იანვრის მძიმე დღეები: მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი 1-31 იანვრისთვის
ახალი წლის პირველი თვე, როგორც ეს ზამთარს ახასიათებს, მაგნიტური ქარიშხლების სიმრავლით იქნება გამორჩეული, ნათქვამია სპეციალიზებულ პორტალ Meteoagent-ზე.
სპეციალისტების განმარტებით, ზამთარში დედამიწის მაგნიტოსფერო უფრო მგრძნობიარეა მზის ქარის მიმართ, რაც K-Index-ის გაზრდასა და, შესაბამისად, მაგნიტური ქარიშხლების გახშირებას იწვევს.
გამონაკლისი არც იანვარი იქნება. ახალი წლის პირველ თვეში რამდენიმე ძლიერი მაგნიტური აღშფოთება და ქარიშხალია მოსალოდნელი.
იანვრის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:
- 1-2 იანვარი – მოსალოდნელია 4-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი, რომელმაც შესაძლოა 5 ბალამდე აიწიოს;
- 8-9 იანვარი – მაგნიტური აღშფოთება 3 ბალს მიაღწევს, თუმცა ქარიშხალში არ გადაიზრდება;
- 23-24 და 26 იანვარი – დედამიწას კვლავ 4-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი დაფარავს.
თვის დანარჩენ დღეებში K-Index ორ ბალზე ზემოთ არ აიწევს.
რა არის მაგნიტური ქარიშხალი?
ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშობა. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევენ და მის მაგნიტურ ველს ცვლიან. რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.
განსაკუთრებული გაფრთხილება
ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციური მოშლა.
ამასთან, ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა ტემპერატურამაც აუწიოს.
ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება ძალიან აღგზნებული გახდეს, ყურადღება მოეშალოს, აგრესიული გახდეს, საშინაო დავალების შესრულება გაუჭირდეს.
თუ ამ პერიოდში მშობლები და პედაგოგები ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენენ, ანუ ვერ გაუგებენ მას, ბავშვის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.
როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
- შეძლებისდაგვარად ადრე დაწექით დასაძინებლად – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ორგანიზმს აღდგენაში ეხმარება და, ასევე, ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
- გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) საწოლიდან მკვეთრად არ უნდა წამოდგეთ;
- კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
- დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
- არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე, თამბაქოს მოწევა;
- საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
- მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
- ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
- კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას სხვა დროისთვის გადადებთ.
sputnik-georgia.com
კომენტარები