მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად თავისი გეი პარტნიორი დაასახელა – კიდევ რა ცვლილებებია მთავრობაში

საფრანგეთის ახალდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, 34 წლის გაბრიელ ატალმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. France 24-ის ინფორმაციით, ცვლილებები რამდენიმე მინისტრს შეეხო.

კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა კატრინ კოლონამ და პორტფელი ყოფილმა ევროპარლამენტარმა სტეფან სეჟურნემ (Stéphane Séjourné) ჩაიბარა. სეჟურნე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელი და ევროპარლამენტის ლიბერალური, პროევროპელი დეპუტატების ჯგუფის, „განაახლეთ ევროპის“ ლიდერია.

როგორც ფრანგული მედია წერს, საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი და საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე 6 წელი სამოქალაქო ქორწინებაში იყვნენ და ახლა ნაჩხუბრები არიან. მედია სეჟურნეს მოიხსენიებს, როგორც გაბრიელ ატალის ყოფილ პარტნიორს, იმის მიუხედავად, რომ მათ დაშორება საჯაროდ არასოდეს დაუდასტურებიათ – თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოსთვის გასული წლის ოქტომბერში მიწოდებულ ინფორმაციაში ატალმა თქვა, რომ პარტნიორი არ ჰყავს. საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებს ადგენს, რათა პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამოავლინოს.

საფრანგეთის ახალ კაბინეტში კულტურის მინისტრის თანამდებობა დაიკავა რაშიდა დატიმ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო (2007-2009 წწ.). საფრანგეთის ჯანდაცვისა და შრომის მინისტრად კატრინ ვოტრინი დაინიშნა, განათლების სამინისტროს კი ბიზნესვუმენი და ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი ამელი უდეა-კასტერა უხელმძღვანელებს, რომელიც 2022 წლის მაისიდან სპორტის მინისტრის პოსტს იკავებდა ყოფილი პრემიერის, ელიზაბეტ ბორნის სამთავრობო გუნდში.

საფრანგეთის პოლიტიკური სისტემის თანახმად, საერთო პოლიტიკას პრეზიდენტი ადგენს, ხოლო პრემიერ-მინისტრი კაბინეტის არჩევასა და მთავრობის ყოველდღიურ მართვაზეა პასუხისმგებელი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close