საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრა შოტლანდიასთან გამართა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე და მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულა.
თამაში დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდი თავიდანვე აქტიურობდა, თუმცა პირველი ბურთი საქართველოს ნაკრებმა გაიტანა – ჩაკვეტაძის მიერ წამოწყებული შეტევა ხვიჩა კვარაცხელიას გოლით დაგვირგვინდა. ჩაკვეტაძემ ოთარ კაკაბაძეს გადააწოდა პასი, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში გააკეთა გადაცემა, იქ კი ხვიჩა კვარაცხელიამ მცველს დაასწრო, ვარდნაში დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0.
გოლი გუნდმა ზურიკო დავითაშვილის ახალდაბადებულ შვილს, დათის მიუძღვნა ძალიან შთამბეჭდავი პატარა პერფორმანსით (იხილეთ ვიდეოში, 2:10 წთ-ზე).
პირველ ტაიმში კიდევ შექმნა საქართველოს ნაკრებმა საგოლე მომენტები, მაგრამ შოტლანდიელთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სკოტ მაკტომინეის არც ისე ძლიერად დარტყმულ ბურთზე მეკარე გიორგი მამარდაშვილმა რეაგირება ვერ მოასწრო და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეტევა გააძლიერა. 56-ე წუთზე რეალური საგოლე მომენტიც შეიქმნა – ლევან შენგელიამ საჯარიმო ძალიან კარგად დარტყმა პირდაპირ კარში, თუმცა ბურთი მეკარემ მოიგერია. მალევე გიორგი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი ლამაზი გოლით დაგვირგვინდა და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა – 2:1
შეხვედრის ბოლოს შოტლანდიის ნაკრებმა საქართველოს მთელი ძალით შეუტია, მცდელობამ ნაყოფი გამოიღო და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე საქართველოს კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ნახეთ ხვიჩას 2 გოლი და შეხვედრის სხვა საუკეთესო მომენტები:
საქართველოს ნაკრები 7 თამაშიდან 8 ქულით (2 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება) ჯგუფში მეოთხე (ბოლოდან მეორე) ადგილზეა. ლიდერობს ესპანეთი 18 ქულით, რომელსაც 6 მოგება და მხოლოდ ერთი წაგება აქვს. შოტლანდია 16 ქულით მე-2 ადგილზეა (5 მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება). მას მოსდევს ნორვეგია 10 ქულით,. ბოლო, მე-5 ადგილზე კი კვიპროსის ნაკრებია 0 ქულით – კვიპროსს 8-ვე მატჩი აქვს ჩატარებული და ყველა შეხვედრაში დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრებთან გამართავს (23:45 სთ).
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები