შაბათს, 3 თებერვალს ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ასეთი გზავნილი გაავრცელა: „ტეხასი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი და ერთადერთი შტატი, რომელიც თავის საკუთარ სასაზღვრო კედელს აშენებს. მშენებლობა გრძელდება. ჩვენ არ შევწყვეტთ ძალისხმევას საზღვრის დასაცავად“.
Texas made history as the first and ONLY state to build our own border wall.
Construction is ongoing.
We will not back down from our efforts to secure the border. pic.twitter.com/ARi1aXuhay
— Greg Abbott (@GregAbbott_TX) February 3, 2024
ამრიგად, გრეგ ებოტმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში მექსიკის საზღვრიდან 6 მილიონი არალეგალური მიგრანტის „შემოსევა“ მოხდა, ტეხასის ეროვნული გვარდია გაგზავნა საზღვარზე, რათა მავთულხლართების კედელი გაებათ ისე, რომ ბაიდენის ფედერალებს ვერ შესძლებოდათ მათი გადაჭრა.
ებოტს რონ დესანტისიც შეუერთდა ფლორიდიდან, რომელმაც Cecil Field-ის აეროპორტიდან ჯექსონვილში განაცხადა, რომ „ნაციონალური გვარდიის 1000 წევრს და გვარდიიდან მოხალისეებს გაგზავნის ფლორიდის შტატიდან ტეხასის დასახმარებლად“ და რომ „საზღვრის გარეშე ჩვენ არ გვაქვს ქვეყანა“.
ტეხასში სიტუაცია ყოველდღიურად მწვავდება მას შემდეგ, რაც შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ღობე აღმართა ეკლიანი მავთულხლართებისგან (რომელსაც ის ახლა კედლად აქცევს), რათა სამხრეთ საზღვრიდან შემომავალი ათასობით არალეგალური მიგრანტი შეაჩეროს.
შტატების უზენაესმა სასამართლომ ეკლიანი მავთულხლართების ღობე უკანონოდ მიიჩნია და ფედერალურ ხელისუფლებას მისი აღებისკენ მოუწოდა, თუმცა ებოტი ბაიდენის ადმინისტრაციას ბრალს სდებს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევაში, რომელიც ამბობს, რომ ფედერალურმა ხელისუფლებამ ქვეყნის თითოეული შტატი უნდა დაიცვას „შემოჭრისგან“ და „მუხლი 1-ის მე-10 ნაწილის მე- 3-ზე პუნქტზე“ დაყრდნობით ხაზს უსვამს „ტეხასის შტატის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, დაიცვას საკუთარი თავი“.
ტეხასის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, რომელსაც თანაპარტიელი 13 გუბერნატორი შეუერთდა, კვირას, 4 თებერვალს პირობა დადო, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას დაუპირისპირდება და შეინარჩუნებს სახელმწიფო კონტროლს აშშ-ის სასაზღვრო ცხელ წერტილზე მანამ, „სანამ ეს საჭირო იქნება“.
ებოტი კონფლიქტში შევიდა დემოკრატ პრეზიდენტთან – ჯო ბაიდენთან შტატის აგრესიული ტაქტიკის გამო მათ შესაკავებლად, ვინც საზღვარს კვეთს, მათ შორის, ჯარის, მავთულხლართებისა და მდინარე რიო-გრანდეზე ტივტივებისგან შეკრული მცურავი ბარიერის გამოყენებით.
ბაიდენის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ საზღვრის კონტროლი მკაცრად ფედერალური იურისდიქციის ქვეშაა, მაგრამ ებოტმა ნაციონალური გვარდია განათავსა შელბი-პარკში სასაზღვრო ქალაქ იგლ-პასში, სადაც კვირას პრესკონფერენცია ჩაატარა 13 სხვა შტატის რესპუბლიკელ გუბერნატორებთან ერთად.
მან თქვა, რომ საზღვარი „გაკონტროლდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება უსაფრთხოების დასაცავად და [უკანონო მიგრანტების] გადმოსასვლელების ლიკვიდაციისთვის“.
„ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ [საზღვრის] კონტროლზე ხვალვე, თუ ჯო ბაიდენი მოვა და ზუსტად იმას გააკეთებს, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ და არ მისცემს ნებას ადამიანებს, უკანონოდ გადმოკვეთონ საზღვარი“, – განუცხადა ებოტმა ჟურნალისტებს.
პარალელურად მიმდინარეობდა ორი განსხვავებული აქცია: ერთი – რამდენიმე ათეული აქტივისტისა, რომლებიც ემიგრანტების უფლებებს იცავენ და მეორე – იმ ადამიანებისა, რომლებიც არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. ორივე დემონსტრაციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
პრესკონფერენციაზე სხვა გუბერნატორებიც გამოვიდნენ, რომლებმაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საზღვრების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით სისუსტეში დაადანაშაულეს.
იმიგრაცია სერიოზულ პოლიტიკურ საკითხად იქცა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელშიც, სავარაუდოდ, დემოკრატ ჯო ბაიდენს ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაუპირისპირდება.
ტრამპმა თავისი საარჩევნო ბაზის მოტივირება უფრო შემზღუდავი სასაზღვრო პოლიტიკის გატარების მოწოდებებით მოახდინა. მისი კრიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთმა პოლიტიკამ და მოვლენებმა, როგორიცაა მიგრანტების კოლონა, რომელიც წინ უძღოდა აქციას, შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს.
გუბერნატორები შეიკრიბნენ ერთი დღის შემდეგ, რაც ასობით მომიტინგემ აშშ-იდან შაბათს ტეხასის სასაზღვრო ქალაქ კვემადოში მოიყარა თავი, იგლის უღელტეხილიდან დაახლოებით 20 მილის (32 კმ) დაშორებით, რათა თავიანთი აზრი დაეფიქსირებინათ არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებით და ტრამპის მხარდაჭერა გამოეხატათ შეკრებაზე, სადაც სასაზღვრო პოლიტიკა რელიგიურ რიტორიკასთან იყო შერეული.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები