პოლიტიკაკრიმინალი

ცილისწამების საქმეზე ტრამპს ჟურნალისტ ე. ჯინ ქეროლისთვის 83,3 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა

ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს ჟურნალისტ ე. ჯინ ქეროლის მიმართ ცილისწამებისთვის $83,3 მილიონის გადახდა დააკისრა.

ეს თანხა მოიცავს ჯარიმას რეპუტაციული და ემოციური ზარალისთვის ($18,3 მილიონი) და ასევე სანქციას $65 მილიონი დოლარის სახით, რომელსაც ქეროლის ადვოკატები მოითხოვდნენ იმისათვის, რომ ყოფილ პრეზიდენტს თავდასხმები შეეწყვიტა.

გასული წლის სასამართლო დავაში დადგინდა, რომ ტრამპმა 1990-იან წლებში ე. ჯინა ქეროლზე იძალადა. ახალი სარჩელი ცილისწამებაზე 2019 წელს იქნა შეტანილი ტრამპის განცხადებების გამო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქალი იტყუებოდა. ქეროლის თქმით, ტრამპის განცხადებებმა მისი, როგორც ჟურნალისტის, რეპუტაცია შეარყია.

ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებას ტრამპმა „აბსოლუტურად სასაცილო!“ უწოდა და პირობა დადო, რომ მას გაასაჩივრებდა.

7 კაცისა და 2 ქალისგან შემდგარ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის გამოსატანად სამი საათი დასჭირდა.

„ეს დიდი გამარჯვებაა თითოეული ქალისთვის, რომელიც წაქცევის შემდეგ წამოდგება და უდიდესი დამარცხებაა ყველა მოძალადისთვის, რომელიც ქალის შეკავებას ცდილობდა“, – განაცხადა ქეროლმა.

მოსამართლე ლუის კაპლანმა ნაფიც მსაჯულებს ურჩია, საქმის სენსიტიური ხასიათის გამო, ერთმანეთთან ნამდვილი სახელები და გვარები არ გამოეყენებინათ. მან ასევე განაცხადა, რომ შეეძლოთ თავისუფლად მიმოეხილათ თავიანთი გამოცდილება, თუმცა, მისი აზრით, ნაფიცმა მსაჯულებმა არ უნდა გაამხილონ, რომ ამ საქმეზე იმუშავეს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის დარღვევა და თუნდაც ის, რომ ქეროლს ოდესმე შეხვედრია.

განაჩენის შემდეგ მან თავის სოციალურ მედიაში – Truth Social-ში დაპოსტა:

„ორივე ვერდიქტს სრულიად არ ვეთანხმები და გავასაჩივრებ ბაიდენის მიერ მართულ კუდიანებზე ნადირობას, რომელიც ჩემზე და რესპუბლიკურ პარტიაზეა ორიენტირებული“.

გასულ წელს სამოქალაქო დავის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ 1990-იან წლებში დონალდ ტრამპმა Bergdorf Goodman-ის მაღაზიის გასახდელში ქეროლზე სექსუალურად იძალადა. ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი ცილისწამებაშიც ცნეს დამნაშავედ და $5 მილიონის გადახდა დააკისრეს.

საქმე, რომლის განხილვაც პარასკევს დასრულდა, ძირითადად, ტრამპის 2019 წლის განცხადებებზე იყო ფოკუსირებული.

დონალდ ტრამპი, რომელმაც სასამართლო დარბაზი მოულოდნელად დატოვა, განაჩენის გამოცხადების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. ეს მოხდა მალევე მას შემდეგ, რაც მოსამართლე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატს ციხეში ჩასმით დაემუქრა, რადგანაც მოწოდების მიუხედავად იგი ლაპარაკს აგრძელებდა.

formulanews.ge

ამავე თემაზე: დონალდ ტრამპი ჟურნალისტს 30 წლის წინანდელი სექსუალური შევიწროებისთვის 5 მილიონ დოლარს გადაუხდის

დონალდ ტრამპი ჟურნალისტს 30 წლის წინანდელი სექსუალური შევიწროებისთვის 5 მილიონ დოლარს გადაუხდის

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close