როგორ გამოვთვალოთ საკუთარი „წლის ციფრი“ და რას გვკარნახობს „რიცხვების მაგია“ 2024 წელს
ნუმეროლოგების რწმენით, სამყარო სავსეა მინიშნებებით, კოდებით, რომელთა დახმარებით შეგიძლიათ გაერკვეთ საკუთარ თავში და სხვა მხრიდან შეხედოთ საკუთარ პიროვნებას, როგორც ერთ ინდივიდს უკიდეგანო სამყაროში. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა ციფრს თავისი ვიბრაცია, ენერგია და მნიშვნელობა აქვს.
ძალიან მარტივია საკუთარი „წლის ციფრის“ გამოთვლა და 2024 წლის პირადი პროგნოზის გაგება. საჭიროა მხოლოდ დაბადების თარიღისა და მიმდინარე წლის რიცხვის – 8 (2+0+2+4=8) დაჯამება ერთნიშნა რიცხვამდე – ციფრამდე. მაგალითად, ის, ვინც 31 დეკემბერსაა (31.12) დაბადებული, ყველა ციფრს შეკრებს (3+1+1+2+8=15, 1+5=6) და სწორედ საბოლოოდ მიღებულ ციფრს ანუ „ექვსიანს“ ჩათვლის საკუთარ სიმბოლოდ მომავალი წლისთვის.
ციფრი 1 – ლიდერობის, დამოუკიდებლობისა და თვითდამკვიდრების სურვილს განასახიერებს. „ერთიანის“ მფლობელებისთვის 2024 წელი ახალი იდეებისა და პროექტების, პერსპექტიული სამსახურისა და საკუთარი ბიზნესის დაწყების წელი იქნება.
ციფრი 2 – ჰარმონიის, თანამშრომლობისა და ბალანსის სიმბოლოს წარმოადგენს. „ორიანის“ მფლობელები პარტნიორულ ურთიერთობას გააუმჯობესებენ, რადგან მომავალ წელს სწორედ თანამშრომლობა და კოლექტიური მუშაობა გახდება წარმატების მომტანი.
ციფრი 3 – თვითგამოხატვისა და შემოქმედების სიმბოლოა. „სამიანის“ მფლობელებმა მეტი ფანტაზია და შემოქმედებითი ნიჭი უნდა გამოავლინონ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებენ საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევას.
ციფრი 4 – სტაბილურობას, შრომისმოყვარეობას და პასუხისმგებლობას განასახიერებს, ამიტომ „ოთხიანის“ მფლობელებისთვის მომავალი წელი შენებისა და ახლის შესაქმნელად მყარი საფუძვლის „ამოშენების“ წელი იქნება. მართალია, წინა წლებთან შედარებით ბევრად ინტენსიურად მოუწევთ მუშაობა, მაგრამ შრომა სრულად აუნაზღაურდებათ.
ციფრი 5 – თავისუფლებასთან, თავგადასავლებთან და ცვლილებებთან ასოცირდება. „ხუთიანის“ მფლობელებისთვის 2024 წელი ცვლილებებისა და განახლების, ახალი ნაცნობობისა და შთაბეჭდილებების მომტანი იქნება.
ციფრი 6 – მზრუნველობის და მფარველობის სიმბოლოდ გვევლინება. „ექვსიანებისთვის“ პრიორიტეტული ჯანმრთელობა და მატერიალური კეთილდღეობა გახდება, თუმცა მეტი დროის დათმობა და ყურადღების გამოჩენა მოუწევთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ბევრს დასჭირდება თქვენი რჩევები და მხარდაჭერა.
ციფრი 7 – წარსულის გააზრებას, ფაქტების გაანალიზებას და შეცდომების აღიარებას უკავშირდება, „შვიდიანისთვის“ 2024 წელი სულიერი ზრდისა და თვითშემეცნების წელი იქნება, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ხმაურიანი კამპანიების ნაცვლად საღამოების განმარტოებით გატარებას არჩევთ.
ციფრი 8 – ამბიციებს, ძალაუფლებისა და მატერიალური სიკეთის მოპოვების სურვილს განასახიერებს. „რვიანს“ კარგი შანსი მიეცემა ავტორიტეტის განმტკიცებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის, კარიერული წინსვლისა და დაწინაურებისთვის.
ციფრი 9 – ჰუმანიზმისა და თანაგრძნობის უნარის სიმბოლოას, ამიტომ „ცხრიანისთვის“ ჰუმანიტარულ პროექტებში მონაწილეობა და სხვათა დახმარება გახდება პრიორიტეტული. თქვენთვის მორიგი სასიცოცხლო ციკლის დასრულებისა და შედეგების შეფასების დრო დადგა. მოიცილეთ ყველაფერი არასაჭირო, დრომოჭმული ურთიერთობით დაწყებული, ბინაში ბანალური ნაგვით დამთავრებული, რომ ამ ტვირთმა მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში არ დაგამძიმოთ.
რომელ „წლის ციფრს“ გაუმართლებს სიყვარულში
2024 წელს პირად ცხოვრებაში ყველაზე მეტად მათ გაუმართლებთ, ვისი „წლის ციფრი“ 2 და 6-ია. „ორიანი“ – საიმედო ურთიერთობას ნიშნავს, მისი ენერგია კი მეგობრული, საქმიანი და სასიყვარულო კავშირების განმტკიცებას უწყობს ხელს. „ექვსიანის“ მფლობელებს პოზიტიური ცვლილებები ელით საქმიან და რომანტიკულ ურთიერთობაში, ამიტომ ნუ შეგაშინეთ ძველი, „გაცვეთილი“ ურთიერთობის დასრულება და ახლის დაწყება, რადგან სწორედ წელს გაქვთ ნამდვილი სიყვარულის პოვნის შანსი.
სიფრთხილის გამოჩენა მართებთ „ხუთიანებს“, რათა არ აღმოჩნდნენ ავანტიურასა და იმ ფარულ ურთიერთობაში გაბმული, რომლის გამოაშკარავება სერიოზულ ზარალს მოუტანს.
რომელ „წლის ციფრს“ ელის წარმატება
კარიერული წინსვლა და პროფესიული განვითარება,უპირველესად, „ერთიანის“, „ოთხიანისა“ და „რვიანის“ მფლობელებს ელით, რადგან სწორედ ამ ციფრების ენერგია განსაზღვრავს სტრატეგიულ აზროვნებას, შედეგიან მუშაობას და ახალი ბიზნესის დაწყებას. მთავარია, არ შეუშინდეთ აქტიურად მოქმედებას, თამამად გამოთქვით საკუთარი იდეები, წინსვლა კი იმდენად სწრაფი და სერიოზული იქნება, რომ თვითონაც გაგიკვირდებათ.
„ოთხიანი“ წარმატებას ცოდნის გაღრმავებისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით მიაღწევს, ამიტომ არ ღირს წვრილმან პრობლემებზე მოცდენა, უმჯობესია მასშტაბური გეგმა დასახოთ და სწორედ მის განხორციელებაზე იზრუნოთ.
თამთა გურული
კომენტარები