68 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ხათუნა კოტრიკაძის დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა სოსო ჩხეიძის ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“. შემდეგ ითამაშა ფილმებში „მოიტაცეს თამარ ქალი“ (რეჟისორი – ლეილა გორდელაძე) და „მხიარული რომანი“ (რეჟისორი – ლერი ხოტივარი).
მსახიობმა, რომელმაც მხოლოდ 3 ფილმში ითამაშა, მაგრამ მაყურებლის სიყვარული არ აკლდა, კინოკარიერა მალევე დაასრულა, რადგან ადრე, 17 წლისა გათხოვდა. ცნობილი ფეხბურთელის, ალიოშა კოტრიკაძის ქალიშვილი მამამისის მოსწავლეს, „თბილისის“ დინამოს მეკარეს – დავით გოგიას გაჰყვა ცოლად, რომელიც მასზე 9 წლით უფროსი იყო. მათ ერთი ვაჟიშვილი შეეძინათ.
თავად ხათუნა კოტრიკაძე არც საზოგადოებაში ჩნდებოდა და არც ჟურნალისტებს სწყალობდა, თუმცა 2003 წელს ჟურნალ „სარკეს“ ინტერვიუ მისცა მსახიობის დედამ ნანული ნიშნიანიძემ, რომელმაც თქვა, რომ ხათუნას ძალიან ეჭვიანი ქმარი ჰყავდა და სწორედ მან აუკრძალა მეუღლეს კინოში გადაღება.
„ქუჩაში მთელი ხალხი ხათუნას უყურებდა. დათოს ვატყობდი, რომ ნერვები ეშლებოდა“, – ამბობს ქალბატონი ნანული ინტერვიუში.
„ძროხების მოვლა მისი კაპრიზი იყო. მანამდე ძროხა ახლოსაც არ ენახა. რუსი სამხედროები იყვნენ სოფელში და წავიდნენ. ბევრი ძროხა ჰყავდათ. ხათუნამ მოისურვა, მათგან ეყიდა ძროხები. ქმარმაც უარი არ უთხრა და უყიდა. რამდენიმე წელი ჰყავდა. ეს იცით, რა დროა? საშინელი არეულობა და პურის რიგები რომ იყო. ჩვენ ელიტური ნათესაობა გვყავს. იმ პერიოდში არავის ჰქონდა დიდი მატერიალური შესაძლებლობები, ყველას უჭირდა. ხათუნას, როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა მათ. სოფელ დიღმიდან აგზავნიდა ყველს, მაწონს… სოფელში დიდი ეზო აქვთ. გადატიხრეს და გააკეთეს დიდი ბოსელი. იქ ჰყავდა საქონელი. ხათუნა მათზე გიჟდებოდა. იცით, როგორ უვლიდა. მეც ხომ ძალიან მეშინოდა ძროხის, მაგრამ წარმოიდგინეთ, ვუწმენდდი და ვწველიდი. მერე ვურჩიეთ, რომ გაეყიდა, რადგან მათი შენახვა იმაზე მეტი გვიჯდებოდა, ვიდრე ისინი რამეს გვაძლევდნენ…“
ხათუნა კოტრიკაძე პროფესიით ბიოლოგი იყო და ამ პასაჟიდანაც ჩანს, რომ მისი ეკრანიდან ჩამოშორება მთლად მარტო მისი მეუღლის ბრალი არ უნდა ყოფილიყო. გამორჩეული გარეგნობის გამო ულამაზესი ჟღალთმიანი გოგონა რეჟისორებმა მალე შეამჩნიეს და ფილმებში იწვევდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, თავად ხათუნასთვის არ იყო მოწოდება და ცხოვრების მიზანი მსახიობობა, თორემ ალბათ ვერაფერი შეაჩერებდა, მით უმეტეს, რომ 17 წლის ასაკში უკვე მოიპოვა პოპულარობა.
როგორც ქალბატონი ნანული ინტერვიუში ამბობს, გული სწყდება, მისი შვილი მეცნიერი რომ არ გახდა, რადგან „ხათუნა ბრწყინვალე ბიოლოგი იყო“. მისივე თქმით, ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდა ერთმანეთი: „დათო ცოლს აღმერთებს, ხათუნაც – შესაბამისად. გული მწყდება, რომ ხათუნა მეცნიერებას არ გაჰყვა, ბრწყინვალე ბიოლოგია. ბავშვობიდან უნდოდა და აინტერესებდა ეს დარგი“
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები