მსოფლიოსაზოგადოება

ქრისტე მეტისმეტად ლამაზია? – სააღდგომო პოსტერს ესპანეთში მძაფრი რეაქციები მოჰყვა

ესპანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ სევილიაში პოსტერს, რომელზეც ახალგაზრდა, ლამაზი იესოა გამოსახული თითქმის შიშვლად, მხოლოდ თეძოზე შემოხვეული ქსოვილით, სოციალურ ქსელებში ნამდვილი ქარიშხალი მოჰყვა. ზოგიერთი მომხმარებული აღშფოთებულია, რადგან მათი აზრით, ეს ქრისტეს სხეულის შეურაცხყოფაა, ზოგიერთი კი უხამსი გამონათქვამებით და მემებით საცინლად იგდებს პლაკატს. ამის შესახებ ესპანური და საერთაშორისო მედია წერს.

პოსტერის ავტორია მსოფლიოში ცნობილი სევილიელი მხატვარი სალუსტიანო გარსია კრუსი (Salustiano García Cruz ). მასზე გამოსახულია იესო ქრისტე ეკლის გვირგვინის გარეშე, მშვიდი, ნათელი სახით, რომელზეც ტანჯვის კვალიც კი არ ჩანს და უმნიშვნელო ჭრილობებით ხელსა და მკერდზე. მას თეძოზე შემოხვეული აქვს ქსოვილი.

პოსტერი შეკვეთით შეიქმნა, ის საძმოს გენერალურმა საბჭომ მოიწონა, რომელიც ორგანიზებას უწევს სევილიაში ცნობილ და განსაკუთრებით პოპულარულ მსვლელობებს აღდგომის წინ, ვნების კვირაში.

როგორც კი პოსტერი გამოჩნდა, მყისვე მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. სოციალურ ქსელში გაჩაღდა დებატები, თუ როგორ უნდა იყოს გამოსახული მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე. ბევრი  გამოსახულებას შეუფერებელს, სამარცხვინოს, მეტისმეტად ლამაზს, მოდერნისტულსა და სევილიის სააღდგომო ტრადიციებთან შეუსაბამოს უწოდებს.

ესპანეთი უპირატესად კათოლიკური ქვეყანაა და საეკლესიო ტრადიციები, როგორიცაა: ქორწინება, ნათლობა და რელიგიური მსვლელობები – უდიდესი პოპულარობით სარგებლობს როგორც მორწმუნეებში, ისე არამორწმუნეებში.

პოსტერის ამოღების მიზნით შექმნილ პეტიციას უკვე ერთ დღეში15 ათასამდე ადამიანმა მოაწერა ხელი.

თავად მხატვარმა თავისი ნამუშევარი დაიცვა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კრიტიკას ძველმოდური უწოდა.

„ნახატში არაფერია რევოლუციური. ის თანამედროვეა, მაგრამ ყველა ელემენტი, რომელიც მე გამოვიყენე, ბოლო 7 საუკუნის განმავლობაში გამოიყენება საკრალურ ხელოვნებაში, – განაცხადა  გარსიამ. – ვერ ვხდები, რომელ ადგილას რომელი ელემენტი არ მოსწონთ მათ, ვისაც ეს არ მოსწონს“.

ყოველდღიურ გაზეთ El Mundo-სთვის მიცემულ სხვა ინტერვიუში მან უპასუხა კონსერვატიული ჯგუფების კრიტიკას, თითქოს იესოს გამოსახულება „ქალის მსგავსი და ჰომოეროტიკულია“.

„გეი ქრისტე, იმიტომ რომ ის ლამაზად და სიმპათიურად გამოიყურება – კარგი რა, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!“

მხატვრის განცხადებით, პოსტერის მოდელად საკუთარი ვაჟი – ორაციო გამოიყენა.

„ეს [კრიტიკა] მოულოდნელი იყო ჩვენთვის, რადგან ყველაფერი პატივისცემით გავაკეთეთ“, – უთხრა მხატვრის ვაჟმა ორაციო გარსიამ Atlas-ს.

„ბევრი კამათი მოდის იქიდან, რომ მოდელი ძალიან კარგია, ქრისტე მეტისმეტად ლამაზი და მეტისმეტად მიმზიდველია“, – თქვა მან. მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, ყველას არ ჰქონია უარყოფითი რეაქცია. ორაციო გარსიას თქმით, მან უამრავი კომპლიმენტი და კეთილი სურვილი მიიღო ადამიანებისგან.

საძმოს გენერალურმა საბჭომ უგულებელყო მოწოდებები, გამოეცვალა პლაკატი ვნების კვირამდე, რომელიც მარტის ბოლოსაა. წინა წლებში სხვადასხვა კათოლიკური დღესასწაულის პლაკატები კრიტიკის შემდეგ აიღეს.

სევილიის მერმა ხოსე ლუის სანსმა დაპირისპირებას „ხელოვნური“ უწოდა.

„მომწონს პოსტერი“, – თქვა მან და დასძინა, რომ წმინდა კვირის ყველა პლაკატი არ შეიძლება ყოველწლიურად ერთნაირი იყოს, „ზოგი უფრო რისკიანია, ზოგი მოდერნისტული, ზოგიც გაბედული“.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: ესპანეთში ტურინის სუდარიდან აღებული მონაცემებით ქრისტეს რეალისტური სკულპტურა შექმნეს

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იყო პირველი ქრისტიანი ქართველი ქვეყნის ფარგლებს გარეთ

ანტიქრისტეს ფრესკა იტალიაში – ხომ არ გეცნობათ?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close