მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

რა ხდება მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე – „ტეხასი არ დანებდება“

2023 წლის დეკემბერში მექსიკა-აშშ-ის საზღვარი რეკორდულად ბევრმა მიგრანტმა გადაკვეთა. სასაზღვრო კონტროლის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბრის ბოლო კვირის მხოლოდ ხუთ დღეში აშშ-ში მექსიკიდან 50 000 მიგრანტი უკანონოდ შევიდა

მიგრანტების შემოდინების ამ მასშტაბმა გაზარდა დაძაბულობა ტეხასის შტატსა და ფედერალურ მთავრობას შორის, რომელთაც მიგრანტების კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით სხვადასხვა ხედვა აქვთ. ამას გარდა, კითხვები გაჩნდა იმ საკითხზეც, თუ ვის იურისდიქციაში ექცევა აღნიშნული პრობლემა.

10 იანვარს ტეხასის წარმომადგენლებმა აშშ-ის საზღვრის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლები დაბლოკეს და Eagle Pass-ის გამშვებ პუნქტთან არ მიუშვეს, სადაც შედის შელბის პარკი და მდინარე რიო გრანდეს ნაწილი.

12 იანვარს ტეხასის სამხედრო დეპარტამენტმა რიო გრანდეს სიახლოვეს დამხრჩვალი დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იპოვეს. მას შემდეგ ტეხასის და ფედერალური მთავრობის წარმომადგენლები ამ ტრაგედიას და მიგრანტთა პრობლემასთან ვერ გამკლავებას ერთმანეთს აბრალებენ. განთავსებული მავთულხლართების მიუხედავად მიგრანტები მცირეწლოვანი ბავშვების თანხლებით ყოველდღიურად ცდილობენ საზღვრის გადალახვას.

17 იანვარს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა ტეხასის შტატს ვადა დაუწესა, რა დროშიც ტეხასის წარმომადგენლებს Eagle Pass-ზე ბლოკადა უნდა მოეხსნათ. მალევე ტეხასის გენერალურმა პროკურორმა კენ პაქსტონმა თქვა, რომ ტეხასი არ დანებდება.

კითხვაზე, თუ რომელი იურისდიქცია უნდა გავრცელდეს Eagle Pass-ის გამშვებ პუნქტზე, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა და 5-ით 4 ხმის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ ტეხასის შტატმა უნდა აიღოს მავთულხლართი, რომელიც ტერიტორიის გარშემო განალაგა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იგი მზადაა მექსიკა-ამერიკის საზღვარი მომენტალურად დახუროს, თუ ტეხასის შტატის ხელმძღვანელობა კომპრომისზე წავა და მავთულხლართებს აიღებს.

კრიზისის საპასუხოდ სენატში ბაიდენის გუნდმა წამოაყენა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, საზღვრების კონტროლის დეპარტამენტს მექსიკასთან ყველა საზღვრის დახურვის უფლება ექნება იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის უკანონო გადალახვის შემთხვევები ერთ კვირაში 4000-ს გადააჭარბებს.

კონგრესიდან მიღებული წყაროების ცნობით, შეთანხმებას საზღვრების კონტროლის შესახებ ტეხასისა და ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებს შორის პირველ თებერვალს მიაღწევენ. მათი ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები კაპიტოლიუმში შეთანხმების ჩაშლას ცდილობენ.

წყარო: tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close