„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ წააგო
ნეაპოლელები ტურინის „იუვენტუსთან“ დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით
8 დეკემბერს ტურინში გაიმართა იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის მატჩი „ნაპოლისა“ და „იუვენტუსს“ შორის, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – „იუვენტუსმა“ მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე გაიტანა გოლი „ნაპოლის“ კარში, რომელიც შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა, თუ არ ჩავთვლით ვიქტორ ოსიმენის მიერ თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილ გოლს.
„ნაპოლიმ“ თავიდანვე ძალიან აქტიურად დაიწყო თამაში, 28-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ხვიჩამ არაზუსტად დაარტყა, ბურთი კარს ააცილა და რეალური შანსი ვერ გამოიყენა. კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათიც მიიღო „იუვენტუსის“ მცველთან, ფედერიკო გატისთან მცირე ინციდენტის გამო. მეტოქე მას აუტის მოწოდებაში ხელს უშლიდა, კვარა გაბრაზდა და ზურგზე ბურთი მიარტყა. მსაჯმა მისი არასპორტული საქციელი უყურადღებოდ არ დატოვა და ქართველი ფორვარდი ყვითელი ბარათით „დაასაჩუქრა“.
პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში, 51-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მცველმა ფედერიკო გატიმ თავური დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა მერეტის კარში და „იუვენტუსი“ დაწინაურდა.
„ნაპოლი“ სულ შეტევაში იყო, ბურთის ფლობით მეტოქეს თითქმის 2-ჯერ სჯობნიდა, თუმცა საგოლე მომენტები ვერ შექმნა. 87-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს.
„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ დამარცხდა და 15 ტურის შემდეგ 24 ქულით მეხუთე ადგილზეა. ამ მოგებით კი „იუვენტუსმა“ ლიდერობა დაიბრუნა (36 ქულა), თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს“ (35 ქულა) ჯერ მე-15 ტურის შეხვედრა არ გაუმართავს – „ინტერი“ დღეს საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ შეხვდება.
„ნაპოლი“ მომდევნო, მე-16 ტურის მატჩს 16 დეკემბერს შინ, „სტადიო მარადონაზე“ გამართავს „კალიარისთან“. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება.
მანამდე კი, 13 დეკემბერს კვარაცხელიას გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „ბრაგას“ დაუპირისპირდება ასევე შინ, მარადონას სახელობის სტადიონზე. ჯგუფიდან გასვლისთვის „ბრაგას“ „ნაპოლისთვის“ 2-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება. ამჟამად C ჯგუფში მადრიდის „რეალი“ ლიდერობს 15 ქულით, მას 5 მატჩიდან 5-ვე მოგებული აქვს. მეორე ადგილზე 2 მოგებით, 2 ფრით (7 ქულა) „ნაპოლია“. მესამე ადგილზე „ბრაგაა“ (4 ქულა) ერთი მოგებით და ერთი ფრით. „უნიონ ბერლინს“ კი ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც აღარ დარჩა – მან 2 მატჩი ითამაშა ფრედ და 3 წააგო, ამიტომ მხოლოდ 2 ქულა აქვს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები