როგორ გადაიქცა ტოჩინოშინი თმის მოკვეცის ცერემონიის შემდეგ ლევან გორგაძედ (ვიდეო)
ქართველმა სუმოისტმა კარიერა დაასრულა
ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა 35 ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა. კარიერის მანძილზე მან „მაკუუჩი“ დივიზიონში 500-ზე მეტი შეხვედრის მოგება შეძლო.
ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ სუმოში სპორტული კარიერა 2006 წელს დაიწყო, 2018 წელს კი იმპერატორის თასი მოიგო. ქართველი სუმოისტი მე-3 ევროპელი სპორტსმენია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო და ოძეკის რანგს მიაღწია.
მაშინ იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი არჩილ მაჭავარიანი ლევან გორგაძის გამარჯვების მნიშვნელობაზე წერდა:
„სუმო. ეროვნული სიამაყეა. ღმერთების ბრძოლაა. პირველი ბრძოლა სუმოში, ლეგენდის მიხედვით, ღმერთებს შორის შედგა, გამარჯვებული ღმერთის შვილები იაპონიის იმპერატორები გახდნენ და იმიტომაც ჰქვია თასს იმპერატორის თასი. სუმოისტებიც დღემდე რაღაც ნახევრადღმერთებად ითვლებიან აქ. და ეს თასი მოიგო ლევანმა. ღმერთების ბრძოლაში გახდა ჩემპიონი. ბოლო დღეები სულ ტოჩიზე წერდა და ლაპარაკობდა აქ ყველა. საელჩოში რეკავდნენ და გვილოცავდნენ. და დღეს საბოლოოდ ჩემპიონია!
ისტორია დაწერა ამ ბიჭმა. ჩათვალეთ, რომ დღეიდან მთელმა იაპონიამ იცის საქართველო, აბსოლუტურად ყველა იაპონელმა და დაინტერესებულები არიან ჩვენით. დიდი, სასწაული, საოცარი საქმე გააკეთა ჩვენმა ბიჭმა… დიდი, დიდი ამბავია ძალიან. ეს არის ისტორია მებრძოლ სულზე,რომელიც არ ნებდება. მადლობა ლევანს. საოცრად მაგარ, ალალ, ჯიგრიან ბიჭს და ნამდვილ მეომარს!“
თავდაპირველად ტოჩინოშინის დიდი სუმოდან წასვლის შესახებ ინფორმაცია Facebook-გვერდმა „სუმოს ქომაგებმა“ გაავრცელა. ლევან გორგაძემ კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში გამოაცხადა.
სპორტსმენის გაცილების საზეიმო ცერემონია ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში შედგა. ქართველ სუმოისტს ჩომაგე, იგივე სუმოისტების ვარცხნილობა მოკვეცეს (ცერემონიას ჰქვია „დანპაცუ- სიკი“ რის შემდეგაც მებრძოლი სუმოს სამუდამოდ დაემშვიდობა. რიტუალში მოქმედი და ყოფილი სუმოისტები მონაწილეობდნენ.
„18-წლიანი ასპარეზობის შემდეგ დადგა ის დღე, როდესაც წავედი სამუდამოდ აქტიური სპორტიდან. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ცერემონიაზე მობრძანდა, განსაკუთრებით ქართველებს, იმ ქართველებს, რომლებმაც საქართველოდან ძალიან დიდი გზა გამოიარეს და ტოკიომდე ჩამოვიდნენ, რომ ჩემი სპორტიდან გაცილებას დასწრებოდნენ“, – თქვა ცერემონიაზე ლევან გორგაძემ.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ ტოჩინოშინის პატივსაცემად გაიმართა მიღება, რომელიც მუსიკალურად ანსამბლმა „რუსთავმა“ გააფორმა.
კომენტარები