასაკვირველია, მეც გამიჭირდა სამშობლოსა და საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა. არც უცხო გარემოში ადაპტირება და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებაა ადვილი, ამ პროცესს გარკვეული ძალისხმევა და ეტაპები სჭირდება, მაგრამ პრობლემების დაძლევა მოვახერხე, რისთვისაც ყველას მადლიერი ვარ, ვინც მაშინ გვერდში დამიდგა. რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთე, რთული სათქმელია, თუმცა ერთი რამ  დანამდვილებით შემიძლია აღვნიშნო: ამ ქვეყანამ ბევრი შესაძლებლობა მომცა, რომ პიროვნულად და შემოქმედებითად წინ წავსულიყავი, რასაც ძალიან ვაფასებ.

რა გასწავლათ  ამერიკამ, მათ შორის, როგორც შემოქმედს?

პირველ რიგში, დროის ფასი და მისი სწორად განაწილება. აქ თუ დროის მენეჯმენტს კარგად არ ფლობ, ძალიან გაგიჭირდება. შემოქმედების მხრივ სულ ახლის ძიებაში ვარ, სხვანაირად არც შემიძლია. ამერიკაში ცხოვრების პერიოდში ინტერიერის დიზაინმა, ორნამენტებმა, ტანსაცმლის მოდელების, სამკაულების შექმნამ და ფოტოხელოვნებამ გამიტაცა. გარდა ამისა, mixed media-მაც მიიპყრო ჩემი ყურადღება და ვცდილობ, ჩემი სტილი ამ ტექნიკასაც მოვარგო.

შეიძლება ითქვას, რომ მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობთ. როგორც ვიცი, ნიუ-იორკში პერსონალური გამოფენაც გქონდათ…

გამოფენის ორგანიზატორი არტპრომოუშენ კომპანია Madatart-ი იყო, რომელიც აქტიურად ეწევა ნიუ-იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას.

გამოფენა ჩელსის საგალერეო ნაწილში მდებარე Sepia Eye Gallery-ში ჩატარდა, სადაც აკვარელში შესრულებული ჩემი ორმოცამდე ნამუშევარი წარმოვადგინეთ. არ დავმალავ, ძალიან ვღელავდი – პერსონალური გამოფენა ნებისმიერი ხელოვანისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ძალისხმევას მოითხოვს – მაგრამ გახსნის საღამომ წარმატებით ჩაიარა. რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდა კიდეც. საერთოდ, ბევრ უცხოელს აქვს ჩემი ნამუშევრები, მათ შორის,  ფრანგებს, შვეიცარიელებს, თურქებს, რუსებს, პოლონელებს და ა. შ.

როგორ ფიქრობთ, რა მოსწონს უცხოელ დამთვალიერებელს თქვენს ნახატებში?

ალბათ, უპირველესად, გულწრფელობა… რასაც ვგრძნობ, განვიცდი და აღვიქვამ, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე გადამაქვს ტილოზე.

უახლოეს პერიოდში ახალი გამოფენისთვის ხომ არ ემზადებით?

რა თქმა უნდა, მაქვს გეგმები. ახალ ნამუშევრებზე ვმუშაობ და აქტიურ პროცესში ვარ.

საქართველოში როდის უნდა ველოდოთ თქვენს პერსონალურ გამოფენას?

ამ ეტაპზე არა, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება მოვაწყო.

როგორც ხელოვანს, გამორჩეული სამუშაო გარემო გჭირდებათ?

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძირითადად ღამე ვმუშაობ. შეიძლება იმიტომ, რომ როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, სიმშვიდეში უკეთესად ვახერხებ კონცენტრირებას.

თუ გაქვთ ნამუშევარი, რომელიც თქვენთვის ისეთი ძვირფასია, რომ არასდროს არავის მისცემთ, არ გაყიდით

დიახ, ასეთებიც არის, რომლებიც არ გინდა, გამოფინო და საჯარო გახადო. როგორ გითხრათ? შეიძლება ღირებულს არც წარმოადგენდეს, მაგრამ შენთვის იმდენად სენსიტიურია, არ გსურდეს, რომ სხვისი თვალი მოხვდეს.

როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ხელოვნება რით არის გამორჩეული?

თავისუფალია, ყოველგვარი შეზღუდვისგან შორს და ასეც უნდა იყოს – ხელოვნებას ჩარჩოები არ უხდება.

ყველა ქვეყნის მხატვრისთვის საერთო რა არის, თქვენი აზრით?

ერთმანეთს არ ჰგვანან. სწორედ ეს აქვთ საერთო.

ამჟამად კონკრეტულად სად ცხოვრობთ?

ქართველი ემიგრანტების უმეტესი ნაწილი ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, პენსილვანიისა და კონექტიკუტის შტატებში ცხოვრობს. პირადად მე ნიუ-ჯერსიში დავსახლდი.

ადგილობრივებმა თუ იციან რაიმე საქართველოს შესახებ? რა მოსწონთ ქართველების, ქართული კულტურის?

არ არსებობს, ქართველმა სადმე იცხოვროს და თავის კვალი არ დატოვოს. ბოლო დროს ემიგრაციის გაზრდილმა ნაკადმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ქართული დიასპორის გაძლიერებას. ხშირად ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც ქართული ფესვების, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურება. ასე რომ, აქ ამერიკელები კარგად გვიცნობენ და მოხიბლული არიან ჩვენი ნიჭიერებით.

ხატავთ, ტანსაცმლის ორიგინალურ მოდელებსა და სამკაულებს ქმნით, გიტაცებთ ფოტოხელოვნება, ინტერიერის დიზაინზეც მუშაობთ… სად უფრო ახერხებთ თქვენი სათქმელის გადმოცემას და, შესაბამისად, შესაძლებლობების ყველაზე უკეთ რეალიზებას?

ასეთი თვისება მაქვს: არაფერს ხელს არ მოვკიდებ, თუ ბევრი არ ვიფიქრე და ჩემს ინტერესებთან ახლოს არ არის. თუ დავიწყე, ბოლომდე ვიხარჯები სასურველი შედეგის მისაღებად. კონკრეტულად ვერ გეტყვით, რომელმა მათგანმა უფრო მეტად მომცა თვითრეალიზების საშუალება. ყველა ჩემი ცხოვრების ნაწილია. რასაც ვქმნი, თითოეული მათგანი ჩემი სიტყვა, აზრი, ფიქრია… მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარება არასოდეს იქნებოდა ჩემთვის მისაღები.

საქართველო როგორ ჩანს აშშ-დან და თქვენი სამომავლო გეგმები  თუ უკავშირდება მშობლიურ ქვეყანას?

ვერ წარმოიდგენთ, საკუთარი სამშობლოსგან შორს ყოფნა და განვითარებული ქვეყნის სოციუმიდან სამშობლოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება როგორ სწორად გაჩვენებს პროცესებსა და შედეგებს. სწორედ ამ მიზეზის გამო, როგორც ემიგრანტი, განსაკუთრებით განვიცდი ჩემი ქვეყნის მიერ გადადგმულ წარმატებულ და წარუმატებელ ნაბიჯებს. ჩემთვის სამშობლო მუდამ ნოსტალგიურ ფერებში ჩანს. დაბრუნებაზე ხშირად ვფიქრობ, მაგრამ როდის დადგება ეს დღე, მომავლის საკითხია.

რას ვერ მიიღებთ და გაითავისებთ ვერასდროს, თუნდაც მუდმივად დარჩეთ საცხოვრებლად ამერიკაში?

ვერ მივიღებ საკუთარი იდენტობის დაკარგვას. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიამაყებ ჩემი წარმომავლობით.

ემიგრანტისთვის რა არის უმთავრესი?

გამძლეობა, ნებისყოფა, ახალი გარემოს მიმართ სწრაფი ადაპტირების უნარი, მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა. ამ თვისებების გარეშე ძნელია, უცხო მიწაზე გადარჩე.

ყველაზე მეტად რა გაწუხებთ ახლა? და ყველაზე ხშირად რა შეკითხვას უსვამთ საკუთარ თავს?

ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების გარეშე ყოფნა მაწუხებს. ბევრი ადამიანი მენატრება. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოდან წამოსვლა და რომ დავრჩენილიყავი, დღეს როგორი იქნებოდა ცირა ახობაძე?

კითხვა ყოველთვის უპასუხოდ რჩება?

სამწუხაროდ, ასეა…

დაასრულეთ ფრაზა: ჩემთვის მთავარია, რომ

…მაშინაც კი, როდესაც გამოსავალი არ ჩანს, არასოდეს დავნებდე. ამაშია ცხოვრების არსი.

დაბოლოს

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემ მიმართ გამოხატული ინტერესისა და ყურადღებისთვის. nostal.ge-ს კი ვუსურვებ წარმატებებს, მუდამ წინსვლასა და განვითარებას.

თამარ ოთიაშვილი   

      

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close