ქეთი ლაგვილავას 27-წლიანი ამერიკული ისტორია წარმატებებით და ჰეფი ენდით

ქეთი და მისი ამერიკული ცხოვრების უცვლელი თანამგზავრი - ვინტაჟური საკერავი მანქანა.
ქეთი ლაგვილავა 1991 წელს წავიდა ამერიკაში  ყოფილ მეუღლესა და 5 წლის შვილთან ერთად, ჯიბეში 100 დოლარით და დიდი მიზნებით.

„ცუდი დრო იყო. ჩემი ყოფილი მეუღლე წამოვიდა სამუშაოდ და მე და გიორგიც – ჩემი 5 წლის შვილი – გამოვყევით 9 თვის შემდეგ. ვფიქრობდი, რომ ცოტა ხანს ვიქნებოდით და მერე დავბრუნდებოდით საქართველოში, ვერ წარმომედგინა, რომ აქ სამუდამოდ დავრჩებოდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავრჩით…“ – მეუბნება ქეთი და თავის 27-წლიან ამერიკულ ისტორიას მიყვება ძალიან გულწრფელად, ემოციურად, ზოგჯერ იუმორსაც გამოურევს… და ამ თითქოსდა უბრალოდ ნაამბობის უკან გრძნობ განვლილი წლების ტკივილს, სევდას, ხან ჩანავლებულ და ხან ისევ აბრიალებულ იმედს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწეული წარმატების და კეთილდღეობის სიხარულს. გრძელი ამბავია, მაგრამ ძალიან საინტერესო, ამერიკული მელოდრამასავით ბოლომდე რომ ჩაგითრევს… რაც მთავარია, ჰეფი ენდით, წარმატებებით და ქორწილით.

ქეთი, 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში ქართველი ემიგრანტი  ბევრი არ იყო, არა?

დიახ, ბევრი ქართველი არ იყო. ნიუ-იორკში ჩვენთან ერთად 30-მდე ახალი ემიგრანტი ჩამოვიდა. თავიდან 3 ოჯახი ვცხოვრობდით 2,5-ოთახიან ბინაში, College Point-ში, ქვინსში; 600 დოლარს ვიხდიდით თვეში თითო ოჯახი.

სამუშაო როგორ იპოვეთ?

მე პროფესიით გეოფიზიკოსი ვარ, თბილისში გეოფიზიკის ინსტიტუტში ვმუშაობდი, ნიუ-იორკში კი, რა თქმა უნდა, ჩემი გეოფიზიკა არავის აინტერესებდა და ჩამოსვლის დღიდანვე ვფიქრობდი, რით მერჩინა თავი.

კერვა ვიცოდი ბავშვობიდან – ბებიამ მასწავლა და „ბურდიდან“ ვიკერავდი ხოლმე ჩემთვის ტანსაცმელს; ზოგჯერ ვყიდდი კიდევაც მეგობრების დახმარებით.

სულ ჩემი შეკერილი ტანსაცმელი მეცვა, ძალიან მიყვარდა მოდურად ჩაცმა და  ბავშვობიდან მეხერხებოდა ხატვაც, ხაზვაც…

დავიწყე სამსახურის ძებნა და ერთხელაც College Point-ში, ნიუ-იორკში, Dry Clean-ის (ქიმწმენდა) ფანჯარაში დავინახე, რომ ქალი ზის საკერავ მანქანასთან და რაღაცას კერავს – ტანსაცმლის გადაკეთებაზე მუშაობდა, ძირითადად. ჩემი 5 წლის შვილი –  გიორგიც თან მახლდა. შევედი ჩემი გიორგუნათი ამ „დრაი ქლინში“ და საცოდავი დამტვრეული ინგლისურით ავუხსენი, რომ აი, ბატონო, სულ ჩემი შეკერილია, რაც ამ ბავშვს აცვია-მეთქი (გიორგის ეცვა ჩემი პიკაჯიდან გადაკეთებული ვარდისფერი ქურთუკი, მწვანე შარვალი – კარგი ნაჭერი ვიშოვე თბილისში და იმით შევუკერე – და ჩემი მოქსოვილი ჯემპრი. 5 წლის გიორგუნა თავისი ჩაცმულობით იყო ჩემი პორტფოლიო).

ეს ფოტო 1991 წელს არის გადაღებული თბილისში. პატარა გიორგის სწორედ ის ვარდისფერი ქურთუკი აცვია.

გუშინდელი დღესავით მახსოვს: ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა გიორგის ტანსაცმელმა. იმ კაცმა გამომიყო ადგილი და მომცა სამუშაო 100 დოლარად კვირაში. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ფული იმ დროს…

მე იმდენად გამოვიჩინე თავი, რომ ეს 100 დოლარი ერთ თვეში გახდა 200 დოლარი, მერე სამ თვეში გახდა 300 დოლარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვშრომობდი და გამივარდა სახელი – მკერავი მარგო ვიყავი უბანში. :). თან ჩემს სახლთან ახლოს მქონდა სამსახური.

როცა მონდომებული ხარ, იშრომებ და კომუნიკაციის უნარი გაქვს ადამიანებთან (თუნდაც ენა არ იცოდე) – ადამიანს თბილად შეხვდები, გაუღიმებ – უკვე გაფასებენ. აფასებენ შრომას. თბილისში ხომ არ არსებობს, რომ იმ დროს ქიმწმენდაში დამეწყო მუშაობა; ვაკის უბანში გავიზარდე – არ ვიკადრებდი ეგეთ სამსახურს, ოჯახისშვილობა და რამე… რადგან თვითონ ხალხიც სხვანაირად უყურებდა ამ საკითხს. აქ სულ სხვა მიდგომა იყო, აფასებდნენ ჩემს შრომას, მეგობრებიც გავიჩინე: ერთი – სკოლის მასწავლებელი, მეორეს ქმარი ჰყავდა მდიდარი და თვითონ არ მუშაობდა… ამერიკაში არ არის ასე, რომ შენ დაბალ საფეხურზე ხარ, დაბალი თანამდებობა გაქვს და მე ვიღაცა ვარ და შენთან არ ვიკადრებ მეგობრობას.

რომ ვიგრძენი, რომ ეს ასე არ არის ამერიკაში, ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა…

ჩემი შვილიც – გიორგიც 14 წლიდან მუშაობდა ხან რესტორანში, ხან სად, ხან სად და ეს მიხაროდა, იმიტომ რომ ამან გამოუმუშავა შრომის ეთიკა.

თქვენ ხომ არალეგალურად იყავით იქ და ეს არ გიქმნიდათ სამუშაოს მხრივ პრობლემას?

იმ პერიოდში ამერიკა სულ სხვა იყო, სხვა წესები მოქმედებდა: როგორც ჩამოხვიდოდი, შეგეძლო აგეღო მუშაობის უფლება – ნებისმიერ ადამიანს აძლევდნენ მუშაობის უფლებას, რომელიც ყოველ წელს უნდა გაგეგრძელებინა. არც დაზღვევა, არაფერი – უბრალოდ, გაქვს ბარათი, რომელიც მუშაობის უფლებას გაძლევს და უნდა იხადო გადასახადები.

და თუ მუშაობას დაიწყებდი, უკვე არალეგალიც აღარ იყავი. ამასობაში კი „გრინ კარტის“ პროცესიც უნდა დაგეწყო. ჩვენი პროცესი გაგრძელდა 7 წელიწადი. 8 წლის განმავლობაში ვერ ჩამოვედით საქართველოში, რადგან უკან, ამერიკაში ვეღარ დავბრუნდებოდით.

გიორგი სკოლაში წავიყვანეთ. ენა არ იცოდა და ბავშვებს ეჩხუბებოდა. მასწავლებელმა მომცა უფლება, რომ საკლასო ოთახში გიოს გვერდით დავმჯდარიყავი და გადამეთარგმნა… ეს დიდი ისტორიაა, თუ როგორი ძნელია ბავშვისთვისაც და დიდისთვისაც, რამდენი დაბრკოლება გეღობება და თან როგორ გტანჯავს ნოსტალგია. ღამე მეღვიძებოდა, დილით არ მინდოდა ადგომა, მენატრებოდა ოჯახი, მეგობრები… ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანეთ – განსაკუთრებით პირველი წელიწადი.

კეთილსინდისიერად ვმუშაობდით, გადასახადებს ვიხდიდით და ლოიერს (საიმიგრაციო ადვოკატს) ვაძლევდით თანხას, რომ ჩვენთვის მწვანე ბარათი გაეკეთებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა. მერე ისე მოხდა, რომ კანონი გამოვიდა – „ნაკარა ქეის“ (Nacara case) ერქვა, რომლის თანახმადაც, თუ ქვეყანაში ცხოვრობდი 7 წელი, გადასახადებს იხდიდი და ნასამართლევი არ იყავი, ავტომატურად გაძლევდნენ მწვანე ბარათს. ასე მივიღეთ ჩვენც მწვანე ბარათი და 8 წლის მერე რომ ჩამოვედით საქართველოში. რამხელა ბედნიერება იყო, ვერ წარმოიდგენ!

როგორ გაგრძელდა შენი ქიმწმენდაში მუშაობის ამბავი?

მესამე თვეს წავედი სხვა, უფრო კარგ უბანში – Forest Hill-ში და იქ ქიმწმენდაში ვუთხარი, რომ „აი, ბატონო, იქ ვმუშაობ და მიხდიან კვირაში 200 დოლარს და თქვენ რამდენს გადამიხდით?“ – 300 დოლარი შემომთავაზეს და დავთანხმდი.

ქიმწმენდაში რომ ვმუშაობდი, გვერდით ძალიან კარგ უბანში იყო ტანსაცმლის მაღაზიები. გავიცანი ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი, დავუხატე ჩემი იდეების ესკიზები, შევკერე ერთი ნიმუში და ვაჩვენე, თუ გაყიდი შენს მაღაზიაში-მეთქი. ის ქალი იმდენად კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ, რომ შანსი მომცა – თორმეტი ცალი შემიკვეთა.

წავედი მანჰეტენზე, მეტროთი მოვიტანე ეს ქსოვილები სახლში, იატაკზე გამოვჭერი 12 ცალი და შევკერე.

მერე ვიპოვე ქალი, რომელიც  სახლში კერავდა ძალიან კარგად – ვიეტნამელი იყო, 5 შვილი ჰყავდა. მე ვჭრიდი – 12, 24, 40 ცალს, ერთ ნიმუშს მე შევკერავდი და  დანარჩენს იმ ქალს ვაკერინებდი. ქიმწმენდაში მუშაობას თავი დავანებე, რადგან ეს მაძლევდა საკმარის მოგებას და თანაც დრო ბევრი მჭირდებოდა… ფაქტობრივად, ავაწყვე ეს ჩემი პატარა ბიზნესი. ამასობაში უკვე ცალკე ბინაში გადავედით იქვე, ფორესტ ჰილში გიორგი, მე და ჩემი მეუღლე (ახლა უკვე ყოფილი, 20 წლის მერე გავშორდით) – 2-ოთახიან ბინაში 800 დოლარს ვიხდიდით თვეში. ჩემი მეუღლეც „ჩალიჩობდა“, როგორც ყველა ქართველი.

კარგად იყიდებოდა ჩემი წარმოებული ტანსაცმელი, მოსწონდათ ჩემი დიზაინები…  ჩემთვის ეს დიდი სტიმული იყო, რომ ჩამოსვლიდან 6 თვის შემდეგ ჩემი დიზაინის ტანსაცმელი უკვე იყიდებოდა ამერიკაში, თუმცა, რა თქმა უნდა, მაღაზიის სამარკო ნიშანი ედო.

ასე კუსტარულად არ გიჭირდათ მუშაობა?

კი, ძალიან ვწვალობდი, ძალიან მიჭირდა  მარტო, მე-18 საუკუნის დონეზე ვაკეთებდი, რაც შემეძლო მე თვითონ, ჩემი მონაცემებით, თარგების შექმნის ძალიან მინიმალური ცოდნით. ამიტომ ვიფიქრე, რომ ვისწავლი ამ საქმეს და მერე მე თვითონ დავიწყებ ჩემს ბიზნესს-მეთქი… უამრავი იდეა მაქვს, მაგრამ განხორციელება მიჭირს და, მოდი, ვისწავლი თარგების გაკეთებას. მე მაინტერესებდა უფრო კომფორტული, სწორად კონსტრუირებული ყოველდღიური ტანსაცმელი – არა საღამოს კაბები და გამოსასვლელი სამოსი…

მანჰეტენზე არის საუკეთესო კოლეჯი – Fashion Institut Of Technology (FIT), სადაც ძალიან ბევრი განხრაა, რომელიც საჭიროა ტანსაცმლის შექმნისთვის. ავირჩიე თარგების შექმნის სპეციალობა (Pattern making technology), თუმცა ძალიან ბევრი სპეციალობის კურსი გავიარე, რომ დიპლომი ამეღო (სხვათა შორის, ჩემი უნივერსიტეტის დიპლომიდან – გეოფიზიკის ფაკულტეტიდან – 70 კრედიტი ჩამეთვალა). ღამე ვსწავლობდი და დღე ვმუშაობდი. ჩემი ყოფილი მეუღლე მაგაში ძალიან დამეხმარა, ისიც მუშაობდა იმ პერიოდში და ერთად როგორღაც გავიტანეთ თავი. 1995 წელს დავამთავრე ეს სასწავლებელი – The Associate in Applied Science (AAS) ავიღე.

როგორც ვიცი, შემდეგ წლების განმავლობაში ცნობილ ბრენდებთან მუშაობდი, როგორ მოხვდი მათთან?

მანჰეტენის კოლეჯი რომ დავამთავრე, მოვინდომე, წავსულიყავი მოდის ინდუსტრიაში და მესწავლა, პრაქტიკაში როგორ კეთდება ეს საქმე მაღალ დონეზე. პრაქტიკული გამოცდილება სულ სხვაა, რა თქმა უნდა. ჯერ დავიწყე ერთ-ერთ კომპანიაში დაბალ ხელფასზე თარგების შექმნის სპეციალისტად. რომ მივედი, ჩემი შეკერილი კოსტიუმი მეცვა, რომელიც ძალიან მოეწონათ.

კოსტიუმების შექმნაში ქეთი განსაკუთრებით ძლიერია. ახლაც აქვს კოსტიუმების შეკვეთა მაღაზიიდან Career Costum. ეს თეთრი კოსტიუმი კი თბილისში სამოგზაუროდ შეიკერა.

შემდეგ პარალელურად მეორე კომპანიაშიც ვმუშაობდი, რომელმაც ფიტ-მოდელადაც (Fit Model) ამიყვანა (მე მაქვს ის სტანდარტული პროპორციები, რომელიც მოდის ინდუსტრიას სჭირდება) – ასეთი პროფესიაც არსებობს ამერიკაში, რომელიც საკმაოდ შემოსავლიანია. დავრბოდი ერთი კომპანიიდან მეორეში; მთავაზობდნენ, მთლიანად გადადი ფიტ-მოდელობაზე, უფრო მეტი შემოსავალი გექნება, მაგრამ არ მინდოდა ეს საქმე. ასეთი ვარ: რაც მომწონს და მიყვარს, ის უნდა ვაკეთო…

ქეთი ფიტ-მოდელის ამპლუაში, 1999 წ.

ამ პროცესში უფრო და უფრო უკეთეს სამსახურებს მთავაზობდნენ. ამერიკაში მოდის ინდუსტრიაში ძალიან დიდი ცვლილებები ხდება ყოველდღე – ერთ განყოფილებას დაკეტავენ, მეორეს გახსნიან, ხალხს გაუშვებენ და ა. შ. მოკლედ, ჯუნგლების კანონია – ხომ გაგიგიათ ამერიკული კაპიტალიზმი. უზარმაზარი კონკურენციაა ამ სფეროში და ძალიან შრომატევადი საქმეა.

სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი მთავარ ტექნიკურ დიზაინერად – ეს დიდი ბრენდები საქართველოშიც იციან: „ან კლაინი“, „ტომი ჰილფიგერი“, „ტაჰარი“, „ამერიკენ იგლ აუთფითერსი“, „ადრიანა პაპელი“, „ჯო ფრეში“ (Anne Klein, Tommy Hilfiger, Tahari, American Eagle Outfitters, Adrianna Papell, Joe Fresh). ყველა სამსახურში, სადაც ვიყავი, უფრო მეტ და უფრო საინტერესო გამოცდილებას ვიძენდი. ბევრს ვმოგზაურობდი თურქეთსა და ჩინეთში, რადგან იქ ფაბრიკებში იკერებოდა ჩვენი ფირმების სამოსი და ჩემი მოვალეობა იყო, ამ ფაბრიკებში მეკონტროლებინა, მოდელები შესაბამისი და ხარისხიანი შეეკერათ.

2005-2007 წლებში ძალიან კარგი პოზიცია შემომთავაზეს „ამერიკენ იგლ აუთფითერსში“ – მე ვიყავი მთავარი ტექნიკური ინჟინერი და 15 ადამიანი მექვემდებარებოდა; შემოსავლის მხრივ ყველაზე კარგი იყო ჩემთვის.

ფინანსური კრიზისის დროს როგორ გადარჩით, რომ სამსახური არ დაკარგეთ?

2008-2009 წლებში ამერიკაში ფინანსურმა კრიზისმა ძალიან შეცვალა ყველა სფერო და, მათ შორის, მოდის ინდუსტრიაც, იმიტომ რომ ხალხმა დაკარგა უამრავი ფული…  და ცნობილია, რომ ასეთ დროს ადამიანები ტანსაცმელს აღარ ყიდულობენ. მაშინ ვმუშაობდი დიდ კომპანიაში – Jones Group, რომელსაც უამრავი ბრენდი ეკუთვნის. ძალიან ბევრი პატარა ბიზნესკომპანია გავიდა ამ სფეროდან. მეც ხომ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ ჩემი ბიზნესი მქონოდა. მაგრამ ამ პერიოდში ვფიქრობდი, რა კარგია, რომ ღმერთმა ამ გზით წამიყვანა და ჯერ არ მაქვს ჩემი კომპანია – ყველაფერს დავკარგავდი!

მაშინ გადავრჩი, შევინარჩუნე სამსახური. Jones Group-ში დავრჩი ყველაზე დიდხანს – 5 წელი. მერე კიდევ შემცირებები მოხდა და მე დავკარგე სამსახური, იმიტომ რომ უკვე უნდოდათ, ახალგაზრდები მოეყვანათ და ნაკლები ფულით მეტი საქმე ეკეთებინათ.

ეს რომელ წელს მოხდა?

2012-ში. პარადოქსია, მაგრამ ეს იყო ყველაზე კარგი რამ – მე ხომ მთელი ცხოვრება არასოდეს დამისვენია. თან C ჰეპატიტი მქონდა, 15 წელი ყოველ წელიწადს დავდიოდი ექიმთან. ექიმი მეუბნებოდა, შენი გამოჯანმრთელების შანსი არის 50/50-ზე, ძალიან მძიმე მკურნალობაა და შეიძლება ვერც მორჩე, ამიტომ დაელოდე, რომ უკეთესი წამლები გამოვიდესო… ამ დროს უკვე ქმარს გაცილებული ვიყავი და მეგობარი მყავდა, ქრეგ მაკკენა, რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა. ქრეგმა მითხრა: „მოდი, 3 თვე დაისვენე და მაგ დაავადებას მიხედე!“

მეც გადავწყვიტე, რომ დამეწყო მკურნალობა. ძალიან მძიმე მკურნალობა იყო, თუმცა 3 თვეში ძალიან კარგი შედეგი მქონდა და მთელი ენერგიით ჩავერთე ნიუ-იორკის fashion ინდუსტრიაში.

როცა ჩემს პირველ მეუღლეს გავშორდი, მანჰეტენზე პატარა ბინა ვიყიდე და იქ ვცხოვრობდი. 2015 წელს კი კოლორადოში გადმოვედით საცხოვრებლად მე და ქრეგი. ქრეგს ძალიან უნდოდა აქ გადმოსვლა, მე თავს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი. ჩემს შვილს – გიორგისაც რომ ვკითხე, მითხრა: მეც არ მინდა სულ  ნიუ-იორკში ცხოვრება და მეც წავალ, მე ნუ მიყურებ, ქრეგი ძალიან კარგი ადამიანია და რაც გინდა, ის გააკეთეო. რადგან გიორგიმაც თავისუფლება მომცა – ხომ იცი, ქართველი დედებისთვის შვილი ყველაზე მთავარია – ერთხელაც მოვედი სამსახურიდან დაღლილი, თანამშრომლებზე გაბრაზებული და ვუთხარი ქრეგს, წავიდეთ კოლორადოში-მეთქი.

გადმოვედით დენვერში – დენვერი არის კოლორადოს დედაქალაქი, მშვიდი, კარგი ქალაქი; აქედან საათ-ნახევრის სავალზე გვაქვს საუკეთესო სათხილამურო კურორტები, მთებია ულამაზესი. ქრეგს ძალიან უყვარს ჰაიკინგი (მთებში სიარული), მეც ყოველთვის მიყვარდა მთები და გეოფიზიკოსი ამიტომაც გავხდი. საერთოდ, ძალიან სპორტული ვარ. აქ ბევრად უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესია, ვიდრე ნიუ-იორკში, ცხოვრების ღირებულებაც უფრო ნაკლებია და ჩვენს ასაკში უფრო კარგია აქ ყოფნა; აღარც ის ენერგია მაქვს, რაც მქონდა – უკვე 56 წლის ვარ და როდემდე შეიძლება დღედაღამ მუშაობა?! მაგრამ ჩემი საქმისთვის აქ არ არის შესაფერისი ადგილი – აქ მოდის ინდუსტრია არ არსებობს, თბილისში რომ ვიყო, ბევრად უფრო დიდი წარმატება მექნებოდა ამ ჩემს სფეროში, ვიდრე დენვერში მაქვს. აქ ხალხი ძალიან უბრალოდ იცვამს, ტანსაცმელს არ აქვს დიდი ღირებულება მათთვის – საერთოდ, ამერიკის ყველა შტატში სხვადასხვა კულტურაა. ტექსასსა და დალასში, ატლანტაში ძალიან იპრანჭებიან, ნიუ-იორკშიც, ლოს-ანჯელესშიც, მაგრამ დენვერი უესტია (west – ინგ. დასავლეთი), ხომ გაგიგონიათ ძველი კინოებიდან – „ვაილდ, ვაილდ უესტ“ (ინგ. – „ველური, ველური დასავლეთი“); კოვბოის ჩექმები აცვიათ, ტატუირებული ტანი აქვთ – სულ სხვა კულტურაა. ერთი-ორი კომპანიაა და რომ დავუკავშირდი, შემომთავაზეს ან სათხილამურო ტანსაცმელი, ან ველოსიპედის, ამიტომაც ვიფიქრე, მე თვითონ თუ არ შევქმენი ჩემი ბიზნესი, აქ თავს ვერ გავიტან-მეთქი.

აქ რომ ჩამოვედი 2015 წელს, უფასოდ დავიწყე მუშაობა კვირაში სამ დღეს  Denver Design Incubator-ში (დენვერის დიზაინერების ინკუბატორი) – ეს კომპანია ხელს უწყობს ახალგაზრდა დიზაინერებს, რომ განვითარდნენ. ამ კომპანიაში მუშაობა დამეხმარა დენვერის  „ფეშენ“ საზოგადოებასთან კონტაქტების დასამყარებლად.

და კიდევ, შაბათ-კვირას „დენვერ დიზაინ ინკუბატორში“ 4-8-კაციან ჯგუფებს ვასწავლი თარგების გაკეთებას, ტექნიკურ დიზაინს. სახლში ძალიან კომფორტული ოფისი მაქვს და კერძო კლიენტებს ვიღებ.

ძალიან ხშირად მპატიჟებენ კოლეჯებში, სკოლებში ლექციების ჩასატარებლად. კოლორადოში უკვე ვიყავი ყველა კოლეჯში, Colorado State University-ში, Art Institute-ში…

DDI-ში გავიცანი ერთი ადამიანი, რომელსაც ბიზნესის დაწყება უნდოდა Fashion ინდუსტრიაში. მისი კომპანიის მთელი კოლექცია გავაკეთე (Fall 2016) – მთავარი დიზაინერი ვიყავი, წელიწად-ნახევარი მასთან ვმუშაობდი. ჩემს ინსტაგრამზე – Keti_Vani  შეგიძლიათ ნახოთ ეს კოლექცია (Boldi).

ძალიან მიხაროდა. პატარა კომპანიაში შეგიძლია ყველაფერი გააკეთო. მთელი ამერიკის მაღაზიებში გაიყიდა ჩემი კოლექცია, მაგრამ შემდეგ „ბოლდიდან“ წამოვედი, რადგან მფლობელს უკვე სხვა მიზნები გაუჩნდა და გადავწყვიტე ჩემი საკუთარი ხაზის შექმნა – KetiVani ჰქვია ფირმას.

ბოლოს და ბოლოს გავაკეთე ის, რაც მიყვარს და მომწონს. მე თვითონ ვხატავ, ვაკეთებ თარგს, ვკერავ ერთ ნიმუშს და თუ ვინმეს მოეწონება, მერე უკვე მივდივარ ფაბრიკაში და შეკვეთას ვაძლევ. უკვე 7 სხვადასხვა სტილის ტანსაცმელი გავყიდე დენვერში ყველაზე კარგ მაღაზიაში, „გარბარინიში“, 2017-2018 წლებში. ჩემი ნამუშევრები „გარბარინიში“ იყიდება ძვირადღირებული და ცნობილი ბრენდების ტანსაცმლის გვერდით. მეც არ ვქმნი იაფფასიან სამოსს, რადგან ხარისხს არ ვღალატობ. მაგალითად, ქალის თეთრი პერანგი 190$-ად იყიდება და საკმაო მოთხოვნაა.

ქეთის „გარბარინიში“ პირველად შეაქვს თავის მიერ შექმნილი სამოსი. 2017 წ.

დიდი გამოწვევებია, როდესაც საკუთარი ბიზნესი გაქვს, განსაკუთრებით პატარა კომპანიისთვის, რადგან ფაბრიკას 100 ცალზე ნაკლების შეკვეთას თუ მისცემ, პროდუქცია გიძვირდება, არადა, 100 ცალი სად უნდა გაყიდო დენვერში?!

ცნობილ ბრენდად გაზრდას კი, მით უმეტეს, დენვერიდან რომ გაითქვა სახელი მთელ ამერიკაში, დიდი სახსრები სჭირდება…

ქეთი, ვხედავ, რომ როგორიც სტუდენტობისას იყავი, ისევ ის წონა შეინარჩუნე, არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ, ალბათ ვარჯიშობ…

ზუსტად იგივე ზომა ვარ, რაც სტუდენტობისას – მართალია, უფრო „დავჭკნი“ და დავბერდი, მაგრამ მაგ მხრივ ვიყოჩაღე. ვვარჯიშობ კვირაში 2-3-ჯერ. დილით რომ გავიღვიძებ, თუ კარგი ამინდია, დავრბივარ, ჩოგბურთს ვთამაშობ, თხილამურებით ვსრიალებ. ამის გარეშე შეუძლებელია ფორმის შენარჩუნება. მე თავად ვმოდელობ, 56 წლის ასაკში საკუთარი თავის ფიტ-მოდელი ვარ. მე ის უპირატესობა მაქვს, რომ ჩემს სფეროში ყველაფერი შემიძლია მაღალ დონზე: დიზაინის გაკეთებაც, შემდეგ თარგის შექმნა, ქსოვილს მე თვითონ ვირჩევ, თვითონ ვკერავ და მე თვითონ ვარ მოდელიც, თუმცა ზოგჯერ სხვა მოდელებსაც ვქირაობ ხოლმე.

გიორგიზეც მომიყევი, როგორც ვიცი, გიორგის ახლახან ჰქონდა ქორწილი…

დიახ, 27 ოქტომბერს იყო ქორწილი მექსიკაში. მისი მეუღლე – ფერნანდა მექსიკიდანაა.

გიორგის და ფერნანდას მექსიკური ქორწილის წინა დღეს მექორწილეებმა სან მიგელში ფერადოვანი მსვლელობა მოაწყვეს მუსიკის თანხლებით

გიორგი 33 წლის არის, ძალიან საამაყო შვილი მყავს, კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა, მასტერის ხარისხით და ახლა  მთავარი არქიტექტორია კომპანია WeWork-ში. ხალხი მაღაზიაში აღარ შედის იმდენად, ინტერნეტით ყიდულობენ ნივთებს, ამიტომ ძალიან ბევრი მაღაზია გავიდა ბიზნესიდან და შენობები ცარიელია. კომპანია, სადაც გიორგი მუშაობს, ფაქტობრივად, შენობებს ყიდულობს, გიორგი არის არქიტექტორი, რომ გადააკეთოს ეს შენობები. ეს მიმართულება ახალი ტრენდია ამერიკაში – მცირე ზომის კომპანიებს გაცილებით იაფი უჯდებათ უკვე მოწყობილი ოფისის დაქირავება, ვიდრე ცარიელი შენობის ქირაობა და მერე ოფისად გადაკეთება; აგრეთვე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახლში მარტო ასრულებენ სამუშაოს, უფრო პროდუქტიულია ჯგუფურ ატმოსფეროში მუშაობა. შესაბამისად, გიორგის კომპანია ძალიან სწრაფად იზრდება. იგი თავად ძალიან ბევრს მოგზაურობს, ახლაც კანადაშია, ამჯერად იქ აშენებენ…

გიორგის მეუღლემ სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) დაამთავრა Business Management-ის განხრით, მასტერის ხარისხით და კარგ ადგილას დაიწყო მუშაობა. შესაფერისი წყვილია – ორივე მშრომელი და განათლებული.

გიორგი სან-ფრანცისკოში გადავიდა საცხოვრებლად თავის მეუღლესთან ერთად.

27 ოქტომბერი, 2018 წ.
გიორგის ქორწილისთვის ქეთიმ თვითონ შეიკერა კაბა. 27 ოქტომბერი, ქორწილის წინ. სან მიგელი, მექსიკა

ქეთი, ამერიკის მოქალაქე ხარ?

კი, 2004 წელს გავხდი.

საქართველოს მოქალაქეობა თუ აღიდგინე?

არა, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ.

იცი ალბათ, ამ ზაფხულს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი და შეგიძლია მარტივად აღიდგინო მოქალაქეობა 2 წლის განმავლობაში.

ზოგადად, შენი შეფასებით, როგორი სიტუაციაა ამერიკაში ქართველ ემიგრანტებთან დაკავშირებით? ისევ ბევრი ხალხი ჩამოდის?

ჩამოდიან, მაგრამ ბევრი უკან ბრუნდება. არიან, ვინც კარგად მოიწყო ცხოვრება, მაგრამ ძალიან ბევრს უჭირს. მე ვისაც ვიცნობ, ბევრი დაბრუნდა. ძალიან გაძვირდა ცხოვრება ნიუ-იორკში და სამუშაო ჭირს. თუკი მდიდარი მოხუცების სახლში მოსამსახურედ ან მომვლელად მუშაობ და იქვე ცხოვრობ, ბინის და საჭმლის ფულს არ იხდი, მაშინ შეძლებ რაღაც დააგროვო და სახლში გაგზავნო. მთავარი არის ბინის ქირის ხარჯი; თუ მანქანა გჭირდება, ესეც დიდი ხარჯია – ზოგჯერ ჯობია, მანქანა არ გყავდეს და „უბერით“ იარო… და ღმერთმა დაგიფაროს, თუ ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნა და დაზღვევა არ გაქვს.  ჩვენ ვიხდით თვეში 1400 + დოლარს დაზღვევის თანხას, იმიტომ რომ თვითდასაქმებულები ვართ. სამსახურიდან ბევრად ნაკლებს გადავიხდიდი, 400 დოლარს თვეში ერთ ადამიანზე, თუ არ ვცდები, და დანარჩენს სამსახური გიხდის. იმ დონეზე ძვირია სამედიცინო მომსახურება, რომ თუ დაზღვევა არ გაქვს, ვერც გაეკარები. თუ საავადმყოფო დაგჭირდა, კიდევ უარესი… არის „ობამა ქეა“ (Obama Care) – ობამამ რომ გამოიგონა ღარიბებისთვის, მაგრამ  იქ რომ მიგიღონ, ამერიკის მოქალაქე უნდა იყო. მაღალი კვალიფიკაციის ექიმი არ გიღებს, უნდა წახვიდე რაღაც საშინელ უბანში, დამწყებ ექიმთან. მოკლედ, ავად არ უნდა გახდე, თუ დაზღვევა არ გაქვს.

ახლახან საქართველოში იყავი ჩამოსული. საერთოდ, ხშირად ჩამოდიხარ ხოლმე?

„გრინ კარტა“ რომ ავიღეთ, მერე თითქმის ყოველ მეორე წელს ჩამოვდიოდი. წლევანდელს თუ არ ჩავთვლით, საქართველოში ბოლოს ვიყავი 2005 წელს – ძალიან ცუდი პერიოდი იყო ყველანაირად. მამა დამეღუპა, მამასთან ძალიან ახლოს ვიყავი… ფილტვის კიბო ჰქონდა, ძალიან წვალობდა. ჩამოსვლაზე რომ დავიწყებდი ლაპარაკს, სულ მეუბნებოდა, არ გინდა, არ შეწუხდე, არ ჩამოხვიდე. ჩემთან მყავდა, ნიუ-იორკში, 3 თვით ჩამოვიყვანე და 2 თვეში გამექცა, ვერ გაძლო, თბილისი ნამეტანი უყვარდა. ნახა, როგორ ვშრომობდი და სულ მიფრთხილდებოდა. ერთხელაც მითხრა: „მამა, ფული დავზოგე (ჩემი გაგზავნილი, რაღაც კაპიკებს ვუგზავნიდი) შენი თვითმფრინავის ბილეთისთვის და ჩამოდი, რომ ბოლო წუთს გნახო“… ყველაფერი მივატოვე და გამოვფრინდი თბილისში. თითქოს ჩემს ჩამოსვლას ელოდებოდა და იქამდე როგორღაც გაძლო. რომ დამინახა, ცრემლები წამოუვიდა, ხელი მომკიდა; გრძნობა დაკარგა იმ დღეს და 2 დღეში გარდაიცვალა.

ზუსტად იმ პერიოდში ჩემს ყოფილ მეუღლეს ვშორდებოდი და კონფლიქტები მქონდა თბილისში… ძალიან ცუდად მახსენდება 2005 წელს ჩემი საქართველოში ყოფნა. მერე დრომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.

წლევანდელი ვიზიტი გაცილებით სასიამოვნოდ გაგახსენდება ალბათ – საქართველოში ჯვარიც დაიწერეთ და ქორწილიც გადაიხადეთ. ქრეგი მართლმადიდებელია?

მე და ქრეგი დავქორწინდით სანტა ბარბარაში აპრილში – არაჩვეულებრივი ქალაქია კალიფორნიაში, ქრეგის დედ-მამა იქ ცხოვრობს. ზღაპარი ქორწილი გვქონდა.

სანტა ბარბარა, 2018 წლის აპრილი
ფერნანდა, გიორგი, ქრეგი და ქეთი სანტა ბარბარაში, ქეთის და ქრეგის ქორწილში.

მერე ვუთხარი ქრეგს, მაინც ყველაზე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ჩემს ქვეყანაში ჯვარი დავიწეროთ-მეთქი… ქრეგი კათოლიკე იყო, ბავშვობაში მონათლეს. დამთანხმდა, რომ მართლმადიდებლურად მონათლულიყო.

13 წლის მერე ისევ ჩამოვედი საქართველოში. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. დედაც ძალიან მენატრებოდა, ძალიან მოხუცდა…

ჩემმა სკოლის მეგობარმა, მამა სერაფიმე ფილიამ მონათლა ქრეგი და მერე ჯვარი დაგვწერა თელეთში. ქრეგს რომ ვკითხე, ყველაზე კარგი რა მოგონება დაგრჩა საქართველოზე-მეთქი, მამა სერაფიმემ რომ მომნათლაო, მითხრა.

ჯვრისწერის შემდეგ. თელეთის წმინდა გიორგის ეკლესია.

მე 2 დღით ადრე ჩამოვედი სპეციალურად, რომ დედასთან ვყოფილიყავი, მერე ქრეგი ჩამოვიდა და „რადისონში“ გადავედით. ამ შენობასთან სენტიმენტალური გრძნობები მაკავშირებს და იმიტომ ავირჩიეთ „რადისონი“ – დედა მუშაობდა „ივერიაში“ და ხშირად ვაკითხავდი ბავშვობაში. მერე მახსოვს გასაცოდავებული შენობა, დევნილები რომ შეიფარა. როგორ გამიხარდა, ასეთი კარგი სასტუმრო რომ ააშენეს. 4 დღე ვიყავით იქ. ლოპოტაზეც წავედით 2 დღე, მერე ყაზბეგში, ქრეგს ძალიან მოეწონა.

პატარა ქორწილივით გადავიხადეთ „წისქვილში“ – მთელ ჩემს სამეგობროს დავუძახეთ. მიხარია, რომ ჩემი მეგობრები ყველა კარგადაა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სკოლის შემდეგ ისევ ერთად შევიკრიბეთ და ამდენი წელი არც კი გასულა…

ძალიან სასიამოვნო იყო ამჯერად ჩემი თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ღამე გამეღვიძება, ვდარდობ დედაზე, ძმაზე, ძმისშვილზე… ჩვენ, ემიგრანტებს დარდი არასოდეს გველევა…

ქრეგი რა პროფესიისაა და სად მუშაობს?

ქრეგმა დაამთავრა  Ivy League School (ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკაში), ეკონომისტია პროფესიით. 30 წელი მუშაობდა კომპანია Morgan Stanley-ში, ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა – აღმასრულებელი დირექტორი იყო (Managing Director). ნაადრევად გავიდა პენსიაზე 2 წლის წინ, 55 წლისაა. ჯერჯერობით არ უნდა მუშაობა, ვნახოთ, რას იზამს მომავალში. სპორტით არის დაკავებული – მთამსვლელობა, თხილამურები, ველოსიპედი… სავარჯიშო დარბაზში დადის. ძალიან უყვარს კითხვა, უზომოდ განათლებული და ერუდირებული ადამიანია, შესანიშნავი იუმორის გრძნობით.

ქეთი, რა გეგმები გაქვს მომავალში და საქართველოში თუ ფიქრობ დაბრუნებას საერთოდ?

არ ვიცი… ლენონმა თქვა: “Life is what happens to you while you’re busy making other plans.” (ზუსტად თარგმნა ძნელია, დაახლოებით ასე იქნება ქართულად: „ცხოვრება არის ის, რაც თავს გადაგხდება, მაშინ როდესაც სულ სხვა გეგმებს სახავ“). ვინ წარმოიდგენდა, რომ მე, რომელიც თბილისზე ვგიჟდებოდი, დენვერში ამოვყოფდი თავს?! რამდენი რამე დავგეგმე, ცხოვრებამ სულ სხვა მიმართულებით წამიყვანა, ამიტომ არაფერს ვგეგმავ.

გიორგისთან და მის შვილებთან გვინდა ვიყოთ ახლოს – ქრეგს თავისი შვილი არ ჰყავს და სადაც გიორგი და მისი მეუღლე დასახლდებიან, ჩვენც ვეცდებით ახლოს ვიყოთ, მაგრამ სან ფრანცისკო ძალიან ძვირი ქალაქია, შეიძლება იქ დიდხანს არ გაჩერდნენ, ვნახოთ.

საქართველოში ისევ ბევრი პრობლემაა, მაგრამ ვხედავ, რომ დიდი პროგრესია. ამჯერად ძალიან კარგი მოგონებები დამრჩა და უფრო ხშირად ჩამოვალ – ამ გეგმას ნამდვილად განვახორციელებ.

ქეთი, დიდი მადლობა საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ.     

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

ქეთი ლაგვილავა-მაკკენას დიზაინით შექმნილი სამოსი იხილეთ მის  Instagram გვერდზე keti_vani.

https://Instagram/keti_vani/

კომენტარები