ქართველები უცხოეთშისპორტი

ოსიმენი „ნაპოლიდან“ მიდის, დე ლაურენტისმა გავრცელებული ხმები დაადასტურა

„ნაპოლის“ ნიგერიელ თავდამსხმელს ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იგი ნეაპოლური კლუბიდან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე წავა. ამის შესახებ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მან მილანში სერია A-ს კლუბების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ სატრანსფერო გარიგებებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ ვიქტორ ოსიმენი გუნდს დატოვებს.

„ვიქტორ ოსიმენის გადაწყვეტილების შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში მასთან კონტრაქტი გახანგრძლივდა, დარწმუნებული ვარ, რომ ვიქტორი მადრიდის „რეალში“, პსჟ-ში ან ინგლისის პრემიერლიგაში გადავა.

პიოტრ ზელინსკის თუ „ნაპოლიში“ დარჩენა სურს, ამისთვის მზად ვართ. მას უთხრეს, რომ უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, მაგრამ იგი ჩვენთან ბევრად მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე „ინტერი“ სთავაზობს.

რაც შეეხება „ნაპოლის“ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნაზე გავრცელებულ ხმებს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჟოზეს მომავალი კლუბი „ნაპოლი“ ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა აურელიო დე ლაურენტისმა.

მისივე თქმით, ოსიმენთან მისი წასვლის შესახებ საუბარი უკვე გასულ ზაფხულს ჰქონდა და იცოდა, რომ მას კლუბის დატოვება სურდა.

მედიის ინფორმაციით, ნიგერიელი ფორვარდი კლუბს, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს დატოვებს. დეკემბერში ოსიმენთან გახანგრძლივებული კონტრაქტი გულისხმობს, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე მისი გამოსყიდვა დაინტერესებულ კლუბებს, სულ ცოტა, 120 მლნ ევრო დაუჯდებათ. როგორც ჩანს, კონტრაქტის გახანგრძლივებაც ამას ემსახურებოდა, რომ ფეხბურთელის წასვლით კლუბს მეტი შემოსავალი მიეღო.

„ნაპოლისთვის“ 2023-2024 წლების სეზონი რთული გამოდგა. სკუდეტოს მოგების შემდეგ „პარტენოპეიმ“ გასულ ზაფხულს თავისი ჩემპიონობის მთავარი „დირიჟიორი“ – ლუჩანო სპალეტი დაკარგა, რომელმაც იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტი დაიკავა. სპალეტის შემცვლელი, ფრანგი რუდი გარსია კლუბიდან რამდენიმე თვეში დაითხოვეს, თუმცა ვალტერ მაცარის მოსვლამ „ნაპოლის“ სიტუაცია ვერ გააუმჯობესა. გუნდი ამჟამად სერია A-ს სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-9 ადგილს იკავებს. იტალიის სუპერთასის ფინალში კი „ნაპოლიმ“ მილანის „ინტერთან“ შეხვედრა დათმო. ცალკეული მოთამაშეებიც ისე ვეღარ ბრწყინავენ, როგორც გასულ სეზონში, თუმცა კლუბი გუნდის გაძლიერებაზე ზრუნავს.

„ანსას“ ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ „ასტონ ვილადან“ ბელგიელი ნახევარმცველი, 28  წლის ლეანდერ დენდონკერი დაიმატა იჯარით, რომელიც ნეაპოლური გუნდის რიგებში სეზონის დასრულებამდე გამოვა, თუმცა ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ „ნაპოლის“ შეუძლია მისი გამოსყიდვა 9 მლნ ევროდ. ეს მეოთხე შენაძენია „ნაპოლის“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ფარგლებში სირილ ნგონჟის (18 მლნ ევრო), პასკუალე მაცოკის (3 მლნ) და ამედ ჯუნიორ ტრაორეს (იჯარით, 25 მლნ-ად გამოსყიდვის უფლებით) შემდეგ. „ნაპოლი“, აგრეთვე, აპირებს შეიძინოს „უდინეზეს“ მცველი, 23 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ნეუენ პერესი, რომლისთვისაც კლუბი 16+2 მლნ ევროს გადაიხდის.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მისი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2027 წლის ივნისამდეა მოქმედი. ხვიჩას წლიური ხელფასი 1,5 ევროა – გაცილებით ნაკლები, ვიდრე ვიქტორ ოსიმენისა, რომლის ხელფასი ახალი კონტრაქტით 10,9 მლნ ევროს უდრის.

ინტერნეტპორტალ Transfermarkt-ის ცნობით, ხვიჩას სატრანსფერო ფასი დაახლოებით € 80 მლნ-ია.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს – მამუკა ჯუღელს დაუპირისპირდა, რომელმაც ნიგერიელ თავდამსხმელთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული განცხადება გააკეთა.

სერია A-ს მორიგ, 22-ე შეხვედრას „ლაციოსთან“ „ნაპოლი“ ხვალ, 28 იანვარს სტუმრად გამართავს, თუმცა ამ მატჩს ხვიჩა გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო.

ნუცა ყაველაშვილი

სკანდალი „ნაპოლის“ ლიდერების გარშემო – ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს ვიქტორ ოსიმენი დაუპირისპირდა

სკანდალი „ნაპოლის“ ლიდერების გარშემო – ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს ვიქტორ ოსიმენი დაუპირისპირდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close