იტალიასაზოგადოება

იტალიაში ქრისტეშობის სცენას, რომელშიც იესო ორი დედითაა წარმოდგენილი, საშიში და მკრეხელური უწოდეს

იტალიაში ჯგუფ Pro-Vita & Famiglia-ს (Pro-Life and Family) აქტივისტებმა მკაცრად გააკრიტიკეს ეკლესიაში დადგმული „საშიში და მკრეხელური“ შობის სცენა, რომელშიც მარიამისა და იოსების ფიგურების ნაცვლად ჩვილი იესო ორი დედითაა წარმოდგენილი.

ონლაინპეტიციაზე, რომელიც აველინოს პროვინციის ეპისკოპოსს ჩარევისკენ მოუწოდებს, 21 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციაში ნათქვამია, რომ შობის ეს სცენა ეწინააღმდეგება კათოლიკური ეკლესიის სწავლებას ოჯახის შესახებ და აღიარებს ერთნაირსქესიან მშობლებსა და სუროგაციას.
ამის მიუხედავად, იესოს დაბადების ამსახველ სცენას მხარი დაუჭირა აველინოს პროვინციის ერთ პატარა სოფელში მოქმედი წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის მღვდელმა.

„ამ სცენით მინდოდა მეჩვენებინა, რომ აღარ არსებობენ მხოლოდ ტრადიციული ოჯახები“, − განაცხადა მამა ვიტალიანო დელა სალამ.
„ჩვენს სამრევლოებში სულ უფრო მეტ ბავშვს ვხვდებით, რომლებიც ახალი ტიპის ოჯახებიდან არიან. ეს ოჯახები ჩვენი საზოგადოების ნაწილია. ეს ბავშვები დაშორებული და განქორწინებული მშობლების, გეი-წყვილების, მარტოხელა ადამიანებისა და ახალგაზრდა დედების შვილები არიან“.

მამა დელა სალა, რომელიც იტალიაში ცნობილია იმით, რომ ლგბტ და მემარცხენე ძალების მიმართ სიმპათიით არის განწყობილი, ამტკიცებს, რომ მას პაპ ფრანცისკეს მსგავსი დამოკიდებულება აქვს, რომელმაც გასულ კვირას კათოლიკე მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვის უფლება მისცა.

სენატორმა მაურიციო გასპარიმ, რომელიც იტალიის თანამმართველი პარტია „ფორცა იტალიას“ (Forza Italia) წევრია, განაცხადა, რომ ეს სცენა „ყველა იმ ადამიანს შეურაცხყოფს, რომლებიც ყოველთვის პატივს სცემდნენ და ერთგულებას იჩენდნენ ოჯახის მიმართ“.

Pro-Vita & Famiglia-ს აქტივისტებმა შობის ამსახველ ამ სცენას „საშიში, სამარცხვინო და მკრეხელური“ უწოდეს. შობის სცენები ძირითადად კათოლიკურ ქვეყანაშია პოპულარული.

ბოლო წლებში ამ ქვეყნებში კულტურული ომები გახშირდა, რადგან საზოგადოება სულ უფრო და უფრო სეკულარული და მრავალკულტურული ხდება.

geo-first.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close