საფრანგეთმა ახალი, გამკაცრებული საიმიგრაციო კანონი მიიღო, რომელიც არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და მათთვის სოციალური დახმარების მიღების გართულებას ითვალისწინებს. ასევე, რთულდება მიგრანტების მიერ ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანა. კანონპროექტი საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევასაც ითვალისწინებს ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცველების წინააღმდეგ მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. ახალმა კანონმა მთავრობაში განხეთქილება გამოიწვია.
კანონპროექტი სენატსა და ეროვნულ ასამბლეაზე (საფრანგეთის პარლამენტი) მას შემდეგ განიხილეს, რაც ემანუელ მაკრონის პარტიამ ოპოზიციასთან კომპრომისი გამოძებნა. თავდაპირველი კანონპროექტი უფრო მკაცრს ზომებს განსაზღვრავდა, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში მის განხილვაზეც კი უარი თქვეს, ამიტომ თავდაპირველი დოკუმენტი შეიცვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პარტია კენჭისყრაზე მხოლოდ ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარინ ლე პენის მხარდაჭერის იმედად რჩებოდა.
ამ უკანასკნელმა კანონს „იდეოლოგიური გამარჯვება“ უწოდა, ჯანდაცვის მინისტრი ორელიან რუსო კი პირიქით, მკაცრი კანონის მიღების გამო პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა.
სხვა მინისტრებს გადადგომის თაობაზე განცხადება არ გაუკეთებიათ: შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი აცხადებს, რომ კანონპროექტი ფრანგებს დაიცავს და, ამავე დროს, ლეგალურად შემოსულ მიგრანტებსაც სარგებელს მოუტანს. მისი თქმით, რესპუბლიკის არცერთ პრეზიდენტსა თუ მთავრობას, არცერთ უმრავლესობას, არც ფრანსუა მიტერანს 1981 წელს არ უზრუნიათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. დარმანენის აზრით, ახლა დროა, დარეგულირდეს იმ მიგრანტების საკითხი, რომლებიც უკვე მუშაობენ. მომავალი წლიდან კიდევ 10 000 რეგულაცია შემოვა და ეს იქნება უმრავლესობის გამარჯვება.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ელიზაბეტ ბორნს, მან ახალ კანონს „აუცილებელი და სასარგებლო“ უწოდა.
ახალი საიმიგრაციო კანონი ადგენს, რომ საფრანგეთში უცხოელებისათვის სოციალური შეღავათების ხელმისაწვდომობა შემცირდება, ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის გამკაცრდება ქვეყანაში დარჩენის წესები. საფრანგეთში მიგრაციის კვოტები შემოვა და ქვეყანაში დაბადებული მიგრანტების შვილებისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება გართულდება. გარდა ამისა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ფრანგული პასპორტი ჩამოერთმევათ. გარდა ამისა, რიგი მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერის მიღებას უცხოელები მხოლოდ საფრანგეთში 5-წლიანი ცხოვრების შემდეგ შეძლებენ (ან მინიმუმ 30 თვის შემდეგ, თუ შრომითი ხელშეკრულება აქვთ).
ამავდროულად, ახალი კანონის თანახმად, ლეგალიზებას შეძლებენ ის უცხოელები, რომლებიც კანონიერი რეგისტრაციის გარეშე მუშაობდნენ იმ სექტორებში, სადაც მუშახელის დეფიციტია. ეს მიგრანტებს მუშაობას გაუადვილებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, კვება და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი.
ახალმა კანონმა საფრანგეთის მემარცხენეთა პროტესტი გამოიწვია. კომუნისტმა დეპუტატმა ელზა ფოსიიონმა თქვა, რომ საფრანგეთის მთავრობამ „იმავე იდეების გამოხატვა დაიწყო, როგორსაც ულტრამემარჯვენეები გამოხატავენ“, მიგრაციული შეზღუდვების სიმძიმის თვალსაზრისით აჯობა მეზობელ იტალიასაც, სადაც ხელისუფლებაში კონსერვატორები არიან. 50-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებით გამოხატეს აზრი, რომ ეს არის „ყველაზე რეგრესული კანონი ბოლო 40 წლის განმავლობაში“.
ნანა ძნელაძე
კომენტარები