ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ამერიკაში ქუთაისელი „კანონიერი ქურდი“ და მისი დაჯგუფების კიდევ 3 წევრი დააკავეს ფულის გამოძალვის ბრალდებით

დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ ორი მუხლით, თითოეული მუხლი 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფულის გამოძალვის ბრალდებით ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

დაკავებულები არიან  41 წლის ვაჟა გაბადაძე, იგივე „ნათან იუსუფოვი“; 45 წლის კახა კაცაძე; 54 წლის თეიმურაზ თავბერიძე, იგივე „თავა“ და 53 წლის დავით ტიკარაძე, იგივე „დათო“. ყველა მათგანი ქუთაისიდანაა.

როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, ე. წ. „კანონიერი ქურდი“ ვაჟა გაბადაძე და მისი თანამზრახველები ფულის გამოძალვის მიზნით მსხვერპლს ფიზიკური ძალადობით ემუქრებოდნენ.

„დაახლოებით 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით გაბადაძე, კაცაძე, თავბერიძე და ტიკარაძე ჩართულები იყვნენ გამოძალვის სქემაში. გაბადაძე არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოთხივე დაკავებულს წაყენებული აქვს ორი ბრალდება: შეთქმულება გამოძალვის მიზნით და თანხის გამოძალვა. თითოეული ბრალდება მაქსიმუმ 20 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სასჯელის მაქსიმალურ ვადას ამგვარ საქმეზე კონგრესი განსაზღვრავს, ხოლო გადაწყვეტილებას თავისუფლების აღკვეთის ვადის თაობაზე მოსამართლე იღებს. ბრალდებულები უდანაშაულოდ ითვლებიან მანამ, სანამ მათი ბრალი არ დამტკიცდება.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close