მედიცინამსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნებმა 4 მლრდ ევროს ღირებულების 215 მლნ დოზა კოვიდვაქცინა გაანადგურეს – Politico

ევროკავშირის ქვეყნებში გამოუყენებელი დარჩა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ ცოტა, 215 მლნ დოზა, რომელიც პანდემიის პიკის დროს შეიძინეს. ამის შესახებ გამოცემა Politico-მ ორშაბათს, 18 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია. ამ ვაქცინების შეძენაზე, „პოლიტიკოს“ გათვლით, არანაკლებ 4 მილიარდი ევრო დაიხარჯა. 

კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საუბარია ძალიან მიახლოებით შეფასებაზე, რამდენადაც მონაცემები გამოუყენებელი ვაქცინების შესახებ ჟურნალისტებს მხოლოდ ევროკავშირის წევრმა 15-მა სახელმწიფომ წარუდგინა, 4 ქვეყნის მონაცემები კი ღია წყაროებიდან თავად მოიძიეს. ამას გარდა, Politico აღნიშნავს, რომ ვაქცინების შესასყიდი ფასები არ გაუმხელიათ.

შესაბამისად, გამოცემა ვარაუდობს, რომ სინამდვილეში კოვიდვაქცინების გამოუყენებელი დოზების რაოდენობა, რომლებიც უკვე ჩამოწერილია ან რომელთა უტილიზაციაც უახლოეს მომავალში მოხდება, გაცილებით მეტია. Politico-ს გათვლებით, საშუალოდ, ევროკავშირის ქვეყნებში ერთ მაცხოვრებელზე 0,7 დოზა ვაქცინა დაიკარგა (ესტონეთისთვის ეს მაჩვენებელი 1,1-ს უდრის, ირლანდიისთვის – 0,16-ს).

ვაქცინების ნაწილი, რომელიც მწარმოებელმა უკვე მიაწოდა მყიდველებს შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, გამოუყენებელი დარჩა კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ მათი დაბალი ეფექტიანობის გამო.

2020 წლის მეორე ნახევარში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინების დამტკიცების შემდეგ  ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად 1,5 მილიარდი დოზა შეიძინეს, რაც ევროკავშირის ერთ სულ მოსახლეზე სამ დოზას უდრის.

„პოლიტიკო“ იმასაც გვახსენებს, რომ ევროკავშირმა კორონავირუსის ვაქცინების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწარმოებელთან – კომპანია Pfizer-თან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. Pfizer-მა სასამართლოში უკვე შეიტანა სარჩელი პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, რომლებმაც ვაქცინების შესყიდვაზე უარი განაცხადეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close